Thumbnail
  • გარეთ საუთგეიტმა საკუთარ პრინციპებს წელს პირველად უღალატა
  • ნაკრები მისგან სიახლეს ითხოვს, რის გარეშეც კამპანიას წარუმატებლობა ელის
  • ჰარი კეინი ყველა დროის რეკორდის გადაწერას კატარის მინდვრებზე შეეცდება

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გარეთ საუთგეიტის სანაკრებო მომავალი წელს, კატარის სიცხეში გადაყწდება. ბოლო მუნდიალზე ნაჩვენები შედეგის, ნახევარფინალის გაუმჯობესება ინგლისელმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლით შეძლო, თუმცა წელს საუთგეიტის გუნდისგან ყველა მინიმუმ იგივეს ელის - ფინალზე ნაკლები შედეგი ნაკრების სტაგნაციად შეფასდება.

„ვიცი, რომ ჩემი სამუშაო მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი გამოსვლით შეფასდება...“ - ამბობს საუთგეიტი, - „ძალიან ქედმაღალი ვიქნები, თუ ვიფიქრებ, რომ ჩემი კონტრაქტი მოსალოდნელი გათავისუფლებისგან დამიცავს.“ - ნაკრების მთავარ მწვრთნელს ფეხბურთის ასოციაციასთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.

მუნდიალის საკვალიფიკაციო რაუნდი ინგლისმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა, რასაც ვერ ვიტყვით ერთა ლიგის ჯგუფზე, რომელიც ბოლო ადგილზე დაასრულა. თუ ბოლო წლებში გუნდის ეტაპობრივი პროგრესი მუდმივად შესამჩნევი იყო, წელს ამ მხრივ პირველი კითხვები გაჩნდა - განსაკუთრებით უნგრეთთან სახლში წაგებული მატჩის (0:4) შემდეგ.

შეიძლება ითქვას, რომ საუთგეიტმა ერთა ლიგა ექსპერიმენტებისთვის გამოიყენა, რაშიც ვერ დავადანაშაულებთ, რადგან დღის ბოლოს ამ ტურნირის მოგება არც ინგლისში აინტერესებს ვინმეს და არც თუნდაც თანაჯგუფელ გერმანიაში.

ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ახალ სათამაშო სისტემებზე გადაწყობა მოთამაშეთა ტრავმიანობის მიხედვით მუდმივად ცვლადი პროცესი იყო. ეს მეტწილად ერთა ლიგის მატჩებზე აისახა, მაგრამ ბოლოს გერმანიასთან, "უემბლიზე" ნაჩვენებმა თამაშმა (3:3) ინგლისის გარშემო არსებულ პრობლემებს თითქოს პასუხი გასცა.

დაცვის ხაზში ცუდი ამბებია, მუნდიალზე ვერ წავლენ ძირითადი ბირთვის განაპირა მცველები, ჩელსის - ბენ ჩილუელი და რის ჯეიმსი. კაილ უოკერიც ტრავმის გამო ბოლომდე ფორმაში ვერ არის, ხოლო ჰარი მაგუაირი მსოფლიო ფეხბურთის „მიმად“ არის ქცეული. ტომორი არ წაიყვანეს და დაცვის ცენტრში დატოვებულ ორმოს ჯონ სტოუნსი და "სპურსში" ბოლო დროს გამცველებული ერიკ დაიერი ავსებენ.

ნახევარდაცვის ცენტრში, ინგლისი ჯუდ ბელინგემის და დეკლან რაისის იმედზეა. ევრო 2020-ის გმირს - კალვინ ფილიპსს სექტემბრიდან მოყოლებული 53 წუთი აქვს ნათამაშები, ხოლო ლივერპულის მუდმივად როტაციაში მყოფი კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი ისევ ისეთი მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლად რჩება.

სავარაუდოდ, შედარებით მეტ დროს მიიღებს ჩელსის კონორ გალაჰერი, რომელიც საუთგეიტს ძალიან მოსწონს, თუმცა კრისტალ პალასიდან ჩელსიში დაბრუნების შემდეგ, სათამაშო დრო დიდად არც მას აქვს.

წინა ხაზს უცვლელად ჰარი კეინი ლიდერობს, ნაკრების კაპიტანი, რომელმაც წინა მუნდიალი ჩააგდო, მაგრამ მაინც ტურნირის ბომბარდირი გახდა - ეს პარადოქსი წელს ალბათ აღარ განმეორდება, ჰარი თუ გაიტანს, გაიტანს როგორც ნაკრების მთავარი გამწევი ძალა და 2018-ისგან განსხვავებით, მისი გატანილი გოლების გუნდის შედეგებსაც განსაზღვრავს.

ნაკრების კაპიტანს ეროვნული გუნდის მაისურით 51 გოლი დაუგროვდა და უეინ რუნის ყველა დროის რეკორდამდე მხოლოდ 2 გოლი აშორებს. ალბათ მოსალოდნელია, რომ ამ რეკორდს კეინი სწორედ კატარის მოედნებზე გადაწერს.

შემადგენლობის გამოცხადების შემდეგ, ნაკრების გარშემო ყველაზე დიდი სკანდალი ალბათ მუნდიალზე ბრენტფორდის აივან ტოუნის არწაყვანა იყო. საუთგეიტმა კეინის დასაზღვევად ნიუკასლის კალუმ უილსონს უხმო.

მოულოდნელობა გახდალთ ასევე ჯეიმს მედისონის შემადგენლობაში მოხვედრა, რაზეც მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ლესტერის ათიანის გუნდში ყოფნა, მას შეტევის გასაძლიერებლად მეტ შესაძლებლობას აძლევს.

კეინთან ერთად, მთავარი დატვირთვა ფლანგის შემტევებზე წამოვა, რაც საუთგეიტის ფორმაციის ნაკრებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია - ფილ ფოდენის და ბუკაიო საკას თამაშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ შეიძლება პირველი მატჩები რაჰიმ სტერლინგსაც დააწყებინოს, თუმცა კულმინაციას ყველა სწორედ ამ ორი მოთამაშისგან ელის.

საუთგეიტის პირობა, რომ ნაკრებში მოხვდებოდნენ მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც ფორმაში იყვნენ, 2016 წლის შემდეგ წელს პირველად დაირღვა. 2018-ის მუნდიალზე და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდი იმ ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, რომლებიც შემადგენლობაში ყოფნას 100%-ით იმსახურებდნენ. წელს ვხედავთ, რომ ეს პრინციპი დარღვეულია, შემადგენლობაში კალვინ ფილიპსის ყოფნა და შემადგენლობის მიღმა ჯეიმს ვარდ-პროუსის დატოვება ამისი კარგი მაგალითია. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჰარი მაგუაირის და ფიკაიო ტომორის შემთხვევაშიც, რომელიც, რატომ დარჩა შემადგენლობის მიღმა, ძნელი სათქმელია.

ინგლისის ნაკრების მუნდიალებზე გამოსვლის ისტორიას თუ გადავხედავთ, 1966 წლის შემდეგ ორი თარიღია მნიშვნელოვანი - ბობი რობსონის 1990 წლის მუნდიალი და 2018-ში საუთგეიტის გუნდის ნაჩვენები შედეგი.

1990 წელს, რობსონის ნაკრები ჯგუფში ჩარჩენისგან მუნდიალზევე მოფიქრებულმა ტაქტიკურმა ცვლილებამ იხსნა - გუნდში მარკ რაიტის სახით ლიბერო გაჩნდა და ამით ნაკრებმა საკუთარი თამაშის პოვნა შეძლო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პოლ გასკოინს წინ მეტი თავისუფლება მიეცა. ხოლო 2018-ში ინგლისი დიდ ტურნირს ახალი თაობის გუნდით, სრულიად ახალი განწყობით და ფსიქოლოგიური მდომგარეობით შეხვდა - ამ გუნდის მთავარი პლუსიც სწორედ ეს იყო, სულ თუ არაფერი, პლეი ოფში პენალტების სერიის მოგება შეძლეს, რაც ინგლისელებისთვის თითქმის ტურნირის მოგებას უდრიდა.

რობსონი თუ იმ შედეგამდე (ნახევარფინალი) ეტაპობრივად მიდიოდა, საუთგეიტის შემთხვევაში ძნელი სათქმელია, ჩავლილი აქვს თუ არა ამ გუნდის პიკს მის ხელში. რობსონმა ევროპის ჩემპიონატებზე ჩავარდნებს შორის 1986 წლის მუნდიალიც ითამაშა და მექსიკის ქაოტურ ტურნირზე მისკენ ჯერ დიეგოს "ღმერთის ხელი", შემდეგ კი "საუკუნის გოლი" დაიძრა. საუთგეიტმა ამ გუნდით რუსეთში ნახევარფინალი, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე ფინალი ითამაშა, თავისი მიდგომით ეს გუნდიც ტრიუმფატორ, თუმცა შემდეგ ჩაძირულ 1970 წლის ფორმაციის რამსის ნაკრებს ჰგავს.

1966 წლის ჩემპიონი გუნდი მაშინ ალფ რამსიმ ფასადურად შეალამაზა - საყრდენზე ნორბერტ სტაილსის ნაცვლად ალან მალერი დააყენა, თუმცა ბირთვში დიდად არაფერი შეცვალა. გერმანიასთან პლეი ოფში ჯერ მცველის შემოყვანისთვის დაისაჯა, ხოლო თავის თილისმას - ჯეფ ჰერსტს მოედანზე 120 წუთი გაატარებინა. ასეთ პრაგმატულ-სიჯიუტეშია გადაზრდილი გარეთის ერთ დროს პროგრესულად დაწყებული საქმე, რაც განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შესამჩნევი გარდაქმნაა.

წელს, საუთგეიტის მთავარი ამოცანა ამ გუნდის სპორტული კუთხით სწორად გამართვაა. ინგლისს ამ ეტაპზე აღარ სჭირდება მხოლოდ კარგი ფსიქოლოგი მწვრთნელი და სოციალურ საკითხებზე მზრუნველი მასწავლებელი; ინგლისს ამ ეტაპზე აღარ სჭირდება მწვრთნელი, რომელიც გუნდს კარგად განაწყობს, მაგრამ თასი მაინც სხვას დარჩება; ეს გუნდი წელს „თამაშის მწვრთნელს“ ითხოვს, ნაკლებად პროგნოზირებადს, მეტად ენერგიულს და მეტად განსწავლულს - ისეთს, როგორიც საუთგეიტი აქამდე არ ყოფილა.

შემოიტანს წელს ინგლისი მუნდიალზე ახალ ინტრიგას? იმედია. რადგან ორი, ან ოთხი წლის წინანდელი მეთოდებით წარმართულ კატარის კამპანიას წარუმატებლობა ელის - საუთგეიტის მცდელობას, რომ რამე შეცვალოს, 21 ნოემბერს, ჯგუფის პირველ მატჩში, ირანის წინააღმდეგ ვნახავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები