Thumbnail

ჩემთვის მსოფლიოს ჩემპიონატი მაშინ იწყება, როცა მის მუსიკალურ კლიპს პირველად ვნახულობ. ჩვეულებრივ, ეს სიმღერა მასპინძელი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს და ადგილობრივ ემოციას გადმოსცემს, თუ უნდა გადმოსცემდეს. ემოციურად, მაგ მომენტიდან იწყება მუნდიალისადმი სამზადისი.

ორიოდე დღის წინ, კატარის მუნდიალისადმი მიძღვნილი ‘ჰაია, ჰაია (თუ სწორად მახსოვს, ასე ჰქვია) რომ ვნახე, ისე ისმინებოდა, ფეხბურთი და მუნდიალი კი არა, ცხოვრება აღარ მოგინდება.

ზოგადად, ამ მსოფლიოს ჩემპიონატის წინ პრობლემებზე უფრო მეტს საუბრობენ. ანეკდოტურია გადაწყვეტილება, რომ სტადიონებთან გულშემატკივრისთვის ლუდის გაყიდვა იკრძალება. ამას მეც კი ვაღიარებ, ლუდისადმი სრულად ინდიფერენტული დამოკიდებულების ფონზე. ლუდი თამაშის და დიდი საფეხბურთო ტურნირების საფეხბურთო კულტურის ნაწილია. ბრიტანეთში ბურთის გაგორება რომ პირველად დაიწყეს, ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდის.

მუნდიალის ყველა ფავორიტის წარდგენა

ძალიან ბევრი ითქვა, იმ უკიდურესად საეჭვო ფაქტორებზე, რომელთა დახმარებითაც ჯერ რუსეთმა და მერე კატარმა მასპინძლობის უფლება მოიპოვეს. დიდ ზეიმს არც ის უხდება, ფაქტობრივად, მონური შრომის გამოყენებით აშენებულ სტადიონებზე რომ უნდა გაიმართოს.

შუა ნოემბერ-დეკემბერში მუნდიალიც სხვანაირად გამოიყურება. თითქოს ზაფხულს - დასვენების, კაი ხასიათის და უფრო მოცლილობის ხანას - ეს დიდი საფეხბურთო ზეიმი უფრო უხდება. ის კი არა, სანაკრებო ფეხბურთის სრული აგდება იყო, ეროვნულ გუნდებს მუნდიალის წინ მხოლოდ ერთკვირიანი მოსამზადებელი დრო რომ მისცეს. ეს აუცილებლად ნეგატიურად აისახება თამაშის ხარისხზე. ერთი კვირის წინ, სადმე ჩელსიში ან ბაიერნში უნდა გეთამაშა, ახლა უკვე ნაკრებში ხარ. თითქოს მსოფლიო ჩემპიონატზე კი არა, ერთა ლიგის რიგით შეკრებაზე გამოცხადდი. თამაშის ხარისხზე ისიც უნდა აისახოს, რომ ბოლო სამი თვეა, ფეხბურთელებს შეუსვენებლად უწევთ კვირაში ორჯერ და სამჯერ თამაში. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი საერთოდაც ნოემბერში, ორიოდე კვირის წინ დასრულდა. სხვანაირად, ამ ორ თვეს ისედაც გადატვირთული საფეხბურთო კალენდარი ვერ გამოითავისუფლებდა.

სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ სეზონის ამ ეტაპზე ფეხბურთელები უფრო ნაკლებად დაღლილები უნდა იყვნენ, ვიდრე ივნისში, ათთვიანი მომქანცველი სეზონის დასრულების შემდეგ.

'1978 წლის არგენტინაც არა დიქტატურის, არამედ კემპესის და მენოტის სახელების გამო გვახსოვს'

თუმცა, ეს ყველაფერი მთავარი არ არის. მთავარი კი არა, მეორეხარისხოვანია. მთავარი აქ ფეხბურთია. მსოფლიოს ჩემპიონატი იმდენად დიდი მოვლენაა, იმდენად ეპიკური, სულისშემძვრელი და დრამატული ამბავი, რომ არ შეიძლება ის რამემ გადაფაროს. 1970 წლის მუნდიალი მექსიკის ინფრასტრუქტურას არ გაუფუჭებია, 1978 წლის არგენტინაც არა დიქტატურის, არამედ კემპესის და მენოტის სახელების გამო გვახსოვს, არც 1982 წლის ეპიკური იტალია-ბრაზილია დაუმცირებია იმ ფაქტს, რომ სადღაც, ბარსელონას მეორეხარისხოვან სტადიონზე ათამაშეს. ამიტომ, არ შეიძლება ამ გვერდით ფაქტორებს საშუალება მივცეთ, ფეხბურთი და ფეხბურთის ზეიმი მოგვპარონ. ეს ისეთი ამბავია, 4 წელი რომ ველოდებით და მერე მის ცალკეულ მომენტებს მთელი ცხოვრება გულით და ემოციებში ვატარებთ და განვიხილავთ ხოლმე. ახლაც ასე უნდა იყოს და ასე იქნება.

ძალიან კარგი ამერიკული საბავშვო ფილმია, "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა". იქ არის ასეთი მომენტი: როცა გრინჩი აღმოაჩენს, რომ შობის დღესასწაულს ვერ გააუქმებ, მაშინაც კი თუ ყველა ნაძვის ხეს და ყველა სათამაშოს მოიპარავ. ადამიანებს უბრალოდ ეს დღე უხარიათ. დანარჩენი სხვა გაფორმებაა. ფეხბურთიც ასეა. მთავარი თამაშია და არა გაფორმება.

მთავარი საფეხბურთო ტურნირი იწყება. დიდი და ეპიკური ისტორიებია დასაწერი. ლეო მესი მისიაზეა - მისი ბოლო მუნდიალი მრავალტანჯული არგენტინისთვის ნანატრი ტრიუმფით უნდა დასრულდეს. ეს მას უკვე საბოლოოდ გადაიყვანს ადამიანურიდან ფეხბურთის ღმერთების, მითების, ლეგენდების კატეგორიაში.

თავის მხრივ, ბოლო მუნდიალს თამაშობს კრიშტიანო რონალდო და დარწმუნებული ვარ: რომ ჰკითხო, გიპასუხებს, რომ ისტორიას სწორედ ის და მისი პორტუგალია დაწერს.

ნეიმარს ბოლო შანსი აქვს, მისი სახელი დიდ ჩემპიონებთან ასოცირდებოდეს და არა რიოში რომელიმე მამიდაშვილის დაბადების დღეზე გაპარვასთან და სხვა, მსგავს არასერიოზულ ამბებთან.

ბრაზილია 20 წელია, ტიტულთან ახლოსაც კი არ ყოფილა. კილიან მბაპეს, ცოტა გამაღიზიანებლად ამბიციურ ბიჭს, თავისი მიზნები აქვს. ზედიზედ მეორე ტრიუმფი ნათელს გახდის, თუ ვის ეკუთვნის საფეხბურთო სამყაროს მომავალი.

კიდევ რამდენი მსგავსი ინტრიგა, ოცნება, ისტორია და გამოწვევა არსებობს?! ყველა გუნდი, ყველა მოთამაშე, ყველა გულშემატკივარი მუნდიალს თავის ოცნებებს, მიზნებს და სურვილებს უკავშირებს. მსოფლიოს ჩემპიონატიც ის სივრცეა, ის პლატფორმაა, რომელიც ამ ლეგენდების, ისტორიების და ემოციების შექმნის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ ამიტომ, შეუძლებელია არ გიყვარდეს და არ გიხაროდეს. მთავარი ეს არის. დიდი ამბების ერთი თვე იწყება. ფეხბურთი ყველაზე და ყველაფერზე დიდია - ეს უნდა გვახსოვდეს...

კომენტარები

ბოლო ამბები