Thumbnail

საბურთალოს მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელიც ვილი სანიოლმა მაროკოსთან ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში პირველად გამოიძახა, კარიერას დონეცკის შახტარში გააგრძელებს. 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად სანაკრებო მატჩის შემდეგ უნდა გამოცხადდეს, იქამდე კი უკრაინული მედია გიორგის შესახებ წერს.

სხვათა შორის, გიორგი გოჩოლეიშვილის მიმართ, რომელიც საბურთალოს აღზრდილია, ცოტა ხნის წინ ინტერესს ვალენსიასაც მიაწერდნენ. ახლა კი ირკვევა, რომ ქართველ მცველს უკრაინაში გადაბარგების შანსი ზაფხულშიც ჰქონდა, თუმცა მაშინ ტრანსფერს ხელი ომმა შეუშალა. 

საბურთალოს მცველმა უკრაინელები ზაფხულში დააინტერესა 
📷 | fcsaburtalo

"ზაფხულში გიორგი გოჩოლეიშვილი დნიპრო 1-ში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, - აცხადებს უკრაინელი ჟურნალისტი იგორ ციგანიკი. - ვიცი, რომ კლუბი სერიზოულად ინტერესდებოდა ამ ფეხბურთელით და წინადადებით საბურთალოსაც მიმართა. როგორც ჩანს, შეთანხმება არსებობდა კლუბთანაც და თავად ფეხბურთელთანაც, მაგრამ ბოლო მომენტში თავად მოთამაშემ ომის შიშით თქვა უარი გადასვლაზე. თავიდან თანახმა იყო, მაგრამ შემდეგ უკრაინაში წასვლა გადაიფიქრა. ახლა ვხედავთ, რომ ამ ფეხბურთელს შახტარი მიუბრუნდა. 

შახტარს სჩვევია ასეთები. ვიღაც რაღაცას აღმოაჩენს, შემდეგ კი შახტარი ცდილობს ამით სარგებლობას. ასეთია კლუბის საქმიანობა და სათქმელი აქ აღარაფერია. რამდენადაც ვხვდები, მათ უკვე გაიფორმეს ეს ფეხბურთელი. ზამთრიდან გოჩოლეიშვილი დონეცკის შახტარის მარჯვენა მცველი გახდება. ამ პოზიციაზე არის პრობლემები. გოჩოლეიშვილი სწრაფი ფეხბურთელია, ძალიან კარგი დრიბლინგით, თუმცა არცთუ ბევრ ქართველ ფეხბურთელს გამოუჩენია თავი უკრაინაში". 

გიორგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველად მიიწვიეს
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელიც აქამდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა, მიმდინარე სეზონში საბურთალოს ღირსება ეროვნული ლიგის 30 შეხვედრაში დაიცვა და თავი 4 გატანილი გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები