Thumbnail
  • 28 წლის ფორვარდი სეზონის ბოლომდე რეჯო ემილიას ღირსებას დაიცავს
  • ბექას ქალაქი და კლუბი დადებითად მანუჩარ მარკოიშვილმა დაუხასიათა

ბექა ბურჯანაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. 28 წლის ქართველი კალათბურთელი რეჯო ემილიას ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს, რომლის 23-ნომრიანი მაისურით დებიუტი 19 ნოემბერს, იტალიის ჩემპიონატის მატჩში უნდა ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, კლუბს მისი გაწყვეტის უფლებას ორი თვის შემდეგ აძლევს.

ბექა, რომელიც რამდენიმე დღეა იტალიაში იმოფება, კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფილიპო ბაროციმ გულშემატკივრებს წარუდგინა: 

"ვსაუბრობთ სპორტსმენზე, რომელიც გამოირჩევა დიდი საკალათბურთო ინტელექტით, ამტანობითა და სოლიდურობით. ფიზიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, მას კონდიციები გასაუმჯობესებელი აქვს, რადგან საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტზე გამოსვლის შემდეგ, უთამაშებელია. ჩვენ დავიმატეთ მოთამაშე, რომელიც უკვე ძალიან ეფექტურად შეეწყო გუნდს და დიდი ენთუზიაზმიც წარმოაჩინა".

კომენტარი თავად ქართველმა კალათბურთელმაც გააკეთა, რომელმაც არ დამალა, რომ კლუბი და ქალაქი დადებითად მანუჩარ მარკოიშვილმა დაუხასიათა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი რეჯო ემილიაში კარიერის ბოლოს, 2017-18 წლებში გამოდიოდა.

"მსურს მადლობა გადავუხადო კლუბს იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომცა. სულ რამდენიმე დღეა, რაც აქ ვარ და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს რეჯო-ემილიაში მრავალი წელია ვიმყოფები. ვიცი ამ გუნდის ამბიციების შესახებ იტალიასა და ჩემპიონთა ლიგაში და ყველაფერს გავაკეთებ, რათა გუნდს გამარჯვებების მოპოვებაში დავეხმარო. კონტრაქტის გაფორმების წინ ვესაუბრე მანუჩარ მორკოიშვილს, რომლის თბილმა სიტყვებმა ქალაქსა და გუნდზე, ამ არჩევანის გაკეთებისკენ მიბიძგა. შევეცდები, ვიყო გუნდური მოთამაშე და გვერდში დავუდგე თანაგუნდელებს". 

ბექა ბურჯანაძეს თითქმის მთელი კარიერა ესპანეთში აქვს გატარებული, სადაც კახასოლის, ლეიმა ბასკეტ კორუნას, მორაბანკ ანდორას, გიპუზკოა ბასკეტის, გრან კანარიასა და ბეტისის ღირსებას იცავდა.

რეჯო ემილიას მიმდინარე სეზონში 2 მოგება და 4 მარცხი აქვს და იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილი უკავია და მომდევნო ტურში, 19 ნოემბერს, ვერონას მასპინძლობს. ბექას ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაშიც ასპარეზობს, სადაც მომდევნო თამაში 22 ნოემბერს, თურქულ პინარ კარშიაკასთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები