Thumbnail

NBA | ირვინგის დაბრუნება და ბრუკლინის მერვე გამარჯვება მემფისთან

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • ბრუკლინ ნეტსი 127:115 მემფის გრიზლისი
  • კაირი ირვინგმა დაბრუნება 14 ქულით აღნიშნა
  • ბენ სიმონსს სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა

კაირი ირვინგმა პარკეტზე დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა.

ბრუკლინ ნეტსმა Barclays Center-ში მემფის გრიზლისს უმასპინძლა. მატჩის ერთ-ერთი მთავარი ამბავი კაირი ირვინგის პარკეტზე დაბრუნება გახლდათ. ნეტსის უკანახაზელმა ბოლოს პირველ ნოემბერს ითამაშა და მას შემდეგ გუნდს ზედიზედ 8 შეხვედრაში ვერ დაეხმარა. იგი ანტისემიტური ფილმის მხარდაჭერისთვის გუნდიდან მოკვეთეს და საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. შედეგად, ირვინგის არაპროგნოზირებადი ხასიათის გამო ჩნდებოდა ეჭვი, რომ 30 წლს კალათბურთელი კარიერას დაასრულებდა.

საბოლოოდ, ყველაფერი კაირი ირვინგის ბოდიშით დასრულდა: “მე უბრალოდ მინდა, ყველა ჩემი ქმედებისთვის ბოდიში მოვიხადო. არ ვემხრობი სიძულვილის ენას ან ანტისემიტიზმს “ - თქვა მან. ირვინგის ბოდიში მიიღეს და იგი გუნდს მემფისთან შეხვედრაში 14 ქულითა და 5 მოხსნით დაეხმარა - “აქ მხოლოდ თამაშზე ფოკუსირებისთვის ვარ”- ეს სიტყვები მან უკვე გამარჯვების შემდეგ თქვა.

ბრუკლინმა ძირითადი ცენტრის - ნიკ კლაქსტონის გარეშე ითამაშა, შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 5-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში ნეტსი აფეთქდა და მეტოქე 12-ქულიანი სხვაობით დაამარცხა. მასპინძლებიდან ტრადიციულად კევინ დურანტი გამოირჩეოდა, რომელმაც 35 წუთში 26 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი დააგროვა. სეზონის საუკეთესო თამაში ჰქონდა ბენ სიმონსს, მის ანგარიშზე 22 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი იყო, ავსტრალიელი ზედიზედ მეორე მატჩს ძალიან კარგად ატარებს. გუნდს სკამიდან იაპონელი ვატანაბე დაეხმარა - 16 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი, ხოლო ჯო ჰარისმა და როის ონილმა 4-4 სამქულიანი ჩააგდეს. მემფისის რიგებში საუკეთესო დილონ ბრუკსი იყო - 31 ქულით. გრიზლისს ჯა მორანტისა და დესმონდ ბეინის არყოფნა ძალიან დაეტყო.

ამგვარად, ბრუკლინის ბალანსი 8 მოგება და 9 წაგებაა. დურანტისა და ირვინგის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მემფისმა ბოლო ხუთ შეხვედრაში მესამედ წააგო და დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები