Thumbnail
  • ბრაზილიელს ეჭვი არ ეპარება, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს მისი ნაკრები მოიგებს
  • გერმანულმა ბილდმა მისი საქციელი არ მოიწონა და ანტიგმირობა უწინასწარმეტყველა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები კატარში სულ ერთი დღეა ჩავიდა და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჯერაც არ ჩაუტარებია, გუნდის უმთავრესი ვარსკვლავი ნეიმარი კი უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა, თანაც არასაფეხბურთო კუთხით.

საქმე ის გახლავთ, რომ პსჟ-ს თავდამსხელმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც მისი შორტი მოსჩანს, ზედ კი 6 ვარსკვლავია დატანილი. ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალი 5-ჯერ აქვს მოგებული, ნეიმარმა კი მიანიშნა, რომ მორიგ ტრიუმფში ეჭვი არ ეპარება.

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ბოლო ვარჯიშზე კატარში

აღსანიშნავია, რომ ნეიმარის ამ საქციელს არცთუ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ყველაზე შორს გერმანული Bild წავიდა, რომელმაც მომხდარს “ნეიმარის მხრიდან მედიდურობის შეტევა” უწოდა. გერმანული გაზეთი წერს, რომ ნეიმარმა საკუთარ თავზე ძალიან ბევრი აიღო, რადგანაც თუკი ბრაზილიამ ოქროს მედლები ვერ მოიპოვა, ის შესაძლოა, ანტიგმირადაც კი იქცეს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატები 1958, 1962, 1970, 1994 და 2002 წლებში აქვს მოგებული. სელესაოს ფორმაზე 5 ვარსკვლავი სწორედ ამ წარმატებულ ტურნირებს გამოხატავს. ახდება თუ არა ნეიმარის მინიშნება, მალე ვნახავთ. ბრაზილიის ნაკრები მუნდიალზე G ჯგუფში მოხვდა სერბეთთან, შვეიცარიასთანა და კამერუნთან ერთად. სელესაოს სასტარტო თამაში 24 ნოემბერს სერბეთთან ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები