Thumbnail

'იქნებ ამის დრო მოვიდა' - Walesonline საქართველოს ექვს ერში მიწვევაზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უელსში მოპოვებული სენსაციური გამარჯვების შემდეგ, დებატები, უნდა იქნას თუ არა მიღებული საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ექვს ერში, ახალი ძალით განახლდა. ამ საკითხს Walesonline გამოეხმაურა და დაწერა, რომ ქართველების კვლავაც მოშორებით დატოვება დიდი უსამართლობა იქნება.

“ექვსი ერის ბოსებისთვის, ალბათ, მცირედი შვება ის თუ იქნება, რომ წლეულს იტალიამ უელსისა და ავსტრალიის დამარცხება მოახერხა. ეს რომ არა, ხმები საქართველოდან მათი ნაკრების ტურნირში ჩართვის შესახებ უფრო ომახიანად გაისმებოდა. 

შესაძლოა, უელსმა საქართველოს ნაკრებთან არც აღარასდროს წააგოს და ცხადია, “დრაკონები” ამაზე ილოცებენ კიდეც, თუმცა, საქართველომ კარდიფში გამარჯვებით პოზიციები ძალიან გაიმყარა. ექვსი ერის ხელმძღვანელობის სურვილი ეს გუნდი მუდმივად შორ დისტანციაზე ეჭიროს, გაუმართლებლად მოსჩანს.

იქნებ ბოლო-ბოლო დადგა დრო, რომ ტურნირზე აღზევება-დაქვეითების სისტემა შემოვიღოთ? ცხადია, ტრადიციონალისტები ამის წინააღმდეგნი იქნებიან, მაგრამ რა არის იმაში კარგი, რომ საერთაშორისო რაგბი ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს?

საქართველოს ნაკრების ექვს ერში ჩართვა გარდაუვალი ჯერაც არ სჩანს, თუმცა, უკვე ცხადია, რომ ტურნირი ძველებურ სიმყუდროვეს ვეღარ შეინარჩუნებს. წნეხი სულ უფრო ძლიერდება და ეს ასეც უნდა იყოს”.

შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნებმა” Principality Stadium-ზე 13:12 მოიგეს და ამით ისტორია დაწერეს, რადგანაც ამ დონის ნაკრებთან სტუმრად გამარჯვება არასდროს მოეპოვებინათ. ამ წარმატების წყალობით, საქართველოს ნაკრებს მსოფლიო რაგბის რეიტინგში წინსვლაც ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები