Thumbnail

ტოჩინოშინის მე-5 მარცხი - ქართველ სუმოისტს რთული მისია აქვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მეტოქე მაგრად მიაწვა და დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა
  • დადებითი ბალანსისთვის მინიმუმ 5 მოგება სჭირდება

35 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე წლის დასკვნით სუპერტურნირზე მორიგი მარცხი განიცადა და რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კიუშუს ბაშოს დასავლეთის მე-8 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, ნაკაბის (ბაშოს შუალედური დღე) კი დასავლეთის მე-6 მაეგაშირა რიუდენს შეხვდა და იორიკირით წააგო. 32 წლის იაპონელმა ქართველს ძალით აჯობა და რამდენიმე ბიძგის შემდეგ დოჰიოდან გაიყვანა.

ამგვარად, ტოჩინოშინს 3 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა და თუკი წოდებაში დაწინაურება სურს, დარჩენილი 7 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 5 უნდა მოიგოს, რაც იოლი საქმე არ იქნება.

კიუშუს ბაშოს მე-9 დღეს ქართველი სეკიტორის პირისპირ აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ნიშიკიგი დადგება, რომელსაც ტოჩინოშინის იდენტური ბალანსი აქვს და ცხადია, წარმატებისთვის ისიც მაქსიმუმს გაიღებს.

ვთქვათ ისიც, რომ ფუკუოკაში “იმპერატორის თასის” ყველაზე კარგი შანსი სეკივაკე ჰოშორიუსა და რიგით მაეგაშირებს – ტაკაიასუს, აბისა და ოჰოს გააჩნიათ. მათ აქტივში 7-7 მოგებაა. ოძეკი ტაკაკეიშო მათ ერთი გამარჯვებით ჩამორჩება.

📺 ტოჩინოშინი V რიუდენი

კომენტარები

ბოლო ამბები