Thumbnail
  • FourFourTwo-მ წლის 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელების ასეული დაასახელა
  • ხვიჩა კვარაცხელია 37-ე ადგილზე მოხვდა, კრიშტიანო რონალდო - 44-ზე
  • იტალიური გამოცემა რეიტინგზე დაყრდნობით საინტერესო დასკვნას აკეთებს

იტალიური მედია ხვიჩა კვარაცხელიას კრიშტიანო რონალდოს ადარებს და FourFourTwo-ს მიერ ახლახან გამოქვეყნებული რეიტინგზე დაყრდნობით ასკვნის, რომ ნაპოლი არ შემცდარა, როდესაც გასულ ზაფხულს 21 წლის ქართველი ტალანტი დაიმატა და არა - მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი. 

ბრიტანულმა გამოცემამ 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. ასეულში, რომლის სათავეში მანჩესტერ სიტის ნორვეგიელი ვარსკვლავი ერლინგ ჰაალანდია, ნაპოლიდან ხვიჩა კვარაცხელია და ვიკტორ ოსიმენი მოხვდნენ. ხვიჩა რეიტინგში 37-ე ადგილზეა, ვიკტორი კი მე-60-ე პოზიციაზე.

ოსიმენმა და კვარაცხელიამ ნაპოლი სკუდეტოს მთავარ პრეტენდენტად აქციეს

ამ რეიტინგის გათვალისწინებით, La Gazzetta dello Sport წერს: 

"აგვისტოს ბოლოს ნაპოლისთან დაკავშირებულ სატრანსფერო ხმებს თუ გავიხსენებთ, დღეს ღიმილს მოგვგვრის. მაშინ აგენტი ჟორჟე მენდეში "აძურიში" რონალდოს მოყვანას, ხოლო მანჩესტერ იუნაიტედში ოსიმენის დაახლოებით 100 მილიონად გადაყვანას აპირებდა. ლუჩანო სპალეტისთვის საბედნიეროდ, ეს გარიგება არ შედგა და პორტუგალიელი აგენტის იდეა იდეად დარჩა. საბედნიეროდ იმიტომ, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, ციფრებისა და შეფასებების გათვალისწინებით, ხვიჩა კვარაცხელიას საქმეები გაცილებით კარგად მისდის, ვიდრე ლეგენდარულ CR7-ს, რომლითაც ქართველი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო. 

ჟურნალი FourFourTwo ნაპოლის ტალანტს 37-ე ადგილზე აყენებს მსოფლიოს 2022 წლის Top 100-ში, რაც შვიდი პოზიციით მაღალია, ვიდრე მისი ბავშვობის კუმირის. გასაოცარი ისაა, რომ KK77 (ხვიჩა კვარაცხელია, N77) ამ კალენდარული წლის დასაწყისში ბათუმის დინამოში გამოდიოდა - ქართულ კლუბში, რომელიც საერთაშორისო ყურადღებას ნაკლებად იმსახურებს. მაგრამ სერია A-ს 12 და ჩემპიონთა ლიგის 5 მატჩი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კვარაცხელიას შთაბეჭდილება ყველა ძირითად დამკვირვებელზე მოეხდინა და ამ პრესტიჟულ რეიტინგში სწრაფად დაწინაურებულიყო".

კრიშტიანოს ერიკ ტენ ჰაგთან ურთიერთობა გაუფუჭდა

ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გასულ ზაფხულს, დინამო ბათუმიდან 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 21 წლის შემტევმა ლუჩანო სპალეტის გუნდის მაისურით ყველა ტურნირის 17 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და მიითვალა ამდენივე საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები