Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირი ცდილობს კონტრაქტი გაუფორმოს ინგლისის ეროვნული გუნდის ამჟამინდელ თავკაც ედი ჯონსს, რომელსაც მიმდინარე ხელშეკრულების ვადა 2023 წლის მსოფლიოს თასის მერე ეწურება. ამ მოულოდნელ ინფორმაციას Rugbypass ავრცელებს ავსტრალიურ The Sydney Morning Herald-ზე დაყრდნობით.

როგორც ირკვევა, ჯონსთან მოლაპარაკებას აშშ-ს რაგბის კავშირი აწარმოებს, თუმცა, ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ქართველების შეთავაზების გადაფარვა მოუწევს. აი, რას წერს Rugbypass:

“ედი ჯონსი ახლოსაა იმასთან, რომ ინგლისის ნაკრებში გატარებული ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სამუშაო ადგილი შეიცვალოს და აშშ-ში აღმოჩნდეს. ამერიკელებს იმედი აქვთ, რომ ავსტრალიელ სპეციალისტთან 8-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებენ, რა შემთხვევაშიც ის აშშ-ს ნაკრებს სწორედ შტატებში 2031 წელს დაგეგმილ მსოფლიო თასზეც გაუძღვება.

ამერიკელების ამბიციური გეგმა ცოტა გაოცებას იწვევს იმის გათვალისწინებით, რომ მათი რაგბის კავშირი ორიოდ წლის წინ გაკოტრებულად გამოცხადდა. ამერიკელებისთვის კიდევ ერთ დიდი იმედგაცრუება ის იყო, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის დასკვნით საკვალიფიკაციო მატჩში პორტუგალიას ვერ მოუგეს და მომავალ ტურნირზე ვერ ითამაშებენ.

ამასთან, როგორც The Sydney Morning Herald წერს, აშშ-ს ნაკრებს სერიოზული კონკურენტი ეყოლება საქართველოს რაგბის კავშირის სახით, რომელიც მსოფლიო თასის ორგზის ფინალისტ მწვრთნელთან ხელშეკრულების გაფორმება ასევე სურს. ეს შემთხვევითი არაა, რადგანაც ედის ტიერ 2-ის გუნდებთან მუშაობის კარგი გამოცდილება აქვს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ვიხილეთ “ბრაიტონის სასწაული”, როდესაც 2015 წლის მსოფლიო თასზე იაპონიამ სამხრეთ აფრიკას მოუგო.

2020 წლის ნოემბერი: ედი ჯონსი ინგლისელებს Autumn Nations Cup-ზე საქართველოსთან მატჩისთვის ამზადებს

სწორედ ჯონსმა დაუდო სათავე “მამაცი ალუბლების” საოცარ პროგრესს, რომელთაც მომდევნო – 2019 წლის მსოფლიო თასზე (სწორედ იაპონიაში გაიმართა) უკვე მეოთხედფინალში გასვლა მოახერხეს.

აღნიშნული ამბები ნაკლებრეალურს ხდის ჭორებს, თითქოს ინგლისის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, ჯონსი სამშობლოში დაბრუნებასა და იქ NRL-ის ბინადარ საუზ სიდნი რებითსის ჩაბარებას გეგმავდა. ედის სახელი ამ კლუბს მაშინ დაუკავშირეს, როდესაც “ვარდები” ავსტრალიურ ტურნეზე (ივლისში) იმყოფებოდნენ. 

ცნობილია ხდება ისიც, რომ ჯონსის შემდეგ, ინგლისის ნაკრებში დანიშვნის ყველაზე დიდი შანსი ახალზელანდიელ სკოტ რობერტსონს აქვს, რომელიც ამჟამად კრუზეიდერსს წვრთნის. სხვა საქმეა, რომ ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბის კანდიდატურას თავად ზელანდიელებიც სერიოზულად განიხილავენ და ცხადია, რომ თუ რობერტსონს “ოლ ბლექსში” დანიშვნა შესთავაზეს, ის ამაზე უარს ვერ იტყვის”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ლევან მაისაშვილია, რომელიც 2020 წელს ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგის წასვლის შემდეგ ჯერ დროებით თავკაცად დაინიშნა, 2021 წლიდან კი სრულფასოვანი კონტრაქტი მიიღო. მაისაშვილის ხელში “ბორჯღალოსნებს” ძალიან წარმატებული წელი ჰქონდათ: ზაფხულში ბათუმში იტალია დაამარცხეს, ორიოდ დღის წინ კი, კარდიფში უელსსაც სძლიეს.

2023 წელს ქართველ მორაგბეებს ზედიზედ მე-6 მსოფლიო თასი ელით. “ბორჯღალოსნები” C ჯგუფში მოხვდნენ და საფრანგეთში დაგეგმილი ტურნირის ეგიდით ხსენებულ უელსს, ავსტრალიას, ფიჯისა და პორტუგალიას შეხვდებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები