- ლევან ჩოხელმა ბელატორში მეოთხედ იჩხუბა
- ქართველი მებრძოლის მეტოქე ბრაზილიელი რომან ფარალდო იყო
ლევან ჩოხელმა ბელატორში მეოთხე ბრძოლა ჩაატარა და მეორე გამარჯვება იზეიმა. ქართველმა მებრძოლმა დაუმარცხებელი რომან ფარალდოს წინააღმდეგ იჩხუბა. ბრაზილიელმა კარიერაში პირველი ბრძოლა დათმო, ხოლო ლევანის მოგება-წაგების რეკორდი ბელატორში გათანაბრდა.
ჩოხელი ამ ბრძოლისთვის იდეალურ ფორმაში იყო და დამსახურებული გამარჯვებაც იზეიმა. ლევანმა პირველი რაუნდი მეტოქეს დიდი უპირატესობით მოუგო, მეორე რაუნდში ფარალდომ რამდენიმე კარგი დარტყმა განახორციელა, მაგრამ გალიაზე ხელის მოკიდების გამო ქულა დააკლეს. ჩოხელმა მესამე რაუნდში შეხვედრა მაქსიმალურად გააკონტროლა, მეტოქეს მაგრადაც ურტყა და პარტერშიც უშანსოდ დატოვა, რის შემდეგაც კარიერაში მე-11 გამარჯვება იზეიმა.
მსაჯების გადაწყვეტილება ერთსულოვანი იყო და სამივემ გამარჯვება ლევანს მიანიჭა (29:27, 29:27, 29:27).
ლევანმა ამ მოგებით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია თავის წონაში და ბელატორში ქამრის მოსაპოვებლად აუცილებლად იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლს თავდაპირველად 4-ბრძოლიანი კონტრაქტი გაუფორმა, ლევანმა ორგანიზაციაში ოთხივე ბრძოლა ჩაატარა და ახლა უკვე ბელატორისგან ახალ კონტრაქტს ელის.
შეგახსენებთ, რომ ლევანს ორივე გამარჯვება ბელატორში ბრაზილიელებთან აქვს მოპოვებული. მან პირველად ვინისიუს დე ჟეზუსი დაამარცხა და ახლა რომან ფარალდოს სძლია.
კომენტარები