Thumbnail

ნოემბრის ტესტების მეორე მატჩში საქართველოს ნაკრებმა სამოას უმასპინძლა და 19:20 დამარცხდა. ეს ამ გუნდების მე-6 დაპირისპირება იყო, "ბორჯღალოსნები" აქამდე მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ, ეს კი შორეულ 2003 წელს იყო. ასე რომ, ლევან მაისაშვილის გუნდმა სამოასთან 19-წლიანი პაუზის მერე პირველად წააგო. ამ წაგების შემდეგ ნაკრები რეიტინგშიც დაქვეითდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბ შარიქაძემ და ლევან მაისაშვილმა სამოასთან დაპირისპირება შეაფასეს და მსაჯის შეცდომებზეც გაამახვილეს ყურადღება.

...მერაბ შარიქაძე მსაჯზე: თამაშის განმავლობაში მსაჯმა რამდენიმე უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. იმედია ნახავენ ამ შეხვედრის ჩანაწერს სადაც საჭიროა. წესებში წერია, რომ შემტევის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა დამცველზე მოდის და რაც არ უნდა მოხდეს კისერში ბოჭვა არ უნდა გაკეთდეს. ჩვენთვის ეს წესი რატომღაც არ მოქმედებდა. ეს ის მსაჯია, რომელმაც საფრანგეთთან მატჩი იმსაჯა. კარგი იქნებოდა ისეთი მაგრები ვყოფილიყავით მსაჯიანად მოგვეგო, მაგრამ ასეთი მაგრები ვერ აღმოვჩნდით.

...ლევან მაისაშვილი მსაჯსა და მატჩზე: მსაჯმა რამდენიმე საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა. სამწუხაროდ წესები ისე იცვლება, რომ ორმაგი სტანდარტი ძალიან ბევრია და მსაჯზე ვერც აქცენტს გავაკეთებთ და ვერც ანალიზს. მიუხედავად ყველაფრისა, თამაშის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე 6 ქულას ვიგებდით და ოდნავ ყურადღებით რომ ვყოფილიყავით აუცილებლად მოვიგებდით. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათზე ვერაფერს ვიტყვი. ახლა ერთმანეთთან გვაქვს სასაუბრო, რომ საკუთარი შეცდომები გამოვასწოროთ. რამდენჯერმე შეგვეძლო ეპიზოდის უკეთ დასრულება, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ და შედეგი სახეზეა. გუშინაც ავღნიშნე, რომ იტალიასთან მარცხის მიუხედავად სამოა ძალიან ძლიერი გუნდია და დღეს ეს ყველამ დაინახა“.

კარგი სასწავლი თამაში იყო. პირველ ტაიმში მეტოქეს რამდენიმე საჩუქარი მივეცით და მათ ეს გამოიყენეს. ჩვენ ორჯერ ვიყავით მეტოქის 22-ში იქიდან უქულოდ გამოვედით. მეორე ტაიმში დავლაგდით და დომინაციაც გვქონდა. რაგბი არ არის განუსაზღვრელი რაოდენობის შანსები და როდესაც ქულების აღების შანსი გაქვს, ის უნდა გამოიყენო. თუმცა, თუ არ თამაშობ შეცდომებს არ უშვებ და ამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ.

... ქუნთელიას დებიუტზე: ქუნთელიას ვულოცავ დებიუტს. ის ძალიან კარგად შემოვიდა, სტატიკურ ფაზებში კარგად იდგა და ლელოც გაიტანა. ის ჯერ ახალგაზრდაა და დარწმუნებული ვარ დიდი მომავალი ელოდება.

...უელსის შესახებ: უელსი რა გუნდია ყველამ იცის. საინტერესოა ჩვენთან თამაშისთვის შემადგენლობაში როტაციას თუ განახორციელებენ. ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ სამოა ასეთ შეცდომებს არ გვაპატიებდა. უელსს კიდევ უფრო უკეთ შეუძლია შეცდომების გამოყენება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა შინ 34:18 დაამარცხა ურუგავის ნაკრები. შემოდგომის სერიის ბოლო მატჩს ნაკრები კარდიფში უელსთან 19 ნოემბერს გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები