Thumbnail
  • მაქს ფერსტაპენმა ქომაგებს მიმართა, რომ მისი ოჯახის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ
  • ინციდენტი სან პაოლოს გრან პრიზე მოხდა, როცა ფერსტაპენმა პერესს ადგილი არ დაუთმო

აბუ დაბის გრან პრიმდე რედ ბულის გუნდმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისინი მათი მრბოლელის მისამართით გაგზავნილ მესიჯებს გმობენ. მოკვლით დამუქრება და სიძულვილის ენა ეს იყო იმ მესიჯების შინაარსი, რომელიც მაქს ფერსტაპენმა სან პაოლოს გრან პრის შემდეგ მიიღო.

ფერსტაპენმა ჩემპიონის ტიტული რამდენიმე რბოლით ადრე გაინაღდა, ხოლო მისი თანაგუნდელი სერხიო პერესი მეორე ადგილისთვის იბრძვის. პერესის მთავარი კონკურენტიც ფერარის მრბოლელი შარლ ლეკლერია. სან პაოლოს გრან პრის ბოლო წრეზე ფერსტაპენმა პერესი არ გაატარა და დამატებითი 2 ქულის აღების საშუალება არ მისცა, რის გამოც პერესს ლეკლერი გაუთანაბრდა და ახლა ორივეს 290-290 ქულა აქვთ.

''ყველაფერი, რასაც მედიაში ვკითხულობდი, ამაზრზენი იყო. ბოლო რბოლის შემდეგ ჩემზე ძალიან ბევრი ცუდი დაწერეს და მათ ნამდვილი ინფორმაცია არ ჰქონდათ. ყველანი თავს დამესხნენ, მაგრამ წერილები ჩემმა დამ, დედაჩემმა, მამაჩემმა და ჩემმა შეყვარებულმაც მიიღეს.

თქვენ ჩემს ოჯახს თავს ვერ დაესხმებით. თქვენ არც იცით, რა ხდებოდა სინამდვილეში. საწყენია, როცა ცუდი არაფერი გაგიკეთებია და ასეთ სიტუაციაში ხარ. აუცილებლად უნდა შეწყდეს მუქარები, თუ ჩემთან გაქვთ პრობლემა, გასაგებია, მაგრამ ჩემს ოჯახს თავი დაანებეთ, ეს მიუღებელია'', - განაცხადა ფერსტაპენმა.

მედია წერს, რომ ფერსტაპენი პერესზე მონაკოს გრან პრის გამო იყო გაბრაზებული, სადაც მაქსის აზრით, პერესმა კვალიფიკაციის დროს განზრახ იასპარეზა ცუდად.

''გუნდმა ბრაზილიაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. არ გვქონდა გათვალისწინებული ბოლო წრეზე შექმნილი სიტუაცია და რბოლამდე ასეთი სცენარის სტრატეგია არ გაგვითვალისწინებია. მაქსს გუნდის მოთხოვნა მხოლოდ ბოლოს აცნობეს, თან ყველა საჭირო ინფორმაციის გარეშე. ფერსტაპენს მოქმედებისთვის ცოტა დრო ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა. სპორტში და საზოგადოებში ასეთი აგრესიის ადგილი არ არის. სავალალოა, რომ ფერსტაპენის ოჯახის წევრებმა ასეთი მესიჯები მიიღეს'', - ვკითხულობთ რედ ბულის განცხადებაში.

აბუ დაბის გრან პრი 2022 წლის 20 ნოემბერს გაიმართება და ამით ფორმულა 1-ის 2022 წლის სეზონი დაიხურება. რედ ბულს შანსი აქვს, რომ ისტორიაში პირველად მათი ორი მრბოლელი პირველ და მეორე ადგილებზე გავიდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები