- არგენტინა 1:2 საუდის არაბეთი
- კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი და დიდი სენსაცია მოხდა
- არგენტინის ნაკრების 36-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შეწყდა
- 'ამაზე მეტი ანალიზი არ გვჭირდება' - რა თქვა არგენტინის მწვრთნელმა მატჩის შემდეგ
- 'არანაირი გამართლება არ არსებობს' - მესიმ მარცხზე ისაუბრა
- ლაუტარო მარტინესი: იმაზე უნდა ვიფიქროთ, წინ რა გველოდება
- 'მეტოქემ მახე დაგვიგო' - ანხელ დი მარია საუდის არაბეთთან წაგებაზე
მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი შედეგია - მოულოდნელზე რომ აღარაფერი ვათქვათ...
ლიონელ მესიმ კარიერის მთავარი მიზნისკენ სვლა მეხუთედ და დიდი ალბათობით, ბოლოჯერ დაიწყო, მაგრამ ძალიან წარუმატებლად. კატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად შერაცხულმა არგენტინის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი საუდის არაბეთთან ჩაატარა და სენსაციურად დამარცხდა.

ქალაქ ლუსაილში გამართულ მატჩში ფრანგი ერვე რენარის გაწვრთნილმა ნაკრებმა "ალბისელესტეს" პირველივე წუთებიდან მაღლა აწეული დაცვის ხაზი და თავის საჯარიმოს მისადგომებთან საკმაოდ ხისტი და თამამი თამაში დაუპირისპირა და მართალია, მხოლოდ ათი წუთი გაძლო გოლის გაუშვებლად, მაგრამ მთლიანობაში, ამ ტაქტიკამ გაამართლა - არაბებმა ფავორიტს არ მისცეს იმ თამაშის ჩვენების საშუალება, რომელსაც მისგან ყველა ელოდა და ტურნირის პირველი სენსაცია მოახდინეს.
ანგარიში კი ასე გაიხსნა - არბიტრმა ლეანდრო პარედესზე უხეშობის ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა და 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ლიონელ მესიმ გოლად ძალიან მშვიდად აქცია - 1:0.

პირველ ტაიმში არგენტინელებს გატანილი სამი გოლი გაუუქმეს, ჯერ ლეო მესის, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ - ლაუტარო მარტინესს. სამივე შემთხვევაში თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, რაც ეფექტური იარაღი აღმოჩნდა საუდის არაბეთის ნაკრების მცველების ხელში არგენტინელთა წინააღმდეგ. პირველ 45 წუთში არგენტინელები ჯამში 7-ჯერ მოხვდნენ თამაშგარეში.
შესვენების შემდეგ მოედანზე გასული ლიონელ სკალონის გუნდი შოკში ჩავარდა - ხუთწუთიან მონაკვეთში საუდის არაბეთის ნაკრებმა ორი გოლის გატანა მოახერხა. ჯერ თავდამსხმელმა სალეჰ ალშეჰრიმ გაათანაბრა, შემდეგ კი ნახევარმცველმა სალემ ალდავსარიმ მოუჭრა ბურთი ემილიანო მარტინესს შორეულ კუთხეში ზუსტად - 1:2.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ნაკრებს მატჩის გადასარჩენად დრო საკმაოდ ჰქონდა და არც მცდელობები დაუკლია ამისთვის, საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელების თავგანწირულმა და ბუნებრივია, დროის გაყვანაზე ორიენტირებულმა თამაშმა თავისი შედეგი გამოიღო. "ალბისელესტემ" წააგო და ჯგუფიდან გასვლის ამოცანა გაირთულა.
არგენტინის ნაკრები მუნდიალის C ჯგუფში მომდევნო მატჩს 26 ნოემბერს, მექსიკასთან ჩაატარებს, საუდის არაბეთი კი ამავე დღეს პოლონეთს ეთამაშება.

TOP ფეხბურთელი
რა თქმა უნდა, საქებარ სიტყვებს მთლიანად საუდის არაბეთის ნაკრები და მისი მთავარი მწვრთნელი ერვე რენარი იმსახურებენ, ამ ისტორიულ მიღწევაში კი უდიდესი წვლილი შემტევებს - სალეჰ ალშეჰრისა და სალემ ალდავსარის მიუძღვით, რომლებმაც გოლები გაიტანეს, თუმცა ჩვენ მოჰამედ ალოვაისს გამოვარჩევთ. ალ ჰილალის 31 წლის მეკარემ მართალია მესის პენალტს ვერაფერი მოუხერხა და სწრაფი გოლი მიიღო, მაგრამ მთლიანობაში 5 სეივი მიითვალა. ალოვაისმა ლიონელ მესის, ლენდრო პარედესს, ნიკოლას ტალიაფიკოს, ანხელ დი მარიას და ხულიან ალვარესს არ გაატანინა.

მნიშვნელოვანი ფაქტები
🟠 ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით 166-ე მატჩი ჩაატარა და 92-ე გოლი გაიტანა.
🟠 35 წლის მესი გახდა პირველი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ოთხ ჩემპიონატზე შეძლო გოლის გატანა (2006, 2014, 2018 და 2022 წლებში). დიეგო მარადონას და გაბრიელ ბატისტუტას სამ მუნდიალზე აქვთ გატანილი.
🟠 მესი გახდა მეოთხე მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ხუთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მანამდე ეს ანტონიო კარბახალმა, რაფაელ მარკესმა (ორივე მექსიკა) და ლოთარ მათეუსმა (გერმანია) შეძლეს.
🟠 მესის მუნდიალებზე ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში თამაშიდან მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. ბოლოს არგენტინელმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშიდან 2014 წელს გაიტანა - ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიასთან (3:2) დუბლი შეასრულა. 2018-ში ლეომ 1 გოლი შეაგდო და ისიც პენალტით.
🟠 არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა 2019 წლის შემდეგ პირველად წააგო. მაშინ “ალბისელესტე” კოპა ამერიკის ნახევარფინალში ბრაზილიასთან დამარცხდა - 0:2.
🟠 ამ თამაშამის წინ ლიონელ სკალონის გუნდის წაუგებელი სერია 36 მატჩს შეადგენდა და საუდის არაბეთთან არწაგების შემთხვევაში, იტალიის ნაკრების რეკორდს გაიმეორებდა, რომელმაც 2018-2021 წლებში ჩატარებული ზედიზედ 37 შეხვედრიდან არცერთი დათმო.
🟠 არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში მინიმუმ 2 გოლი პირველად გაუშვა 1974 წლის შემდეგ. მაშინ არგენტინელები პოლონეთთან ანგარიშით 2:3 დამარცხდნენ.
არგენტინა 1:2 საუდის არაბეთი
გოლი: 1:0 მესი (10’), 1:1 ალშეჰრი (48'), 1:2 ალდავსარი (53')
არგენტინა (4-2-3-1): მარტინესი - მოლინა, რომერო (ლისანდრო მარტინესი, 59'), ოტამენდი, ტალიაფიკო (აკუნია, 71') - დე პაული, პარედესი (ფერნანდესი, 59') - დი მარია, მესი, გომესი (ალვარერსი, 59') - ლაუტარო.
საუდის არაბეთი (4-4-1-1): ალოვაისი - აბდულჰამიდი, ალტაბმაკტი, ალბულაიჰი, ალშაჰრანი (ალბურაიიი, 90+9) - ალშეჰრი (ალგანამი, 78'), კანო, ალმალკი, ალდავსარი - ალფარაჯი (ალაბიდი, 45+4', ალამრი, 88') - ალბრიკანი (ასირი, 89').
კომენტარები