Thumbnail
  • ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
  • მან ასევე თქვა, რომ ნაპოლი ერლინგ ჰაალანდის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ "კორიერე დელო სპორტთან" ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ნეაპოლელები ქართველი ფეხბურთელით დაინტერესებული მაშინაც იყვნენ, როცა ნაპოლის კარლო ანჩელოტი წვრთნიდა (2018-2019 წლებში).

ჯუნტოლიმ ასევე გააკეთა კომენტარი კვარასთან კონტრაქტის შესაძლო განახლებასა და პირობების გაუმჯობესებაზე, რაზეც აღნიშნა, რომ ამისთვის ორივე მხარეს საკმარისი დრო აქვს.

"კვარაცხელიაზე ფიქრი ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის პერიოდში დავიწყეთ. თავიდან ყაზანის რუბინმა 30 მილიონი მოითხოვა და უკან დავიხიეთ. შემდეგ უკრაინაში დაწყებულმა ომმა მისი ღირებულება შეცვალა და დინამო ბათუმში ხვიჩას გადასვლის შემდეგ ტრანსფერი დავხურეთ. კონტრაქტის გახანგრძლივება? კვარას აგენტებთან კონსოლიდირებული ურთიერთობები გვაქვს და ერთმანეთთან ვისაუბრებთ. ერთმანეთს პატივს ვცემთ, წინ კიდევ ოთხნახევარი წელი გვაქვს", - თქვა ჯუნტოლიმ.

ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ ერლინგ ჰაალანდი ნაპოლიში ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ნორვეგიელმა ფორვარდმა დორტმუნდის ბორუსიაში გადასვლა ამჯობინა: "ჩემი კარიერის მთავარი სინანული ჰაალანდს უკავშირდება. ზალცბურგთან კონტრაქტი უკვე შეთანხმებული იყო, ისინი თანახმა იყვნენ 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტრანსფერზე. თუმცა, ჰაალანდმა დორტმუნდი აირჩია".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ სეზონის პირველი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარა: ლუჩანო სპალეტის გუნდი სერია A-ში 41 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ მილანს 8 ქულით უსწრებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/8-ფინალში ფრანკფურტის აინტრახტს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები