Thumbnail

პირველი მოგება სუპერლიგაში - ოლიმპის ზედიზედ მეხუთე გამარჯვება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

კავკასიის ლიგაში ზედიზედ ოთხი მოგებული მატჩის შემდეგ, საკალათბურთო კლუბი ოლიმპი სომხეთიდან საქართველოში დაბრუნდა და სუპერლიგაში მესამე შეხვედრა ჩაატარა. დავით როგავას გუნდმა საქართველოს საკალათბურთო ლიგაში პირველი მატჩი მოიგო. ოლიმპმა ბათუმი მარტივად დაამარცხა - 93:83.

ოლიმპს შეხვედრაში დიდი უპირატესობა ჰქონდა და ბოლო მეოთხედის წინ მატჩს 20 ქულით იგებდა. თბილისურ კლუბს მატჩის მოგებამდე მიყვანა არ გასჭირვებია. ოლიმპის ლეგიონერი ლინტონ აკლიესე პარკეტზე შეუჩერებელი იყო, მან შეხვედრაში მხოლოდ ერთი სროლა გაფუჭა. აკლიესემ 10-დან 9 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო გამოიყენა. რაც შეეხება მეორე ლეგიონერს, დრუ კუქსჰაუზენმა 12 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი დააგროვა.

კარგი მატჩი ჰქონდა ლუკა ლიკლიკაძეს, რომელმაც პარკეტი 14 ქულით, 2 მოხსნითა და 9 პასით დატოვა. ლუკას ორმაგ დუბლამდე მხოლოდ ერთი პასი დააკლდა. ვლადიმერ თავაქარაშვილმა შეხვედრაში 4-დან 4 სამქულიანი გამოიყენა. ბათუმელთა მხრიდან საუკეთესო კაილ რიდლი იყო, მან ოლიმპს 21 ქულა ჩაუგდო.

ოლიმპი სუპერლიგაში მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს გამართავს. მათი მეტოქე თსუ იქნება, რომელსაც ამ სეზონში ოლიმპის მსგავსად 1 მოგება და 2 მარცხი აქვს. ბათუმი მომდევნო ტურში ქუთაისს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები