Thumbnail

ექვსი ოქრო რვა წონაში - კადეტების ტრიუმფი დიორში

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უნგრეთის ქალაქ დიორში დასრულდა ევროპის თასი კადეტ ძიუდოისტთა შორის. ბიჭებში ქართველების სრული ტრიუმფი ვიხილეთ - 8-დან 6 წონაში ქართველი ჩემპიონია. თუკი პირველ დღეს 100%-იანი შედეგი იყო (ოთხი წონიდან ოთხი ოქრო), ამჯერად, "მხოლოდ" ორი ოქრო დაემატა, თუმცა მძიმე წონაში ქართული ფინალი ვიხილეთ. საერთო ჯამში, ქართველებმა 6 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

73 კილომდე წონით კატეგორიაში უმედლოდ დარჩა ირაკლი ქავთარაშვილი, რომელმაც ორი მეტოქე დაამარცხა, მაგრამ სლოვაკ დოვიჩიჩთან წააგო. ეს ერთადერთი წონითი კატეგორიაა, რომელშიც საქართველო მედლის გარეშე დარჩა.

81-ში ბრინჯაოსთვის იჭიდავა გიორგი ბენდელიანმა, რომელმაც მეორე წრეში კორეელ პარკთან დათმო, თუმცა შემდეგ რეპეშაჟში ორი ორთაბრძოლა მოიგო. ბრინჯაოსთვის მატჩში ის იტალიელ დ'ურბანოს შეხვდა და გაიმარჯვა.

90-ში ზედიზედ ოთხი მეტოქის დამარცხების შემდეგ ფინალში გავიდა საბა გველესიანი, სადაც ის რუმინელ დინკას დაუპირისპირდა. გველესიანმა ფინალი მოიგო და საქართველოს მეხუთე ოქრო მოუტანა. 

მძიმე წონაში (+90 კგ) ორი მონაწილე გვყავდა და მათი გზები ფინალში გადაიკვეთა - ლუკა ბენაიძე ფინალში შოთიკო გოჩიაშვილს დაუპირისპირდა. იპონით გოჩიაშვილმა გაიმარჯვა. 

შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ჩემპიონები გახდნენ: შოთა ბაჩოშვილი (50 კგ), მერაბ სამადაშვილი (55), თორნიკე გიგაური (60) და გიორგი გიგაშვილი (66). 

კომენტარები

ბოლო ამბები