Thumbnail

ბაზაძის ტრიუმფი ალჟირში - სანდრომ მსოფლიოს თასზე გაიმარჯვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ალჟირში ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიოს თასზე სანდრო ბაზაძემ გაიმარჯვა
  • სანდრომ ზედიზედ 6 მეტოქე დაამარცხა, მათ შორის ფინალში იტალიელი სამელე

ალჟირის მსოფლიოს თასზე ხმლით მოფარიკავეთა ტურნირი სანდრო ბაზაძემ მოიგო, რომელმაც ფინალში იტალიელ ლუიჯი სამელეს 15:13 აჯობა. სანდროს სუპერ 2022 წელი გამოუვიდა - იანვარში მან პირველად მოიგო მსოფლიოს თასი და ეს თბილისში გააკეთა, ივნისში ანტალიაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ივლისში ქაიროში - მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა, ახლა კი მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებული მეორედ გახდა. 

სანდრო ბაზაძე ალჟირული ტიტულით

ბაზაძე, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში მე-2 ნომერი იყო, ძირითადი ბადიდან (1/32 ფინალი) დაიწყო ასპარეზობა, მეორე განთესვით 63-ე განთესვის ეგვიპტელ მაზენ ელარაბის შეხვდა და 15:10 დაამარცხა. შემდეგ ეტაპზე მან იტალიელი მიკელე გალო იმავე ანგარიშით დაამარცხა. მე-3 წრეში სანდრომ ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს მოუგო - 15:9. 

¼ ფინალში ქართველი მოხმალავის მეტოქე სამხრეთკორეელი ბონგილ გუ იყო, რომელიც სანდრომ ძალიან დიდი სხვაობით დაამარცხა - 15:3. ნახევარფინალში სანდრო ბაზაძემ დაძაბულ ორთაბრძოლაში კიდევ ერთი ეგვიპტელი, ზიად ელსისი დაამარცხა - 15:13. აღსანიშნავია, რომ პირველ ნომრად განთესილი სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი პირველივე წრეში დამარცხდა. პირველ საკვალიფიკაციო წრეში იასპარეზეს ვახტანგ არჩვაძემ და გოგა კაკაურიძემ, თუმცა ისინი ძირითად ბადეში ვერ მოხვდნენ. 

12 ნოემბრის მდგომარეობით სანდრო ბაზაძეს რეიტინგში 175 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა, ხოლო უნგრელი არონ სილაგი 178 ქულით ლიდერია.  

კომენტარები

ბოლო ამბები