Thumbnail
  • პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ბოლოდროინდელ სკანდალებზე ისაუბრა
  • 37 წლის ფორვარდი ბრუნო ფერნანდეშთან ურთიერთობაში პრობლემებს უარყოფს
  • კრიშტიანო ცნობილ ფოტოსესიას გამოეხმაურა, რომელშიც მესისთან ერთად ჩანს 

მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ, რომელიც ამჟამად პორტუგალიის ნაკრების განკარგულებაშია და კატარში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსასვლელად ემზადება, საწვრთნელ ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

რონალდო მედიის წინაშე პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელ ჟურნალისტთან პირს მორგანთან ინტერვიუში სახალხოდ გააკრიტიკა მანჩესტერ იუნაიტედის სამწვრთნელო შტაბი, კლუბის ხელმძღვანელობა და პოლიტიკა. ამის პასუხად "წითელმა ეშმაკებმა" გამოაცხადეს, რომ პორტუგალიელის საპასუხოდ "შესაბამისი ზომები" უკვე მიიღეს. 

შეკითხვაზე, თუ რამდენად სწორად იყო შერჩეული დრო სკანდალური ინტერვიუსთვის, კრიშტიანო ამბობს, რომ ის პორტუგალიის ნაკრებზე გავლენას არანაირად მოახდენს. 

"თქვენი მხრიდან იოლია იმის განსაზღვრა, როდის უნდა შევარჩიოთ შესაფერისი დრო. ზოგჯერ სიმართლეს წერთ, ზოგჯერ - ტყუილს. მე არ უნდა ვინაღვლო იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები. ვლაპარაკობ მაშინ, როდესაც ამის სურვილი მაქვს. ეს ყველამ იცის. გთხოვთ, ნუ დაუსვამთ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელებს შეკითხვებს ჩემზე. ჰკითხეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე". 

ფორვარდმა საკუთარ თავს "ტყვიაგაუმტარი" უწოდა და უარყო ბრუნო ფერნანდეშთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე ხმები, რომელთა მიზეზი პორტუგალიის ნაკრების შეკრებაზე გადაღებული ვიდეო გახდა. 

"უბრალოდ, ვხუმრობდი. მისმა თვითმფრინავმა დააგვიანა და ვკითხე: "ნავით მოცურავდი?". ფეხბურთელები დიდი ხანია მიცნობენ და იციან, როგორი ადამიანი ვარ. გასახდელში ყველაფერი კარგადაა. ეს ამბიციური გუნდია, რომელსაც მოგება სწყურია და მობილიზებულია".

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კომენტარი საჭადრაკო დაფასთან გაკეთებულ ფოტოსესიაზეც გააკეთა, რომელშიც მონაწილეობა არგენტინელ ფორვარდთან ლიონელ მესისთან ერთად მიიღო. 

"ეს ჩემი მეხუთე მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. მობილიზებული ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ქიში და შამათი - არის ის, რასაც არამხოლოდ ჭადრაკში, ცხოვრებაშიც ვაკეთებთ. მსურს ვიყო ის, ვინც მესის დააშამათებს ჭადრაკშიც და ფეხბურთშიც. 

მსოფლიოს ჩემპიონატი რომც მოვიგო, დებატები იმის შესახებ, რომელი ჩვენგანია უკეთესი, გაგრძელდება. ვიღაცას მე უფრო მოვწონვარ, ვიღაცას - ნაკლებად. ისე, როგორც ცხოვრებაში - ვიღაცას ქერა მოსწონს, ვიღაცას - შავგვრემანი. მსოფლიოს ჩემპიონატი ვიტრინა იქნება. მაგრამ თუკი კარიერაში ვეღარასდროს მოვიგებ ვერცერთ ტურნირს, მაინც ბედნიერი ვიქნები იმით, რასაც უკვე მივაღწიე".

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე H ჯგუფში გამოვა, სადაც მეტოქეებად განა (24 ნოემბერს), ურუგვაი (28 ნოემბერს) და სამხრეთ კორეა (2 დეკემბერი) ეყოლება. არგენტინის ნაკრები C ჯგუფში საუდის არაბეთთან (22 ნოემბერს), მექსიკასა (26 ნოემბერს) და პოლონეთთან (30 ნოემბერს) იბრძოლებს. 

კრიშტიანო რონალდოს და ლიონელ მესის მსოფლიოს ჩემპიონატებზე არასდროს გაუმარჯვიათ და დიდი შანსია, კატარის ტურნირი მათ კარიერაში ბოლო მუნდიალი იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები