Thumbnail

'ფეხბურთელები მზად არ იყვნენ, I ტაიმი ცუდი იყო' - სანიოლი მაროკოსთან მარცხზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

საქართველოს ნაკრებმა მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში 11-თამაშიანი წაუგებელი სერია დაასრულა, ვილი სანიოლის გუნდი ყველა ასპექტში დამარცხდა მუნდიალის მონაწილე მაროკოსთან - 0:3. 

მატჩის შემდეგ თამაშზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააიკეთა:

საქართველოს ნაკრებმა კარგი წელიწადი 0:3 მარცხით დაასრულა
📸 | ეროვნული ნაკრები

...განსხვავებული მოტივაციები: "დღეს ვეთამაშეთ ნაკრებს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის განსაკუთრებული მოტივაციით ემზადება. ჩვენი ფეხბურთელები მზად არ იყვნენ უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად, თუმცა მათ ვერ დავადანაშაულებ. მათთვის ახლა დასვენების პერიოდი იწყება, მაროკო კი მსოფლიო თასზე გაემგზავრა". 

...მარცხის მიზეზებზე: "ბევრი ფეხბურთელი გვაკლდა, ითამაშეს ახალწვეულებმა. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდი იყო, მეორე - უკეთესი, გოლის გატანის რამდენიმე შანსიც გვქონდა. მარტის თამაშებისთვის, ფეხბურთელები უფრო მეტად მოემზადებიან. არ არის იოლი, როდესაც საქართველოდან ჩამოდიხარ და განსხვავებული კლიმატური პირობებია მოსამზადებლად. ამიტომ, არ მინდა დღეს ზედმეტად ნეგატიური ვიყო". 

...მარტში სულ სხვა ნაკრები იქნება: "რა თქმა უნდა, გვაქვს სამუშაო და რაღაცები შესაცვლელი. წარმატებული წლის შემდეგ, როდესაც ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა და გუნდიც ბოლომდე იხარჯებოდა, დღევანდელი მარცხი განსაკუთრებით საწყენია. დარწმუნებული ვარ, მარტში განსხვავებულად წარმოვაჩენთ საკუთარ თავს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს 29 მარტს, საკუთარ მოედანზე, ნორვეგიის წინააღმდეგ ითამაშებს. წლის სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრამდე ჩვენი გუნდი რამდენიმე დღით ადრე ამხანაგურ თამაშს გამართავს. მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

ბოლო ამბები