Thumbnail

დღეს, 20 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო.

ამ პატარა წინადადებაშიც კი არის ერთი სიტყვა, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ვერ ვეგუებით. ნოემბერი.

დაუმატეთ ამას ის ფაქტი, რომ მუნდიალი კატარში ტარდება, რომელიც ყოვლად არასაფეხბურთო ქვეყანაა. ან ის, რომ კატარში ადამიანთა უფლებები სასტიკად ირღვევა. არ არის პრესისა და სიტყვის თავისუფლება. სტადიონების და ზოგადად ინფრასტრუქტურის მშენებლობა-განვითარებაზე ათასობით მიგრანტი მუშა დაიღუპა. მსოფლიოს ჩემპიონატის ოფიციალური ელჩი მიზანთროპიულ განცხადებებს აკეთებს…

მოკლედ: მსოფლიოს ჩემპიონატს დიდ საფეხბურთო ზეიმს ვუწოდებთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ გამოდის. მაქსიმუმ დიდ საფეხბურთო მოვლენად მოვიხსენიოთ.

მაგრამ: მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, უკვე ვეღარავინ შეცვლის იმას, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს კატარმა უნდა უმასპინძლოს. ვერც იმას, რომ 18 დეკემბერს დაღუპული მიგრანტი მუშების მიერ აშენებულ სტადიონზე ფინალი გაიმართება და მსოფლიოს ჩემპიონი გამოვლინდება.

ამიტომ: ფეხბურთს უნდა ვუყუროთ და იმედი გვქონდეს, რომ მომავალში აღარავინ დაუშვებს ისეთ მუნდიალს, რომელსაც დიდ საფეხბურთო ზეიმად ვერ მოვიხსენიებთ, რადგან დიდი საფეხბურთო ზეიმი არ არსებობს თავისუფალი ადამიანების და... ლუდის გარეშე.

ამ ერთი თვის განმავლობაში ევროპოპი იმუშავებს ისე, როგორც სპორტის ნომერ პირველი სახეობის მთავარ მოვლენას შეეფერება. დავწერთ (საიტზე) და ვილაპარაკებთ (YouTube-ზე) ყველაფერზე, რაც კატარში მოხდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპოპის მომხმარებლებს მართლა საფეხბურთო ზეიმი მოვუწყოთ.

europop.ge განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს: ყველა მთავარ ამბავს ყველაზე სწრაფად გაგაგებინებთ; თამაშებს ანალიტიკურად მიმოვიხილავთ; გვექნება როგორც სუფთა საფეხბურთო ანალიტიკა, ასევე მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებული სვეტები. ყველა განსაკუთრებული მატჩის შემდეგ გვექნება ევროპოპის ანალიტიკოსის, გიორგი უგულავას სტატიები, ასევე სპორტული ჟურნალისტისა და კომენტატორის, ტატო ბაციკაძის ბლოგები.

მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას საგანგებო რეჟიმზე გადადის ევროპოპის YouTube არხიც. პირველივე დღიდან, ყოველ ლუწ რიცხვში, ანუ დღეგამოშვებით, თამაშების დასრულების შემდეგ, ჩვენს არხზე, პირდაპირ ეთერში, europop live-ის სტუდიიდან - გიორგი კალატოზი, ტატო ბაციკაძე, სანდრო ცნობილაძე და ევროპოპის სხვა ავტორები გავლენ. ჩემპიონთა ლიგის თამაშების შემდეგ გაშვებულმა ლაივებმა დაგვარწმუნა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე europop live სტუდია აუცილებლად აქტიური უნდა ყოფილიყო. დღეგამოშვებით, მატჩების შემდეგ ყველას ჩვენს YouTube არხზე გელოდებით. გარდა ამისა, სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატს მიეძღვნება არხის ისეთი პოპულარული რუბრიკები, როგორებიცაა: “უპასუხე თუ შეგიძლია”, “ჩემი არგუმენტი” და ახალი რუბრიკა “მაგიდის დერბი”.

მართალია, ნოემბერ-დეკემბერში ტარდება და კატარში იმართება, მაგრამ ამ ტურნირს მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქვია, ეს ორი სიტყვა კი ერთად მაინც, ნებისმიერ შემთხვევაში საოცრად ჟღერს. და როცა ამ ორს სიტყვა “იწყებაც” ემატება, ჟრუანტელებს და ემოციებს კატარის მუნდიალის ვერცერთი ბნელი მხარე ვერ აკავებს. ამაზე დიდი მოვლენა ფეხბურთში არ არსებობს და იმიტომ.

კომენტარები

ბოლო ამბები