Thumbnail
  • ვისკონსინ ჰერდი 137:112 მოტორ სიტი კრუიზი
  • კეპიტალ სიტი გოუ-გოუ 145:123 კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსი

NBA-ს განვითარების ლიგაში (G ლიგა) მორიგი მატჩები გამართეს სანდრო მამუკელაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა. პირველმა გამარჯვება იზეიმა, მეორე კი დამარცხდა.

მილუოკი ბაქსის 23 წლის ფორვარდმა, რომელიც ვისკონსინ ჰერდშია განათხოვრებული, თავის გუნდს შინ მოტორ სიტი კრუიზთან გაამარჯვებინა - 137:112. მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. 

სანდრო თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. მამუკელაშვილმა 6-იდან 2 სამქულიანი, ხოლო 8-იდან 6 ორქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი ვერ გამოიყენა. მეტოქის ფარიდან ბურთი 3-ჯერ მოხსნა, საკუთარზე - 8-ჯერ. მის ანგარიშზე ასევე თითო ჩაჭრა და დაფარებაა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორჯერაც დაჯარიმდა.  

ვისკონსინელებმა მეტოქეს მხოლოდ პირველი პერიოდი დაუთმეს, რომელიც 22:30 დათმეს, ამის შემდეგ კი ანგარიშში წინ გასვლა მოახერხეს და თამაშის ბოლომდე უპირატესობას მხოლოდ ზრდიდნენ. 

აღსანიშნავია, რომ ვისკონსინ ჰერდი მოტორ სიტი კრუიზს ზედიზედ მეორედ ეთამაშა და ამჯერადაც მოუგო. სანდროს გუნდს 3-3 მოგება-წაგება აქვს და G ლიგის ცენტრალურ დივიზონში მესამეა. ჰერდს მომდევნო შეხვედრის ჩატარება კი 18 ნოემბერს, გასვლაზე მოტორ სიტი კრუიზთან უწევს.

გიორგი ვეჟანიშვილი კეპიტალ სიტისთან დამარცხდა

გიორგი ბეჟანიშვილის კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა, რომელიც ატლანტა ჰოუკსის სარეზერვო გუნდია, სეზონის მეორე თამაში სტუმრად კეპიტალ სიტისთან დათმო. ბეჟანიშვილმა სათადარიგოთა სკამიდან ითამაშა, მოედანზე გატარებულ 26 წუთში კი ოთხ-ოთხი ქულა, მოხსნა და პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. 24 წლის ფორვარდმა პერიმეტრიდან ორივეჯერ ააცილა, მისი 3 ორქულიანიდან კი 2 ზუსტი აღმოჩნდა. ბეჟანიშვილის ანგარიშზე 2 პერსონალური ფოლია.  

კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსს 3 მოგება და 2 მარცხი აქვს და G ლიგის აღმოსავლეთ დივიზიონში მე-4 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას კი 21 ნოემბერს, შინ ვესტჩესტერთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები