- ნიდერლანდების ნაკრები ფრენკი დე იონგზეა დამოკიდებული
- ეს ლუის ვან გაალის ბოლო ტურნირია
- ვან გაალის ფეხბურთი უფრო ორგანიზებული და სტრუქტურული გახდა
მსოფლიოს ჩემპიონატი მოსაწყენად და დუნედ დაიწყო. პრინციპში ეს მოსალოდნელიც იყო - პირველი ტური ყოველთვის ცოტა სიფრთხილის და ფორმაში შესვლისაა. მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ეროვნულ გუნდებს ამჯერად არ ჰქონიათ ის 3-4-კვირიანი მონაკვეთი, რომელიც მწვრთნელებს დიდი ტურნირების წინ მაის-ივნისში აქვთ ხოლმე. ეს სწორედ ის მონაკვეთია, როცა გუნდი გუნდს უნდა დაემსგავსოს, თამაში დახვეწოს, თავისი ტემპი და სიჩქარე იპოვოს და ერთიან ორგანიზმად იქცეს. სწორედ ამიტომ დაბალი ტემპი არ უნდა გაგვიკვირდეს.
ზოგადად, დიდი მიზნებისთვის მებრძოლმა დიდმა გუნდებმა იციან, რომ მუნდიალის სტარტს ფორმის პიკში არ უნდა შეხვდე. უმჯობესია, როცა სათამაშო ფორმას ტურნირის მსვლელობის დროს უმატებ და პიკს პლეიოფებისთვის აღწევ.
საერთოდაც, ორი თამაში ველოდეთ, ისეთი მატჩი რომ გვენახა, როცა ფეხბურთის თამაში ორივე გუნდს შეუძლია. სენეგალი ცუდი ნამდვილად არ იყო, პირიქით, მომენტებში ჯობდა კიდეც მეტოქეს, მაგრამ ბოლოს მაინც ნიდერლანდებმა კლასით მოუგო.
კლასით მოგებაა, როცა თამაშში ბევრი არაფერი გამოგდის, თუმცა უხეშ, საგოლე შეცდომას არ უშვებ, მეტოქის ზეწოლას უძლებ და იქით ელოდები, როდის იპოვი იმ ერთ მომენტს ან შეცდომას, რომელიც გოლით დასრულდება. ნიდერლანდებს კარში დარტყმა კი არა, ხეირიანი შეტევა არ ჰქონიათ, სანამ 84-ე წუთზე კოდი გაკპომ ფრენკი დე იონგის ძალიან მაგარ პასზე ძალიან მაგრად არ შეირბინა და მეკარის ცუდი გამოსვლით ისარგებლა. პასი, გაკპოს შერბენა და თავად დარტყმა უმაღლესი კლასის იყო.
ცოტა უცნაურია და ამ ნიდერლანდებს შეტევაში ძალიან უჭირს. მაღალი, მსოფლიო კლასის მოთამაშეები წინა ხაზში საკმარისი რაოდენობით არ ჰყავთ. ვან გაალიც იმ ფეხბურთს თამაშობს, რომელიც მის გუნდს ყველაზე მეტად აწყობს. 3-5-2 სისტემა მას საშუალებას აძლევს, დაცვის ხაზში ერთდროულად სამი მსოფლიო კლასის მცველი ჰყავდეს. ის კი არა, სტეფან დე ვრეი საერთოდ სკამზე უზის, ძირითადში ვერ ხვდება. ფლანგებზე დუმფრისი და ბლინდი თამაშობენ. ერთდროულად სამი ნახევარმცველი მოედნის ცენტრს ამაგრებს და ჯამში ძალიან კომპაქტური გუნდი გამოდის.
გუშინ თამაშის დეტალურ სტატისტიკას ჩავხედე და თვალში ერთი დეტალი მომხვდა: ნიდერლანდების მოთამაშეების საშუალო პოზიციები აჩვენებდა, რომ მთელი გუნდი ძალიან კომპაქტურად, 40-მეტრიან ზოლშია განლაგებული. ანუ სისტემა ითვლის, მოთამაშე თამაშის მანძილზე ყველაზე ხშირად მოედნის რა მონაკვეთში იმყოფება. მეტოქის კარის სიახლოვეს, ბოლო 30 მეტრში, ნიდერლანდებს ასეთი მოთამაშე არ ჰყავდათ. არც თავის ნახევარზე, პირველ 30 მეტრში. მთელი გუნდი მოედნის ცენტრში, ძალიან მჭიდროდ არის განლაგებული. სწორედ ამიტომაც, სენეგალის შეტევების მხოლოდ 15 პროცენტი წარიმართა ცენტრიდან. ფლანგებზე ნიდერლანდები იოლად გიშვებს იმიტომ, რომ დე ლიხტი-ვან დაიკის წინააღმდეგ ჩაწოდებების არ ეშინია.
ნიდერლანდების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ზედმეტად არის დამოკიდებული ფრენკი დე იონგზე. დე იონგი გუშინ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. შეტევებს თავისი ნახევარიდან იწყებდა და პირადად იყო პასუხისმგებელი ბურთის მოძრაობასა და მეტოქის ნახევარზე მის გადატანაზე. დე იონგის გარეშე, უფრო სწორად, როცა მას მჭიდროდ ეთამაშებიან, ნიდერლანდებს ბურთის მოძრაობა ძალიან გაუჭირდება. გუშინ ის საყრდენის პოზიციასაც ასრულებდა და შეტევებს იწყებდა, და ათი ნომერიც იყო, მეტოქის ნახევარზე ამ შეტევებს ხელმძღვაბნელობდა. სწორედ ამიტომ, გუნდში ყველაზე მეტი შეხება ბურთთან სწორედ მას ჰქონდა (81) და პასების რაოდენობითაც (62) მეორე ადგილზე იყო, მხოლოდ ნათან აკეს ჩამორჩა. არადა, ორივე ამ კომპონენტში, ჩვეულებრივ, მცველები ლიდერობენ ხოლმე.
ზოგადად, ლუი ვან გაალს თითქმის 30 წელია ვუყურებ და უცნაური ტრანსფორმაცია განიცადა. 90-იანებში ვან გაალის ფეხბურთი ყველაზე შემოქმედებით და კომბინაციურ თამაშთან ასოცირდებოდა. მისი აიაქსი მოვლენა იყო ევროპულ ფეხბურთში. ამ საუკუნეში, ბოლო 10 წელია მაინც, ვან გაალის ფეხბურთი დოგმატური, უკიდურესად დისციპლინირებული და ორგანიზაციულია. ანუ სათამაშო დისციპლინა და ორგანიზაცია, რომ შემოქმედებაზე მაღლა დგას, ის შემთხვევაა. ვან გაალს უყვარს ბურთის სტერილური ფლობა, ანუ ფლობა არა თამაშის გამწვავების, არამედ დროის კონტროლის, ტემპის დაგდების და მომენტის ლოდინისთვის. მოკლედ, ეს ნიდერლანდებიც 2014 წლის გუნდს ჰგავს. მაშინ ვან გაალმა თავისი ძალიან რაციონალური და დისციპლინირებული თამაშით გუნდი ნახევარფინალამდე გაიყვანა. უბრალოდ, მაშინ, ნიდერლანდებს რობინ ვან პერსი და არიენ რობენი ჰყავდა. ახლა?! ახლა საპლეიოფო შანსებისთვის მემფისი ფორმაში უნდა შევიდეს და გაკპომ ისე ითამაშოს, როგორც ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშემ.
თუმცა, ლუის აქვს უფლება, რომ ისეთი გუნდი ჰყავდეს, როგორსაც თვითონ მიიჩნევს საჭიროდ. "მე მიყვარს სტრუქტურა, წესები და დისციპლინა", - ეს მისი ფრაზაა მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან. ლუის არც თვითრწმენა აკლია. ამავე ფილმში ასეთი სცენაც არის: ბავშვი მას ეკითხება: "იოჰან კრუიფი იყო ხომ ყველა დროის საუკეთესო?" "როგორც მოთამაშე კი, როგორც მწვრთნელი მე ვარ, შედეგები ამას ადასტურებს", - სრულიად სერიოზულად პასუხობს ლუი. აიაქსთან ერთად მოგებული ჩემპიონთა ლიგის, ალკმაართან ერთად ჩემპიონობის, ბევრი სხვა ტიტულის და 30-წლიანი ლეგენდარული კარიერის შემდეგ, ლუი ვან გაალში ეჭვს ვერავინ შეიტანს.
ზოგადად, ჩემთვის ვან გაალი მთავარი მიზეზია ნიდერლანდებს ღირსეული ტურნირი რომ ვუსურვო. ეს ლუისთვის ბოლო ტურნირია. 10 წელზე მეტია ფეხბურთიდან მიდის, უნდა რომ პორტუგალიაში დასახლდეს და ახლა, თავის ბოლო ტურნირს თამაშობს. მუნდიალზე ყოფნისთვის მან კიბო დაამარცხა. მატჩებზე ეტლში ჩამჯდარი ვან გაალი თუ გვახსოვს, ეს სწორედ ქიმიოთერაპიის და კიბოსთან ბრძოლის შედეგი იყო და არა ველოსიპედიდან გადმოვარდნის, როგორც ის ატყუებდა გარშემომყოფთ, მათ შორის თავის ფეხბურთელებს.
როცა ბერგჰუისმა საავადმყოფოში მყოფ ლუის მხარდასაჭერი SMS გაუგზავნა, პასუხად მიიღო - "იმედი მაქვს, მზად ხარ მსოფლიო ჩემპიონობისთვის". ლუის ტრაგიკული ისტორიიაც აქვს, პირველი ცოლი, ფერნანდა, ძალიან ახალგაზრდა სწორედ კიბოს გამო დაკარგა. ახლა, ძალიან დიდი ძალა, სიჯიუტე და გამბედაობა გჭირდება მისი ასაკის და ჯანმრთელობის კაცი, პორტუგალიაში მზეზე ნებივრობის ნაცვლად, მუნდიალის სტრესს და პასუხისმგებლობას რომ ირჩევს. ტრუუსი, მისი მეორე ცოლი, იხსენებდა, რომ რამდენჯერაც ლუი მას ფეხბურთიდან წასვლას დაპირდა, იმდენჯერ სახლში ფურცლებში შეამჩნია, სხვადასხვა სისტემას და შემადგენლობებს რომ ხაზავს. სხვანაირად ალბათ ვერც იქნება - ლუი ვან გაალი ფეხბურთის კაცია და თან ძალიან დიდი კაცი. კრუიფის და მიხელსის გვერდზე მისი მოხსენიება რომ არ მოგერიდება, ისეთი კაცია.
ნიდერლანდებმამდე ინგლისი ვნახეთ, რომელმაც ცალი ფეხით მოუგო ირანს, თან 6 გოლი გაუტანა. არადა, ირანი აზიის კონტინენტზე მრისხანე ძალაა. წინა მუნდიალებზე გვახსოვს, ირანმა ესპანეთი და არგენტინა როგორ აწვალა. მიიჩნევა, რომ აზიაში ირანზე მაგრად დაცვაში ვერავინ თამაშობს.
იქამდე, გახსნის დღეს, კატარის ნაკრები ვნახეთ, რომელიც ანეკდოტურად ცუდი გუნდია. ჩემთვის მერვე მსოფლიო ჩემპიონატია და ასეთი ცუდი გუნდი მართლა არ მახსოვს. ძალიან მეეჭვება დღეს საუდის არაბეთმა გაგვაოცოს არგენტინის წინააღმდეგ. სრულიად სამართლიანად ჩნდება კითხვა - ჯამში აზიის კონტინენტიდან ხუთი კვოტა რამდენად გამართლებულია? მაშინ, როცა მუნდიალს მიღმა დარჩნენ ძალიან სიმპათიური კოლუმბია და ჩილე, ეგვიპტეს და სენეგალს ერთი საგზურისთვის უწევდათ ბრძოლა, ერთი საგზურისთვის იბრძოდნენ იტალია და პორტუგალია.
ნელ-ნელა ჩემპიონატიც გახურდება. ჯერ მოთელვა იყო.
კომენტარები