Thumbnail

კიბე ფარის წინ, წართმეული ბურთი - იანისს ფილადელფიაში ვარჯიში არ აცალეს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფილადელფია სიქსერსი 110:102 მილუოკი ბაქსი
  • თამაშის დასრულების შემდეგ დარბაზში ინციდენტი მოხდა
  • იანისს საჯარიმოების სროლაში ვარჯის საშუალება არ მისცეს

NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ლიდერმა მილუოკი ბაქსმა რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩი სტუმრად ფილადელფია სიქსერსთან ჩაატარა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. მასპინძლებს ჯოელ ემბიდმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, ბაქსში კი იანის ანტეტოკუნმპო გამოირჩა - 25 ქულა, 14 მოხსნა და 4 პასი. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია მიულოკის ქართველ ფორვარდს სანდრო მამუკელაშვილს.

თამაშის დასრულების შემდეგ ფილადელფიას დარბაზში ინციდენტი მოხდა, რომლის მთავარი მონაწილე იანის ანტეტოკუნმპო იყო. ბერძენმა, რომელმაც სიქსერსთან მატჩში 15-იდან მხოლოდ 4 საჯარიმო ჩააგდო, თამაშის შემდეგ ჩვეულად, 10 ზუსტი სროლის შესრულება მოინდომა. მერვე სროლის შემდეგ იანისის ბურთი ფილადელფიას მოთამაშე მონტრეზ ჰარელმა აიღო, რომელმაც თავად მოინდომა ვარჯიში და ბერძენს წასვლისკენ მოუწოდა.

ბერძენმა ვარსკვლავმა ფილადელფიასთან საჯარიმოები ძალიან ცუდად ისროლა

"პატივს ვცემ ყველა მოთამაშეს. ვიცი, რომ ზოგიერთები ამჟამად ვერ თამაშობენ და დამატებით ვარჯიში სჭირდებათ. ვუთხარი ჰარელს, რომ მარტივად შეგვეძლო ერთად გვესროლა, მაგრამ პასუხად მივიღე, რომ მათი მოედანი უნდა დამეტოვებინა. მერვე სროლის შემდეგ მან ჩემი ბურთი აიღო, რამაც გამაკვირვა. მგონია, რომ ეს უკიდურესად არაპროფესიონალურია. თავად არასდროს წავართმევ ბურთს პროფესიონალ სპორტსმენს იმ დროს, როდესაც ის თავის სამუშაოს ასრულებს", - იხსენებს ეპიზოდს ბერძენი, რომელიც ჰარელთან უთანხოების შემდეგ, გასახდელში გავიდა და იქიდან ახალი ბურთით დაბრუნდა.

"როდესაც დავბრუნდი, ფარის წინ კიბე დამხვდა. ვუთარი: "თუ შეიძლება, რომ მოაშოროთ კიბე". პასუხი უარყოფითი იყო. კიდევ ერთხელ ზრდილობიანად მივმართე. ისევ უარი. ასეთი ვარ: "ბიჭებო, მე მჭირდება ორი საჯარიმოს შესრულება, მოაშორეთ კიბე, თუ შეიძლება". ისევ "არა". 

ამის შემდეგ ბაქსის ფორვარდმა თავად გადაწყვიტა კიბის გაწევა, მაგრამ ეს უხეშად გააკეთა და კონსტრუქცია პარკეტზე წაიქცა. 

"ადამიანები იმას დაინახავენ, რისი დანახვაც სურთ. მსურდა კიბის წაქცევა? არა. უბრალოდ, მისი გაწევა მინდოდა, მაგრამ წაიქცა. დარწმუნებული ვარ, კამერები არენაზე ყველგანაა და შესაძლებელია ინციდენტის სრულად ნახვა, როგორ იქცეოდნენ სხვები. არ ვიცი, ბოდიში უნდა მოვიხადო თუ არა, რადგან არ ვფიქრობ, რომ არასწორად მოვიქეცი, თუ არ ჩავთვლით კიბის წაქცევას. მიმაჩნია, რომ მაქვს უფლება ვივარჯიშო საშინელი მატჩის შემდეგ საჯარიმოების სროლაში. ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა, ხოლო ვინც ასე არ მოიქცეოდა, ე.ი. არც ანაღვლებს თავისი თამაში", - თქვა ბაქსის ლიდერმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები