Thumbnail

მარცხი 44 კგ-ით მსუბუქ მეტოქესთან - ტოჩინოშინი ისევ უარყოფით ბალანსზეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა სასურველი ჩავლების აღება ვერ მოახერხა და დოჰიოდან გაიყვანეს
  • ტოჩინოშინს წლის დასკვნით სუპერტურნირზე 2 გამარჯვება და 3 წაგება მოუგროვა

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე კიუშუს ბაშოზე დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით ირჯება, მე-3 მარცხი განიცადა.

წლის დასკვნითი სუპერტურნირის მე-5 დღეს ტოჩინოშინი დასავლეთისვე მე-10 მაეგაშირა ჩიიოშომას გაეჯიბრა და ოკურიდაშით წააგო.

აღსანიშნავია, რომ მეტოქეებს შორის ფიზიკური მონაცემების მხრივ სხვაობა თვალსაჩინო იყო. 35 წლის ქართველი 31 წლის მონღოლზე 9 სმ-ით მაღალი და რაც მთავარია, 44 კგ-ით მძიმე გახლავთ, თუმცა, ჩიიოშომამ მოხერხებულობის წყალობით იმარჯვა.

მონღოლმა სეკიტორმა ლევანს სასურველი ჩავლების აღების საშუალება არ მისცა, შემდეგ ზურგის მხრიდან მოექცა და ჩვენებურის დოჰიოს მიღმა გაყვანა არ გასჭირვებია.

ამგვარად, ტოჩინოშინი ისევ მინიმალურ უარყოფით ბალანსზე გავიდა, მომდევნო ორთაბრძოლას კი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ონოშოს წინააღმდეგ გამართავს, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 2-2 მოგება-წაგება გააჩნია.

📺 ჩიიოშომა V ტოჩინოშინი

კომენტარები

ბოლო ამბები