Thumbnail

'ალბათ, ისტორია დავწერეთ' - მაისაშვილი უელსთან მოგებულ მატჩზე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდა და წინა სამი შეხვედრისგან განსხვავებით, გამარჯვება იზეიმა. "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად კარდიფში, Principality Stadium-ზე, მინიმალური სხვაობით მოიგეს (13:12) და წელს უკვე მეორედ, ექვსი ერის წარმომადგენელ გუნდს აჯობეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მერაბ შარიქაძემ და ლევან მაისაშვილმა უელსთან მოგებული მატჩი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მთავარი მიზანი ის იყო, რომ დასახული გზიდან არ გადაეხვიათ.

ლევან მაისაშვილი: საუბარიც ზედმეტია რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი რწმენისთვის გვჭირდებოდა ეს. ასეთები ვართ ქართველები, რასაც მივაღწევთ, ის მიღწეული აღარ გვაკმაყოფილებს და შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობთ.

პირველივე დღეს, როცა შევიკრიბეთ, ბიჭებს ვუთხარი, რომ ეს თამასა თქვენ აწიეთ მაღლა და იფიქრეთ იმაზე, რომ კიდევ მაღლა აწიოთ ეს თამასა.

უელსის დონის გუნდებს ახასიათებთ ასეთი რამ: ისინი თავიდანვე გიტევენ და ცდილობენ ეფექტის მოხდენას. ეს ყველაფერი პირველი ტაიმის საწყის წუთებში პირიქით მოხდა, ლელოს დადებაც შეგვეძლო და პირველი ქულებიც ჩვენ ავიღეთ. სამწუხაროდ, მერე შეცდომები დავუშვით და მდევრის როლში აღმოვჩნდით. ბიჭები თამაშის გეგმას ბოლომდე მიყვნენ და ეს მიხარია, ჩვენს მომენტს დაველოდეთ და გამოვიყენეთ. შეცვლაზე შემოსულმა ბიჭებმა თავისი გააკეთეს და თამაში მაგრად ვმართეთ.

უელსთან ბოლო წუთებში უფრო მყარად და მაგრად ვიდექით. ერთხელ შეგვეძლო თამაშის მოგება და გაგვიცუდდა. მადლობა ყველას, ალბათ, ისტორია დავწერეთ.

მერაბ შარიქაძე: ვაფასებთ ყველა იმ ქომაგს, რომლებმაც სამოასთან მარცხის შემდეგ სწორი ანალიზი გააკეთა. მართლა იყო ფაქტორები, რამაც მარცხი გამოიწვია, ჩვენ უკეთ თამაში შეგვეძლო, მაგრამ მადლობა ყველას რომ უკან არ დაიხიეთ და ჩვენ გვერდში იდექით ბოლომდე.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წელი ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა. მომდევნო თამაში "ბორჯღალოსნებს" რაგბი ევროპის ჩემპიონატზე აქვთ - 4 თებერვალს, შინ გერმანიასთან, უელსის წინააღმდეგ კი მორიგი, მეხუთე დაპირისპირება უკვე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მოუწევთ, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში, საფრანგეთში გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები