Thumbnail

'აქ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ' - ფიფას დირექტორის ქამინგ აუთი კატარში

  • დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფიფას დირექტორმა აღიარა, რომ გეია
  • სუონსონის თქმით, LGBT-თემის წარმომადგენლებისთვის კატარი უსაფრთხოა 

ფიფას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ბრაიან სუონსონმა, კატარში, მუნდიალის დაწყების წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ გეია. 

"უმრავი კრიტიკა წავიკითე LGBT-თემის წარმომადგენელთა მხრიდან კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ მსურს სახალხოდ განვაცხადო, რომ როგორც გეი, აქ, კატარში თავს უსაფთხოდ ვგრძნობ. ვგრძნობ, რომ აქ სასურველი სტუმარი ვარ", - თქვა სუონსონმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო უძღვებოდა.

ჯანი ინფანტინო და ბრაიან სუონსონი დოჰაში

"ფიფამ მიიღო კატარისგან უსაფრთხოების გარანტიები LGBT-თემთან მიმართებაში. მჯერა, რომ ამ მუნდიალზე ყველას სიხარულით უმასპინძლებენ. ის, რომ ჯანი ინფანტინო არ არის გეი, არ ნიშნავს, რომ ჩვენზე არ ზრუნავს. 

თქვენ მხოლოდ ფიფას გარედან ხედავთ, მე კი ორგანიზაციის საქმიანობას შიგნიდან ვიცნობ. დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ორგანიზაციაში საკმაოდ ბევრი გეია", - თქვა სუონსონმა, რომელიც ფიფაში საქმიანობის დაწყებამდე 18 წლის განმავლობაში Sky Sports-ის რეპორტიორი იყო. 

კატარი მსოფლიოს ჩემპიონატს 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებით მკაცრი კანონები მოქმედებს, რომელთა დარღვევისთვის ციხეა გათვალისწინებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები