Thumbnail

'ეს ის საქართველო აღარაა' - ბორჯღალოსნებმა უელსს სტატისტიკაშიც აჯობეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

შემოდგომის სარაგბო ტესტების ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გასული უქმეების მატჩები სტატისტიკურად შეაფასა და ერთ-ერთი ქვეთავი სრულად საქართველოს ნაკრებს დაუთმო. ეს გასაკვირი ნადვილად არაა, რადგანაც “ბორჯღალოსნებმა” კარდიფში სენსაციური გამარჯვება (13:12) ხომ იზეიმეს და რაც ყველაზე მთავარია, მრისხანე მეტოქესთან მთელი რიგ კომპონენტებში უპირატესობაც ჰქონდათ.

“საქართველოს ნაკრები ყოველთვის გამორჩეული იყო თავისი შერკინებით, თუმცა, უელსთან მოგებულ მატჩში ხელდახელ თამაშშიც ბრწყინვალედ წარმოჩინდა. ლევან მაისაშვილის გუნდმა მეტოქის ხაზი 4-ჯერ გაჭრა, როდესაც მასპინძლებს მხოლოდ 2 გაჭრა ჰქონდათ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, როგორი სახიფათო გახდა საქართველო ღია თამაშში. უორენ გეტლენდის ჩანაცვლების შემდეგ, უეინ პივაკის ხელში უელსი უფრო ლაღი გუნდი უნდა გამხდარიყო, თუმცა, "ლელოებთან" შეხვედრაში ასეთი ვერაფერი ვიხილეთ. საქართველოს ნაკრებს მეტოქის ხუთის წილ ექვსი ოფლოუდი მოუგროვდა და ბურთის კონტროლიც მათ მხარეს იყო: 54%. ცხადია, საქართველოს ნაკრებისთვის შერკინება ისევ მძლავრ იარაღად რჩება და მან გადამწყვეტი სიტყვა თქვა თამაშის ბოლო ათ წუთში, როდესაც უელსი 4-ჯერ დააჯარიმეს. სხვა საქმეა, რომ ეს საქართველო ის გუნდი ნამდვილად არაა, რომელიც მხოლოდ პირველი ხაზის მორაგბეებზე იყო დამოკიდებული. მათი ფულბექი დავით ნინიაშვილი მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ უკანახაზელად შეგვიძლია მივიჩნიოთ”.

საქართველოს ნაკრების უელსში მოგებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა

სხვათა შორის, Autumnnationsseries-ზე ნოემბრის მე-3 კვირის ტესტების საუკეთესო მორაგბის გამოვლენაც მიმდინარეობს და სასიხარულოა, რომ ოთხ საუკეთესოს შორის საქართველოს ნაკრების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძეც მოხვდა (ის კარდიფული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს). გამოკითხვაში ლობჟანიძის კონკურენტები ფრედი სტიუარდი (ინგლისი), კურტ-ლი არენდსე (სამხრეთ აფრიკა) და ფინ რასელი (შოტლანდია) არიან.

ამავდროულად, შემოდგომის სერიების საიტმა გასული ტესტების 5 ტოპ-მოვლენაც გამოარჩია და ამ შემთხვევაშიც, საქართველოს ნაკრები წინა პლანზე იყო. “ბორჯღალოსნების” წარმატება ყველაზე მნიშვნელოვან ამბად იქნა მიჩნეული და ჩამონათვალში პირველ ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები