Thumbnail

საქართველოს ნაკრების კალათბურთელები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში იტალიასთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურნენ. თბილისი არენაზე დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი თამაშის შესახებ გიორგი შერმადინმა და მიხეილ ბერიშვილმა ისაუბრეს.

გიორგი შერმადინი: დავიწყებ იმით, რომ ისლანდიაში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, იტალიასთან კი ორმაგად მნიშვნელოვანი მატჩია. მეტოქეს ის შემადგენლობა არ ჰყავს, რომელიც წინა შეხვედრაში დაგვიპირისპირდა, თუმცა, მაინც იტალიაა. მსოფლიოს ჩემპიონატს ძალიან ცოტაღა გვაშორებს და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. მართალია, ვარჯიშებისთვის მცირე დრო გვქონდა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მომავალ მატჩს ყველანაირად მომზადებულები შევხვდებით. კარგი იქნება, თუკი დარბაზიც გაივსება და ქომაგები ჩვეულად ომახიანად გვერდში დაგვიდგებიან”.

მიხეილ ბერიშვილი: იტალია ძალიან ძლიერი ნაკრებია, თუმცა, შანსი გვაქვს, მათთან მოგებით მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ უფრო მივუახლოვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და გულშემატკივრებს დარბაზში მოსვლისკენ მოვუწოდებ, რადგანაც ბილეთები ჯერ კიდევ გაყიდვაშია. ისლანდიასთან მოგებით იმ ღამით ძალიან გავიხარეთ, თუმცა, უკვე სრულად იტალიასთან თამაშზე ვართ გადმორთულები. მათ რამდენიმე დღის წინ ესპანეთთან მხოლოდ ოვერტაიმში წააგეს და ცხადია, რომ ურთულესი მეტოქე იქნება.

გიორგი შერმადინი ნაკრების ვარჯიშზე
📷 | საქართველოს კალათბურთის ფედერაცია

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო L ჯგუფში 4 მოგებითა და 3 მარცხით მე-3 ადგილზეა, რაც მსოფლიოს პირველობაზე გასვლის უფლებას იძლევა. პირველ-მეორე პოზიციებს, შესაბამისად, 6 და 5 გამარჯვებით, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი და იტალია ინაწილებენ. ქართველი კალათბურთელები იტალიელებთან მატჩს 14 ნოემბერს თბილისში ჩაატარებენ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ იტალიის ნაკრებთან სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 84:91 წააგო.

L ჯგუფი

ესპანეთი (6-1), იტალია (5-2), საქართველო (4-3), ისლანდია (4-3), უკრაინა (2-5), ნიდერლანდები (0-7)

14 ნოემბერი: ესპანეთი-ნიდერლანდები, საქართველო-იტალია, უკრაინა-ისლანდია
23 თებერვალი: ისლანდია-ესპანეთი, ნიდერლანდები-საქართველო, იტალია-უკრაინა
26 თებერვალი: უკრაინა-ნიდერლანდები, საქართველო-ისლანდია, ესპანეთი-იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები