Thumbnail
  • ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო
  • “ფურია როხას” ნომრების გამოქვეყნებას დისკუსიები მოჰყვა

ესპანეთის ნაკრებმა ორშაბათს ლას როსასში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის (20 ნოემბერი - 18 დეკემბერი) მზადება დაიწყო. მანამდე, “ფურია როხას” მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს მიერ გამოცხადებულ სამუნდიალე შემადგენლობას ესპანეთში დიდი დისკუსიები მოჰყვა, რადგან ბარსას ყოფილი მწვრთნელი რადიკალურ ცვლილებებზე წავიდა.

სერხიო ბუსკეტსი ერთადერთი ფეხბურთელია ესპანეთის ნაკრების განაცხადში იმ გუნდიდან, რომელიც 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ამასთან, ლუის ენრიკეს გუნდში კიდევ მხოლოდ 5 ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც მუნდიალზე თამაშის გამოცდილება აქვთ - დანი კარვახალი, მარკო ასენსიო, ჟორდი ალბა, კოკე და სესარ ასპილიკუეტა.

ლუის ენრიკე საკმაოდ რადიკალურ ცვლილებებზე წავიდა

სხვა მხრივ, ლუის ენრიკე აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს. თუკი ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ სამი 23-წლამდელი ფეხბურთელი იყო, ახლა “ფურია როხაში” უკვე ასეთი რვა მოთამაშეა: გავი, პედრი, ანსუ ფატი, ნიკო უილიამსი, იერემი პინო, ერიკ გარსია, ფერან ტორესი და უგო გილამონი. ესპანეთის ნაკრების საშუალო ასაკი 25,6 წელია - იბერიელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, აშშ-ის ნაკრების (25,2 წელი) შემდეგ ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ. ამაზე უფრო ახალგაზრდული გუნდი ესპანეთს მხოლოდ 1934 წლის მუნდიალზე ჰყავდა - მაშინ “ფურია როხას” საშუალო ასაკი ზუსტად 25 წელი გახლდათ.

ლუის ენრიკეს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ კატარში დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნაიტედი), სერხიო რამოსი (პსჟ) და ტიაგო ალკანტარა (ლივერპული) არ წაიყვანა. განსაკუთრებით ამ ორ უკანასკნელზე უარის თქმით ის რისკზე წავიდა.

ესპანეთში ასევე დისკუსიებია ფეხბურთელების ნომრების გამოც. განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ მე-8 და მე-10 ნომრებზე - პირველი კოკეს აქვს, მეორე - ასენსიოს. 8 ნომერი კოკეს 4 წლის წინაც ჰქონდა, უბრალოდ, ფანები კოკესთვის 8-იანის მიცემას უდიდეს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ, რადგან მანამდე “ფურია როხაში” რვიანი თვით ჩავი იყო. ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრებს ერჩივნათ, რომ 8 და 10 ნომერი, რომელიც 2018 წელს ტიაგო ალკანტარას ჰქონდა, წელს ბარსელონას ტოპ-ტალანტებისთვის, პედრისთვის და ანსუ ფატისთვის მიეცათ. სხვათა შორის, პედრის ბარსაში სწორედ ჩავის 8 ნომერი აქვს, ხოლო ანსუ ფატის კი - მესის 10. მსოფლიოს ჩემპიონატზე ანსუ ფატი 25-ე ნომერი, ხოლო პედრი კი 26-ე ნომერი იქნება…

ბოლო მატჩებშიც, ასენსიო ათიანი იყო, ხოლო გავი კი 9 ნომერი

უცნაურია ისიც, რომ კლასიკური ცენტრფორვარდისთვის განკუთვნილი მე-9 ნომერი (2018 წელს ხერარდ მორენოს ჰქონდა) ახლა ბარსელონას ნახევარმცველ გავის აქვს.

ესპანეთის ნაკრები მუნდიალის წინ ბოლო ტესტ-მატჩს ხუთშაბათს, იორდანიასთან გამართავს. ლუის ენრიკეს გუნდს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი მატჩი 23 ნოემბერს ელის კოსტა რიკასთან, მეორე 27-ში გერმანიასთან, ხოლო ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა კი - პირველ დეკემბერს, იაპონიასთან.

ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ნომრების მიხედვით

1 - რობერტ სანჩესი
2 - სესარ ასპილიკუეტა
3 - ერიკ გარსია
4 - პაუ ტორესი
5 - სერხიო ბუსკეტსი
6 - მარკოს ლორენტე
7 - ალვარო მორატა
8 - კოკე
9 - გავი
10 - მარკო ასენსიო
11 - ფერან ტორესი
12 - ნიკო უილიამსი
13 - დავიდ რაია
14 - ხოსე გაია
15 - უგო გილამონი
16 - როდრიგი
17 - იერემი პინო
18 - ჟორდი ალბა
19 - კარლოს სოლერი
20 - დანი კარვახალი
21 - დანი ოლმო
22 - პაბლო სარაბია
23 - უნაი სიმონი
24 - ემერიკ ლაპორტი
25 - ანსუ ფატი
26 - პედრი

კომენტარები

ბოლო ამბები