Thumbnail

რა ახლოს ვიყავით საოცრად ემოციურ, ისტორიულ გამარჯვებასთან! რა ახლოს...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში მორიგი მატჩი იტალიასთან ჩაატარა და 84:85 დამარცხდა. საგულისხმოა, რომ ქართველ კალათბურთელებს აპენინელებთან 11-ვე გასული თამაში წაგებული ჰქონდათ და ნავსი ვერც ამჯერად გატეხეს. შედეგად, იტალია მსოფლიოს პირველობაზე გავიდა, საქართველოს კი მთავარი ბრძოლები ჯერაც წინ ელის.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეულში გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი გამოჩნდნენ ანუ იგივე შემადგენლობა იყო, რომელმაც ისლანდიაში მოგებული თამაში დაიწყო.

თამაში ამედეო ტესიტორის ზედიზედ 5 ქულით გაიხსნა, რასაც უკვე ქართველთა გაქცევა მოჰყვა და სანაძის, შერმადინისა და ცინცაძის ზუსტი შეტევების შემდეგ, წინ უკვე საქართველო იყო. ამის მერე, ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა, მეოთხედის ბოლოს იტალიამ დაცვაში უკეთ ითამაშა და ხუთქულიანი სხვაობა დაიბევა - 19:24. სტუმართა უპირატესობა ძირითადად პერიმეტრიდან კარგ თამაშზე იდგა: 11-დან 6 ზუსტი სამქულიანი.

გიორგი შერმადინმა თამაში 14 ქულით დაასრულა

მე-2 მეოთხედის სტარტზე ნიკო მანიონიმ კიდევ ერთი შორეული ტყორცნა მიითვალა და ჩამორჩენა უკვე თვალსაჩინო გახდა. კიდევ კარგი, მომდევნო წუთები საქართველოს ნაკრების იყო. პერიმეტრიდან ცინცაძემ კიდევ ერთხელ იყოჩაღა, იტალიელებმა ტექნიკური ფოლებიც მიიღეს და სანაძის სამქულიანის შემდეგ, ტაბლოზე უკვე თანაბარი ანგარიში იყო - 27:27. 

თამაშის ხასიათი არ იცვლებოდა. იტალია ჯიუტად ესროდა სამქულიანებს და რაც მთავარია, ამ მხრივ ყველაფერი რიგზე ჰქონდა, საქართველოს კი შეტევების ორგანიზება მაინც უჭირდა. გასაგებ მიზეზთა გამო, სტუმრები განსაკუთრებით ყურადღებით შენგელიას დარაჯობდნენ, მასზე ორმაგი და ზოგჯერ სამმაგი დაცვაც იყო გადასული, რამაც თოკოს ხელფეხი შეუბოჭა: პირველ ტაიმში 5 დაკარგვა და ერთადერთი ქულა ამის გამოძახილი იყო.

რატი ანდრონიკაშვილს დაცვაში რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა

საბოლოოდ, იტალიამ ტაიმი 3 ქულის სხვაობით (43:40) მოიგო და იმ პროცენტის გათვალისწინებით, რომლითაც მეტოქე პერიმეტრიდან უტევდა, ეს კიდევ კარგი ვარიანტი იყო. პოცეკოს ბიჭებმა დიდ შესვენებამდე 20-დან 10 სამქულიანი გამოიყენეს და სხვაობაც სწორედ ამის წყალობით ეჭირათ. კარგი ის იყო, რომ ფაქტობრივად სირენასთან ერთად, შორიდან მაკფადენმაც ჩააგდო (თამაშში პირველი სამქულიანი) და გუნდს მუხტი შეუნარჩუნა.

მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რომ შესვენების შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა იტალიელთა ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანიონი, მის გარეშე კის სტუმრებს წამყვანი უკანახაზელი მოაკლდათ. იტალია უპირატესობას მაინც ინარჩუნებდა, ნავსი კი მეოთხედი მიწურულს გატყდა, როდესაც მაკფადენის სამქულიანს შენგელიას ფარქვეშ შესვლა მოჰყვა და მასზე დაჯარიმდნენ კიდეც - 58:57. სამწუხაროდ, მალევე ტომაზო ბალდასომ მორიგი სამქულიანი ჩააგდო და ბოლო ათწუთეულის წინ, მაინც იტალია იგებდა.

დუდა სანაძემ ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა

როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაფერი ბოლოსკენ გადაწყდა, როდესაც საკუთარი ქულები შენგელიამაც ჩააგდო, მიშა ბერიშვილმა კი ისევ უმნიშვნელოვანეს მომენტში გაიბრწყინა და ზედიზედ 2 სამქულიანი მიითვალა. საქართველოს ნაკრები 5 ქულითაც კი დაწინაურდა (74:69), თუმცა, იტალიამ მომდევნო ორ წუთში 3 სამქულიანი გამოიყენა და ტაბლოზე 76:80 აინთო. ამ დროს თამაშის დასრულებამდე მხოლოდ 1:18 წუთი რჩებოდა.

თორნიკე შენგელიამ სხვაობა ორ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ჯამპაოლო რიჩიმ ისევ შორიდან ჩააგდო (იტალიელთა მე-16 სამქულიანი) და სტუმრები მოგებას ძალიან მიაახლოვა. ბოლო წამებზე ბერიშვილის კიდევ ერთი სამქულიანის წყალობით, სხვაობა მინიმალური გახდა და ჯარიმის შემდეგ, ალესანდრო პაიოლამ ორივე ტყორცნა ააცილა. ქართველებს ბოლო შეტევისთვის 6 წამი რჩებოდათ, თუმცა, შენგელიამ სროლა ვერ მოასწრო და საფინალო სირენაც გაისმა.

მიხეილ ბერიშვილმა იტალიელებს 3 სამქულიანი ჩაუგდო

დღესვე, ჩვენთვის საინტერესო L ჯგუფში უკრაინის ნაკრებმა ლატვიის დედაქალაქ რიგაში ისლანდიას უმასპინძლა და 79:72 მოიგო. ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში, გვიან ღამით, ლიდერი ესპანეთი აუტსაიდერ ნიდერლანდებს დაუხვდება და უდიდესი ალბათობით, მორიგ გამარჯვება იზეიმებს, მანამდე კი, სატურნირო ცხრილში ასეთი ვითარება გვაქვს.

ლიდერები ევრობასკეტის ტრიუმფატორი ესპანეთი და იტალია არიან 6-6 გამარჯვებით, საქართველოსა და ისლანდიას 4-4 მოგება შერჩათ, შემდეგ კი, უკრაინა (3) და ნიდერლანდები (0) მოდიან. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა, ამდენად, მთავარი ბრძოლები გაისად იქნება.

ჯანმარკო პოცეკომ მაგრად ინერვიულა

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ილიას ზუროსის შეგირდები გაისად 23 თებერვალს ჯგუფის აუტსაიდერ ნიდერლანდებს ესტუმრებიან, 26-ში კი თბილისში ისლანდიასთან მატჩია დაგეგმილი. მიიღებს თუ არა საქართველო ისტორიულ საგზურს, დიდი ალბათობით, სწორედ ბოლო შეხვედრაში გადაწყდება.

საქართველო 84:85 (19:24, 21:19, 18:17, 26:25) იტალია

საქართველო: მაკფადენი (37 წ. 13 ქ. 5 მ.), სანაძე (33 წ. 14 ქ. 4 მ. 3 პ. 3 ჩ.), შენგელია (34 წ. 15 ქ. 4 მ. 6 პ.), შერმადინი (30 წ. 14 ქ. 9 მ.), ცინცაძე (24 წ. 11 ქ.); ანდრონიკაშვილი (16 წთ. 4 ქ. 3 მ.), ბერიშვილი (13 წ. 11 ქ.), ბექაური (6 წ. 2 ქ.), ბოქოლიშვილი (3 წ. 2 ქ.), ჯინჭარაძე (9 წ.).

L ჯგუფი

ესპანეთი (6-1), იტალია (6-2), საქართველო (4-4), ისლანდია (4-4), უკრაინა (3-5), ნიდერლანდები (0-7)

23 თებერვალი: ისლანდია-ესპანეთი, ნიდერლანდები-საქართველო, იტალია-უკრაინა
26 თებერვალი: უკრაინა-ნიდერლანდები, საქართველო-ისლანდია, ესპანეთი-იტალია

კომენტარები

ბოლო ამბები