Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 123:102 ორლანდო მეჯიქი
  • მილიოკი ბაქსი 119:111 პორტლენდ თრეილ ბლეიზერსი

NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატში მორიგი მატჩები მოიგეს ქართველი კალათბურთელების გუნდებმა - მილუოკიმ და ინდიანამ, თუმცა თავად სანდრო მამუკელაშვილსა და გოგა ბითაძეს სათამაშო დრო საკმაოდ მცირე ჰქონდათ.

ინდიანამ ორლანდო მიიღო და მეტოქე დამაჯერებლად, 21 ქულის სხვაობით დაამარცხა. მეტნაკლები ბრძოლა მხოლოდ თამაშის დასაწყისში იყო, დიდი შესვენების შემდეგ კი პეისერსის უპირატესობა ძალიან თვალსაჩინო გახდა. მასპინძელთა რიგებში 22 ქულით გამორჩეული ბენედიკტ მატურინი იყო. 19 ქულა და 10 პასი მიითვალა ტი ჯეი მაკონელმა, ხოლო ტაირის ჰალიბურტონმა - 18 ქულა და 14 პასი. რაც შეეხება პეისერსის ქართველ ცენტრს, გოგა მოედანზე სულ 4:34 წუთით გამოჩნდა, პერიმეტრიდან ერთხელ ისროლა და ისიც არაზუსტად, მის აქტივში კი თითო მოხსნა და ჩაჭრაა. 

ინდიანა პეისერსმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო და 16 თამაშიდან 10 მოგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას გოგას გუნდი 24 ნოემბერს, შინ მინესოტასთან ჩაატარებს. 

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილის მილუიკის, იანის ანტეტოკუნმპომ და კომპანიამ პორტლენდთან მძლავრად განსაკუთრებით მესამე პერიოდი ჩაატარეს და მატჩის ბედი გადაწყვიტეს. გამორჩეული ბაქსის ბერძენი ვარსკვლავი იყო, რომელმაც თამაში 37 ქულით დაასრულა. მის ანგარიშზე ასევე 7 მოხსნა და 6 პასი იყო.  პორტლენდში 29 ქულა ანფერნი საიმონსს ჰქონდა, ხოლო იუსუფ ნურკიჩი მატჩში ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი გახდა - 16 ქულა, 10 მოხსნა.  

NBA-ს G ლიგის ვისკონსინიდან ბაქსში დაბრუნებულმა სანდრომ მატჩის მიწურულს, სუკ 1:23 წუთით ითამაშა და დანქის შესრულება და შეტევაში ბურთის მოხსნა მოასწრო.  

მილუოკი ბაქსი 16 მატჩში 12 მოგებით, დასავლეთ კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა, მომდევნო თამაშს კი 24 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე ჩიკაგოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები