Thumbnail

ფრანგულმა კლუბმა შამბერი სავოიე მონ ბლანმა კარიერაში პირველი პროფესიული კონტრაქტი გაუფორმა ქართველ ლეგიონერ ნიკოლოზ კალანდაძეს. 20 წლის ნიკოლოზმა შამბერისთან ხელშეკრულება 2025 წლამდე გააფორმა. კალანდაძე შამბერიში 16 წლის ასაკიდანაა. 2019 წელს მან ერთწლიანი კონტრაქტი სარეზერვო გუნდთან გააფორმა, რომელიც შემდეგ 3-წლიანით შეიცვალა. ბრწყინვალე პროგრესის დამსახურებით ის უკვე პროფესიულ გუნდშია, სადაც 27 ნომერი მაისურით ითამაშებს, ნიკოლოზი 198 სმ. სიმაღლის მარცხენა მცველია. 

ამ სეზონში კალანდაძემ პირველი გუნდის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 28 გოლია. 

ნიკოლოზ კალანდაძე: "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შამბერისთან პროფესიული ხელშეკრულება მაკავშირებს, ეს ჩემთვის დიდებული მომენტია - შამბერი დიდი კლუბია. გულშემატკივრები მუდამ მხარს გვიჭერენ და "ლე პარში" მუდამ საოცარი ატმოსფეროა. მიხარია, რომ შესაძლებლობა მომეცა, კლუბს მომავალშიც გამოვადგე".

ერიკ მატემ, შამბერის სარეზერვო გუნდის თავკაცმა აღნიშნა, რომ ამაყობს მისი მიღწევით: "ეს დიდხნიანი ინვესტიციაა, რომელმაც გაამართლა, მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის ასაკში უცხოელი, უცხო კულტურაში დგამდა პირველ ნაბიჯებს. მან წარმატებას მიაღწია, რადგან ჩვენ მისი ყოველთვის გვჯეროდა". 

ნიკოლოზ კალანდაძე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ლიდერია, ის წარსულში ცნობილი ხელბურთელის, ახლა კი ეროვნული ნაკრების თავკაცის, ტიტე კალანდაძის ვაჟია.  

შამბერი სავოიე მონ ბლანი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ლიგა სტარლიგაში ასპარეზობს. 9 ტურის შემდეგ 10 ქულით შამბერი მე-6 პოზიციაზეა. 11 ნოემბერს კალანდაძის გუნდი შინ გიორგი ცხოვრებაძის მონპელიესთან 30:31 დამარცხდა. ქართული დუელი არ შედგა, კალანდაძემ კი ითამაშა, მაგრამ ნაკრების ლიდერი ცხოვრებაძე ტრავმირებულია. მონპელიე 16 ქულით მე-3 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები