Thumbnail

ფუტსალი | ლიგა 2-ს ოთხი ტურის შემდეგ ახალი ლიდერი ჰყავს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ყოფილი ლიდერი გორი დამარცხდა და პირველი ადგილი დაკარგა
  • ლიგა 2-ის მე-4 ტურის ოთხ მატჩში 24 გოლი გავიდა

გორსა და თბილისში ფუტსალის ლიგა 2-ის 2022/23 წწ. სეზონის მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა. სატურნირო ცხრილის ლიდერების, გორისა და ევროპის უნივერსიტეტი 2-ის დაპირისპირება EU2-ის სასარგებლოდ დასრულდა და ჩემპიონატში სწორედ ეს უკანასკნელი გალიდერდა.

გორელებმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი საკუთარ კედლებში, გორის სპორტის სასახლეში, იწვნიეს. სტუდენტები საწყის წუთებში ორი ბურთით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა ჩამორჩენა მეთექვსმეტე წუთზე შეამცირეს. ტაიმის ბოლომდე EU2-მა უპირატესობა კვლავ გაზარდა (4:1). მეორე ნახევარში გორმა მეტოქეს კიდევ ერთი გოლით უპასუხა, მაგრამ საბოლოოდ 5:2 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში პირველობა დაკარგა.

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ქუთაისი 2-მა  საქართველოს უნივერსიტეტთან 2:1 იმარჯვა. პირველი ნახევარი UG-ის მინიმალური უპირატესობით დასრულდა (1:0). თამაშის განახლებიდან ორ წუთში იმერლებმა წონასწორობა აღადგინეს და მალევე დაწინაურდნენ, რის შემდეგაც შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა.

13 ნოემბერს ტური თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაგრძელდა. უხვგოლიანი დაპირისპირება სპორტუნისა და წალენჯიხას შორის, წალენჯიხას სასარგებლოდ 7:3 დასრულდა. ანგარიში თავიდანვე მეგრელებმა წაიყვანეს და ტაიმის ბოლოს ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ. სტუდენტებმა მეორე ნახევარი კარგად დაიწყეს და წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და საბოლოოდ ჩამორჩენა სოლიდური გახდა.

მეოთხე ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს პრინციპული მეტოქეები შეხვდნენ. დაძაბული სტუდენტური დერბი ილიაუნი 2-სა და თსუ 2-ს შორის ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩში ანგარიში მეთოთხმეტე წუთზე ილიაუნის სასარგებლოდ გაიხსნა. მეორე ტაიმის სტარტზე თსუ-მ წონასწორობა აღადგინა. ილიაუნის მეკარემ, ბექა გოგსაძემ, რომელიც გუნდის ბომბარდირია, საჯარიმო დარტყმა გამოიყენა და ანგარიში 2:1 გახდა, მაგრამ ერთწუთიან ინტერვალში საპასუხო გოლიც მიიღო და მატჩი ფრედ დასრულდა.

ფუტსალის ლიგა 2-ის მეხუთე ტურის შეხვედრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 19 ნოემბერს გაიმართება.

12.11.2022. ფუტსალის ლიგა 2. IV ტური

გორი 2:5 ევროპის უნივერსიტეტი 2

გოლები: 0:1 ხაბალაევი (3), 0:2 გაბეხაძე (4), 1:2 ადუაშვილი (16), 1:3 ხაბალაევი (19), 1:4 ქსოვრელიშვილი (20), 2:4 ქურციკიძე (26), 2:5 ხაბალაევი (40).

ქუთაისი 2 2:1 საქართველოს უნივერსიტეტი

გოლები: 0:1 ლაბაძე (10), 1:1 თ.ხაჭაპურიძე (22), 2:1 პიჩუგინ (25).

13.11.2022. ფუტსალის ლიგა 2. IV ტური

სპორტუნი 3:7 წალენჯიხა

გოლები: 0:1 მელანაშვილი (9), 0:2 ჩალიგავა (10), 0:3 ჯოლოხავა (18), 1:3 ექსეულიძე (18), 2:3 ექსეულიძე (21), 3:3 ბუზიაშვილი (23), 3:4 ჯოლოხავა (27), 3:5 ჩალიგავა (28), 3:6 ჩანგელია (29), 3:7 ხაფავა (29).

თსუ 2 2:2 ილიაუნი 2

გოლები: 0:1 მაისურაძე (14), 1:1 ლაგაზშვილი (24), 1:2 გოგსაძე (31), 2:2 გეგეშიძე (32).

IV ტურის სიმბოლური ნაკრები

 

კომენტარები

ბოლო ამბები