Thumbnail
  • რამაზ სვანაძემ უკრაინასთან მატჩსა და ზოგადად, გუნდის შეკრებაზე ისაუბრა
  • საქართველოს U21 ნაკრების მწვრთნელი გიორგი წიტაიშვილის საკითხს შეეხო

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უკრაინასთან ფრედ (1:1) დასრულებული ამხანაგური მატჩი შეაფასა. 

სვანაძემ ევროპოპთან საუბარში აღნიშნა, რომ გიორგი წიტაიშვილმა ახალგაზრდულ გუნდში თამაშის სურვილი თავად გამოთქვა. 

...შეკრებაზე: არასასურველი შედეგების მიუხედავად, ძალიან ნაყოფიერი შეკრება გვქონდა. 10 დღე ერთად ვიყავით, ბევრ ახალ ფეხბურთელს მიეცა შანსი. მათ შესახებ უკვე უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს, რაც სელექციის პროცესში ძალიან დაგვეხმარება. გუნდში დიდი კონკურენციაა და ბოლოს არჩევანის გაკეთება მოგვიწევს. მინდა აღვნიშნო, რომ შანსი რამდენიმე ახალწვეულმა გამოიყენა, რასაც გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებლად გავითვალისწინებთ. ეს პირველი შეკრება იყო მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომელი გუნდები გვეყოლება მეტოქეებად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. შეკრებაც მოწინააღმდეგეების სათამაშო სტილიდან გამომდინარე დაიგეგმა, ჩვენს ტაქტიკაში ბევრი რამ შევცვალეთ.

...უკრაინასთან მატჩზე: წინა შეხვედრაში დაშვებული შეცდომა რომ აღარ გავიმეორეთ და გაშვებული გოლის შემდეგ არ ავირიეთ, ეს ბევრი საუბრისა და ფსიქოლოგიური მუშაობის შედეგია. გამოცდილების ნაკლებობის გამო ისრაელის ნაკრებს მეორე ტაიმში უდიდესი უპირატესობა მივეცით, რაც ზუსტად ფსიქოლოგიური პრობლემა იყო. ვეთამაშეთ გუნდებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ და ასეთ შეხვედრებში თითოეულ შეცდომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამის პარალელურად, ბიჭებმა საკუთარი ძალების მეტად ირწმუნეს და დღეს უკეთესად ამიტომაც გამოვიყურებოდით. მართალია, პირველ ტაიმში რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, თუმცა უკრაინასთან ფრე სამართლიან შედეგად მიმაჩნია. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ რაღაც მომენტებში კონცენტრაციას ვკარგავთ და ეს ძვირად გვიჯდება, რაზეც სამუშაო გვაქვს. 

...წიტაიშვილსა და გოჩოლეიშვილზე: ცალკე მინდა აღვნიშნო ორივე გიორგის შესახებ, რომლებიც თამაშის დღის დილით გამოგვაკლდნენ, რადგან ორივეს მაღალი სიცხე ჰქონდა. გოჩოლეიშვილი ჩვენი ნაკრების წევრია, ბევრი მატჩი ჩაუტარებია, იცის ჩვენი თამაშის, ჩვენი ფილოსოფიის შესახებ და ამ მხრივ წიტაიშვილის უკრაინასთან შეხვედრაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არა მხოლოდ შედეგის კუთხით, არამედ იმ მიზნიდან გამომდინარე, რაც დასახული გვაქვს - ევროპის ჩემპიონატზე კარგ გამოსვლას ვგულისხმობ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, U21 ნაკრებში თამაშის სურვილი გიორგი წიტაიშვილმა თავად გამოთქვა და ის ნებისმიერი ფეხბურთელისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. რადგან, ჩვენს გუნდს წინ ძალიან დიდი ფორუმი ელოდება და ყველა ძლიერი მოთამაშე ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა თამაშობდეს. 

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ნოემბერში ორი ამხანაგური მატჩი გამართა - ისრაელთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა (1:2), ხოლო უკრაინასთან ფრედ ითამაშა. რამაზ სვანაძის გუნდი მომდევნო შეკრებას 2023 წლის მარტში გაივლის.

კომენტარები

ბოლო ამბები