Thumbnail
  • პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 107:109 ბრუკლინ ნეტსი
  • კევინ დურანტმა 35 ქულა ჩააგდო და ჯორდანის მიღწევა გაიმეორა
  • ბრუკლინისთვის ეს გამარჯვება შეიძლება გარდამტეხი იყოს

კევინ დურანტისთვის ეს სეზონი კარგი ნამდვილად არ არის - ჯერ ტრეიდს ითხოვდა, მერე მწვრთნელი გაუშვეს და თვითონ დარჩა, გუშინ კი მიზეზებზე ილაპარაკა და ყველა გააკრიტიკა. თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე KD-მ შეძლო და NBA-ში სწორედ ამ სეზონში გაიმეორა მიღწევა, რომელიც კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანს 34 წლის წინ ჰქონდა. პორტლენდთან 109:107 მოგებულ მატჩში დურანტმა 35 ქულა ჩააგდო, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის მე-16 თამაშშიც მინიმუმ 25 ქულა დააგროვა.

სეზონში ასეთი სტარტი ბოლოს სწორედ ჯორდანს ჰქონდა 1988/1989 წლების სეზონში, ჩიკაგო ბულსში. დურანტს შეუძლია, ჯორდანის მიღწევა გააუმჯობესოს, თუკი მომდევნო მატჩშიც (შინ მემფისთან) მინიმუმ 25 ქულას ჩააგდებს, მაგრამ აბსოლუტური რეკორდის დამხობა ფაქტობრივად შეუძლებელია: საქმე ისაა, რომ უილტ ჩემბერლენს 1961/62 წლებში, რეგულარული სეზონის ყველა, 80-ივე მატჩში მინიმუმ 25 ქულა ჰქონდა…

ამასთან, რაკი დურანტმა ეს მატჩი 35 ქულით დაასრულა, NBA-ს ისტორიაში გახდა მე-19 კალათბურთელი, რომელმაც კარიერაში 26 000-ქულიანი ზღვარი გადალახა.

ნეტსისთვის ეს მე-16 თამაშში მე-7 გამარჯვება გახლდათ, ტრეილ ბლეიზერსისთვის კი - მე-15 თამაშში მე-5 მარცხი. პორტლენდი დასავლეთ კონფერენციაში ლიდერია. ბრუკლინი აღმოსავლეთში მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები