Thumbnail
  • პორტუგალიას თავის ისტორიაში საუკეთესო თაობა ჰყავს
  • ფერნანდუ სანტუში დაცვის მწვრთნელია და შემტევი თამაში არ ეხერხება
  • მას ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ ბევრი პრობლემაც აქვს

ამ პორტუგალიის ნაკრებზე ფერნანდუ სანტუშის სახე მახსენდება. სასოწარკვეთილი, ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა და სახეზე ისეთი სტრესი ეწერა, რომ გამარჯვება აღარც უხაროდა. სანტუშის ეს გამომეტყველება თურქეთთან მუნდიალის პლეი ოფის ძლივს მოგებული ნახევარფინალის შემდეგ მახსოვს.

პორტუგალიელთა მწვრთნელის ემოციები გასაგებია. ის ქვეყნის "ოქროს თაობას" წვრთნის, ასეთი გუნდი ამ პატარა და ძალიან საფეხბურთო ქვეყანას სულ მცირე ეუსებიოს შემდეგ არ ჰყოლია და სახლში, ლისაბონში, იმ თურქეთთან წვალობს, რომელიც ფარერებთან დამარცხდა და ლუქსემბურგთან ფრე ითამაშა.

პორტუგალია საფეხბურთო ევროპისთვის ყოველთვის ეგზოტიკა იყო. ეუსებიოს დიდი გუნდი ლეგენდად ვიცით. ასევე ვიცით, რომ ბენფიკა იმ პერიოდში ევროპულ ფეხბურთში დომინანტი გრანდი იყო და იმ ბენფიკას ფუნდამენტზე პორტუგალიის ნაკრებმა თითქმის საჩემპიონო გუნდი გააკეთა. ეს ბენფიკაც და პორტუგალიაც მხოლოდ ფრაგმენტებად და მომენტებად გვაქვს ნანახი. ამიტომ, მის რეალურ ძალაზე მსჯელობა რთულია. ამის შემდეგ, თითქმის 40 წელი, პორტუგალიას ჰყავდა კარგი გუნდები და აქა-იქ კარგი ფეხბურთელები, თუმცა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე გასვლაც კი სანატრელი ჰქონდა.

მუნდიალის ყველა ფავორიტის წარდგენა

ეს სიტუაცია, 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში, პორტუგალიის ახალმა დიდმა თაობამ შეცვალა. მანუელ რუი კოშტას და ლუიშ ფიგუს სახელები ყველას გვსმენია. ევროპის 2000 წლის ჩემპიონატზე მათი პორტუგალია ჩემპიონატის მთავარი ხიბლი იყო. მერე მათ ახალგაზრდა კრიშტიანო და მოურინიოს პორტუს ხალხიც დაემატა და ლუზიტანები პლეი ოფის უცვლელი მონაწილეები გახდნენ. საშინაო ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ფინალი წააგეს, მუნდიალის ნახევარფინალამდე კიდევ ერთხელ მივიდნენ (2006) და 2016 წელს ისტორიაში პირველი დიდი ტრიუმფი, ევროპის ჩემპიონობაც იზეიმეს. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ავხსნა - ისტორიულად, პორტუგალიის გრანდობა ფრაგმენტული ამბავია ხოლმე და პერიოდულად, რომელიმე კარგ თაობას უკავშირდება. ეს კრიშტიანოს ხელში იყო, რომ პორტუგალია დიდი ტურნირების და პლეი ოფების მუდმივი მონაწილე გახდა.

ახლა სანტუშს, შეიძლება, პორტუგალიის ისტორიაში ყველაზე მაგარი თაობა ჰყავს. პრემიერლიგაში გრანდი არაა, 2-3 პორტუგალიელი ვარსკვლავი რომ არ ჰყავდეს. მარტო შეტევაში კი არა, დაცვაშიც მაგარი ბიჭები გამოჩდნენ. ისეთი გუნდია, პსჟ-ს რენატო სანჩესი 26 კაცში ვერ ხვდება, დიოგო ჟოტას ტრავმას კი თითქოს ვერც ვამჩნევთ. ეგ კი არა, კაცმა არ იცის, რაფაელ ლეაო ძირითადში თუ მოხვდება. ბრუნო ფერნანდეში, ბერნარდო სილვა, ლეაო, ჟოაო კანსელო, რუბენ დიაში - ფორმის პიკში არიან. ეს ბიჭები კიდევ ითამაშებენ, თუმცა პორტუგალიას სხვა ფაქტორი აქვს. ამ თაობისთვის ეს ბოლო ტურნირია, კრიშტიანოსთან ერთად თამაში რომ უწევთ. ასეთი სახელები პორტუგალიას მართლა არ ჰყოლია და შეიძლება, კიდევ ერთი 50 წელი არ ჰყავდეს. სახელებით და შემადგენლობით ევროპაში, საფრანგეთის გარდა, პორტუგალიას ალბათ ვერც შეადარებ ვერავის.

თუმცა, ფეხბურთს სახელები არ იგებს. ბუკმეიკერები პორტუგალიის შანსებს უფრო ნაკლებად აფასებენ, ვიდრე შიდა ჩემპიონატის ფეხბურთელებით გატენილი ნიდერლანდებისას. ზემოთ თურქეთთან წვალება ვახსენე - სახლში სწრაფი 2:0-ის შემდეგ, თურქეთთან ამ გუნდმა თამაში და ინიციატივა დათმო, ჯერ ერთი გაუშვა, შემდეგ კი თურქეთმა ბოლო წუთებზე პენალტი ვერ გაიტანა. პორტუგალია მაგრად გადარჩა და სანტუშის განცდებიც გასაგები იყო. ამ გუნდით მუნდიალზე რომ ვერ გასულიყო, შეიძლება ლისაბონში სახალხოდ გაესამართლებინათ.

ამასთან, თურქეთთან პორტუგალია იმიტომ მოხვდა, რომ მანამდე სახლში ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა სერბეთთან წააგო და მეორე ადგილზე გავიდა. ორიოდე თვის წინ სანტუშის გუნდმა სახლში ესპანეთთან წააგო და ერთა ლიგის პირველი ადგილიც დათმო. საერთოდაც, ბოლო სამ თამაშში ორი წაგება აქვს. ამ ჯადოქრული სახელების მიუხედავად, თამაში შესაბამისი მაინც არ არის. ეს პორტუგალია უფრო წვალობს, ვიდრე თამაშობს.

ეს ყველაფერი ფერნანდო სანტუშის ბრალია. ამიტომ, იმედი მაქვს, სტატიის პირველივე აბზაცში მოყვანილი სცენის შემდეგ, სანტუში არ შეგეცოდათ. ზოგადად, პორტუგალიას თავისი სათამაშო იდენტობის პრობლემა აქვს. ეს პრობლემა რომ გაიგოთ, მცირე ისტორიული ექსკურსი დაგვჭირდება.

სადღაც წამიკითხავს, პორტუგალიას "ევროპის ბრაზილიელები“ შეარქვესო. მართლა ჯადოსნურად ფიგუს და რუი კოშტას პორტუგალია თამაშობდა. 2000 წელს ერთი მაგარი თამაში იყო - მაშინ ეს ნუნუ გომეშები და ჟოაო პინტუები ისე ძალიან თითქოს არ ჩანდნენ. ჩემთვის ამ თამაშით გამოჩნდნენ. ევროპის ჩემპიონატის პირველივე მატჩში ინგლისმა თამაშის სტარტზე ორი გაუტანა და ამის მერე პორტუგალიამ ის ფეხბურთი ითამაშა, აგერ 22 წლის შემდეგაც რომ მახსოვს და გიყვებით. მაგიით, გრაციით და ჯადოქრობით 3:2. მთელი ინგლისი თავისი ბექჰემებით ბურთს უშედეგოდ დასდევდა. ერთ-ერთი საუკეთესო თამაში იყო, რაც ოდესმე მინახავს.

ამის მერე უკვე სკოლარის გუნდია: კლასით, ტექნიკით და არტისტიზმით ისევ გამორჩეული, მაგრამ ამავე დროს მოჭიდავე, მებრძოლი - დაცვიდან თამაში და პლეი ოფებში 0:0 და პენალტები რომ არ ერიდება, ისეთი. ჯადოქრობას და მაგიას ამ გუნდზე ვეღარ იტყვი. ეს პორტუგალია იყო, 2006 წელს ნიდერლანდებთან რეკორდული ჩეხვა რომ მოაწყო და იმ ბრიყვ რუს მსაჯს 16 ყვითელი და 4 წითელი ამოაღებინა. ‘ნიურნბერგის ბრძოლა’ - ის თამაში ისტორიაში ამ სახელით შევიდა.

ზოგადად, პორტუგალიელებს დაცვიდან თამაშიც ეხერხებათ, ბრძოლაც და უხეშობაც. ამ ფონზე მოდის გუნდში 2014 წელს ფერნანდუ სანტუში. მას თავისი კარიერის 12 წელი საბერძნეთში აქვს გატარებული - გუნდებშიც და მერე 4 წელი ნაკრებს წვრთნიდა. კლასიკური ბერძნული 0:0 მაგის მოგონილია. აი, ორივე გუნდი რომ ერთდროულად დაცვიდან თამაშობს და ერთ გოლზე მეტი არ გადის, ასეთია კლასიკური ბერძნული თამაში. ოტო რეჰაგელის საბერძნეთი ვისაც ახსოვს, მიხვდება, რასაც ვამბობ. სანტუშიც ამ თამაშის კაცია.

2000 წლის პორტუგალია ბენფიკას სკოლაზე იდგა. ბენფიკას თამაში ისტორიულად ლაღი და შემტევია. სკოლარის გუნდი მოურინიოს პორტუს ფუნდამენტს ეყრდნობოდა - მანიშე, კოშტინია, რიკარდო კარვალიო, დეკო, პაულო ფერეირა. პორტუ უფრო ორგანიზებულ, დისციპლინირებულ და ფიზიკურ ფეხბურთს ქადაგებს. ჟოზეს პორტუც არ იყო გამონაკლისი. სანტუში კიდევ სხვა ხარისხით დაცვითი ფეხბურთის მოყვარულია. მასზე საბერძნეთმა უფრო დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე პორტუმ, ან მით უმეტეს ბენფიკამ.

2016 წელს უსახურ და უფერულ პორტუგალიის ნაკრებს სანტუშმა ევროპის ჩემპიონატი სწორედ ამ ფეხბურთით მოაგებინა - წინ რონალდო და დანარჩენი გუნდი დაცვაში. ჯგუფში სამი ფრით გასულ გუნდს პლეი ოფში იოლი გზა შეხვდა და პენალტებით, ჭიდაობით და ნულზე თამაშით ფინალამდეც მიაღწია და მერე ეს ფინალი ყველასთვის მოულოდნელად მოიგო კიდეც. იმ პორტუგალიას მხოლოდ ასე თამაში შეეძლო. სანტუშმაც ის გააკეთა, რაც ყველაზე კარგად ეხერხება. ეს პორტუგალიის ისტორიაში პირველი მოგებული დიდი ტურნირია, რამაც სანტუში თავის სამშობლოში ლეგენდარულ პიროვნებად აქცია. ამავე დროს, მას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კრიშტიანოსთან, რომელმაც ამ ცოტა ხნის წინ სანტუში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა მათ შორის, ვისაც ცხოვრებაში შეხვედრია.

პრობლემა ის არის, რომ ახლა სანტუშს სხვა გუნდი ჰყავს. ამ თანავარსკვლავედის ფონზე დაცვიდან თამაში და სანტუშის საყვარელი ნულზე თამაში და ჭიდაობა აღარ გამოდის. ბერნარდო, ბრუნო, ლეაო, ჟოტა, კრიშტიანო და სხვა ჯადოქრები რომ გყავს, ჯერ მათ ადგილი უნდა მოუძებნო შემადგენლობაში, მერე კი ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც მათ საუკეთესო თვისებებს უკეთ წარმოაჩენს. არადა, ეს სანტუშის საქმე არ არის. ასეთი ფეხბურთი მას არასოდეს უთამაშია. ის და პორტუგალიის ეს გუნდი და ზოგადად, ის მოლოდინები, რომელიც ამ თაობას უკავშირდება, აბსოლუტურად აცდენილია ერთმანეთს. რომ მიუშვა, დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში უარს არ იტყოდა, მაგალითად, ლეაოს და ბერნარდოს სკამზე დასმაზე და თავის გემოზე ჩააბეტონებდა გუნდს. უბრალოდ, ამას ახლა პორტუგალია არ აპატიებს. არადა, არც უშვებენ - როგორც გითხარით, 2016 წლის ტრიუმფის შემდეგ სანტუში პორტუგალიისთვის თითქმის მითოლოგიური ფიგურაა. ეს გუნდიც ამ დილემის წინაშეა - უდიდესი მოლოდინების და უძლიერესი შემადგენლობის მიუხედავად, ის თამაში არ ჩანს, რასაც მთელი პორტუგალია ელოდება. მეეჭვება, სანტუშის ხელში, ოდესმე გამოჩნდეს.

ზოგადად, ამ გუნდს თავისი სისტემა და იდენტობა ჯერ კიდევ საპოვნი აქვს. სანტუში 4-3-3-სა და 4-5-1-ს შორის მერყეობს ხოლმე და შემადგენლობასაც ხშირად ცვლის. მაგალითად, სერბეთთან 4-3-3 იყო და სამივე ჩამშლელი ნახევარმცველი დააყენა. შემდეგ თურქეთთან კი ისევ 4-3-3 იყო, თუმცა მოედნის ცენტრში ვილიამ კარვალიუს გვერდით შემოქმედი და ტექნიკური მოთამაშეები იყვნენ. არცერთმა ამ ნაბიჯმა არ გაამართლა.

კარებში სანტუშს ორი ძლიერი და თანაბარი კანდიდატი ჰყავს. პორტუს ახალგაზრდა დიოგო კოშტა და გამოცდილი რუი პატრისიუ. ბოლო პერიოდში სანტუში უფრო კოშტასკენ იხრება.

პორტუგალიის ეს ნაკრები ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მხოლოდ შეტევით ხაზში ნამდვილად არ არის.

მაგალითად, პორტუგალიას მსოფლიოში ალბათ საუკეთესო განაპირა მცველების დუეტი ჰყავს. მარჯვნიდან სიტის ჟოაო კანსელუ, მარცხნიდან კი პსჟ-ს ნუნუ მენდეში. ორივე მათგანი ძალიან მაგრად მიდის შეტევაში და ჩვეულებრივ, მაშინ, როცა პორტუგალიის განაპირა შემტევებს ცენტრში უყვართ შეწევა, ეს დუეტი ფლანგებზე მთავარი შემტევი ძალაა.

დაცვის უდავო ლიდერი სიტის რუბენ დიაშია, რომელიც ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. სანტუში ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თუ ვინ იქნება დიაშის მეწყვილე. უფრო რეალისტური ვარიანტი პსჟ-ს დანილო ფერეირაა. დანილო ნომინალურად საყრდენი ნახევარმცველი იყო, თუმცა პარიზში ხშირად დაცვაში ათამაშებენ. სანტუშმაც პარიზელთა ეს მიგნება სათავისოდ რამდენჯერმე უკვე გამოიყენა. მეორე ვარიანტი ვეტერანი პეპეა, რომელიც, ასაკის მიუხედავად, მშობლიურ პორტუში მაინც სოლიდურად გამოიყურება.

ყველაზე მეტ კითხვას პორტუგალიის ნახევარდაცვის ხაზი იწვევს. სანტუში ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, თუ რა სისტემით ითამაშებს და ვინ იქნება მისი ძირითადი დასაყრდენი. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, სანტუში უფრო დაცვით თუ უფრო შემტევ ვარიანტს აირჩევს. საყრდენის პოზიციაზე მას გამოცდილი კარვალიუ ჰყავს, რომელიც ბურთის გათამაშებაშიც კარგია და ათლეტიზმიც არ დაეწუნება. მის გვერდით სანტუშს შეუძლია, ვიტინია და რუბენ ნევეში დააყენოს და ძალისმიერი და ათლეტური ნახევარდაცვა შექმნას. შეიძლება, უფრო ტექნიკური და დინამიური ჟოაო მარიო გამოჩნდეს, რომელსაც ბენფიკაში ძალიან კარგი სეზონი აქვს. ნევეში სანტუშს ძალიან უყვარს, ვიტინიას კი პსჟ-ში კარგი სეზონი აქვს და ვარსკვლავური შემტევების დასახმარებლად შავი სამუშაოს შესრულება კარგად გამოსდის. ამიტომ, რთული სათქმელია, ვისზე გააკეთებს მოედნის ცენტრში სანტუში აქცენტს.

ორი შემქმნელი ნახევარმცველის პოზიციაზე პორტუგალის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი - სიტის ბერნარდო სილვა და იუნაიტედის ბრუნო ფერნანდეში ჰყავს. იქვეა ატლეტიკოს ჟოაო ფელიქსი, რომლის მადრიდული კარიერაც ბოლომდე არ აეწყო, თუმცა მის ტალანტში ეჭვის შეტანა შეუძლებელია.

ძალიან კარგ ფორმაშია რაფაელ ლეაო, თუმცა სანტუში მას ბოლომდე მაინც არ ენდობა. ის კი არა, მის ნაცვლად რამდენჯერმე პორტუს ოტავიო ათამაშა. ლეაო სანტუშისთვის ზედმეტად შემოქმედებითად გამოიყურება. თუმცა, ბოლო თვეებია, მილანის ახალგაზრდა შემტევი ისეთ ფორმაშია, რომ სანტუშს მისი არგათვალისწინება გაუჭირდება.

პორტუგალიას ორი მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს. ლივერპულის დიოგო ჟოტა ტრავმირებულია და ტურნირს ტოვებს, ხოლო პსჟ-ს რენატო სანჩესი სანტუშმა უბრალოდ არ წაიყვანა.

გამოკვეთილი შემტევის პოზიციაზე კრიშტიანო რონალდო იქნება. CR7 პორტუგალიის თილისმა და სიმბოლოა. თუმცა, სანტუშის პრობლემებს კრიშტიანოს საკითხი მხოლოდ აღრმავებს. ლეგენდა არცთუ ისე კარგ ფორმაშია, სტაბილური სათამაშო დრო მანჩესტერში არ ჰქონდა, ზოგადად, კონფლიქტურად გამოიყურება და პირველად იტყვი მასზე, რომ ასაკი ეტყობა. გარდა ამისა, რონალდოს სკანდალურ ინტერვიუს ისიც მოყვა, რომ მას და ბრუნო ფერნანდეშს ურთიერთობა არცთუ იდეალურად აეწყოთ. რონალდომ თანაგუნდელები გააკრიტიკა, მათ შორის ბრუნოც. ფერნანდეში მანჩესტერისთვის შეუცვლელი კაცია და ერიკ ტენ ჰაგის, იუნაიტედის მწვრთნელის ფავორიტ მოთამაშედ მიიჩნევდა. მოკლედ, იუნაიტედის და რონალდოს კონფლიქტში ბრუნო და კრიშტიანო სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. უცნობია, თუ როგორ აისახება ეს პორტუგალიის ნაკრებზე.

პორტუგალია ამ მუნდიალზე თავისი ოქროს თაობით და ძალიან დიდი სახელებით, თუმცა ბევრი კითხვით და პრობლემით მიდის. არადა, არავინ იცის, ამ ქვეყანას ასეთი გუნდი კიდევ როდის ეყოლება.

რონალდო და კომპანია არცთუ ისე იოლ ჯგუფი არიან: ძალიან კარგი აფრიკული ნაკრები განას სახით, მებრძოლი და არაფრისდამთმობი ურუგვაი და სამხრეთ კორეა, რომელიც ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის. სანტუშის გუნდს ძალების დაძაბვა თავიდანვე, ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს. ამ თამაშებში გამოჩნდება, რა ძალა და პერსპექტივა აქვს ამ გუნდს.

კომენტარები

ბოლო ამბები