Thumbnail

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში (NCAA) ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები ითამაშეს. ნიკა მეცხვარიშვილის ლუიზიანა მონრო სტუმრად ლუიზიანა ტექ-თან დამარცხდა - 58:79. ქართველმა ფორვარდმა ამ სეზონში ყველაზე ცოტა ქულა მოუტანა გუნდს. ის სასტარტოში იყო და 27 წუთში 5 ქულა მიითვალა (4 სამქულიანი სროლიდან მხოლოდ 1 იყო ზუსტი). მის ანგარიშზე იყო თითო მოხსნა, პასი და დაფარება, ასევე 3 ჩაჭრა. პასივში 3 დაკარგვა და 4 პერსონალური შენიშვნა. ლუიზიანა მონრო, რომელსაც ამ სეზონში 2-3 ბალანსი აქვს, 25 ნოემბერს ომაჰას შეხვდება.

ნიკა მეცხვარიშვილმა 5 ქულა მიითვალა

საბა გიგიბერიას სან ფრანცისკომ შინ ჩრდილო აიოვას 75:69 მოუგო. ქართველი ცენტრი კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო, მაგრამ მან მხოლოდ 6 წუთი ითამაშა: 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. საბამ ამ მოკლე დროში 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. სან ფრანცისკოს ყველა მოგება აქვს (5-0), 22 ნოემბერს გიგიბერიას გუნდი ვიჩიტა სტეიტს ხვდება.

ვლადიმერ სალარიძის რივერსაიდმა ოქსიდენტალს 106:30 მოუგო. 76-ქულიანი სხვაობა ყველაფერზე მეტყველებს. ქართველმა კალათბურთელმა 14 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. სათადარიგო მოთამაშეებიდან, ქართველ ფორვარდს ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა. მეორე დღეს რივერსაიდმა ვებერ სტეიტს 72:65 მოუგო. სალარიძემ 10 წუთი ითამაშა: 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი. რივერსაიდს 4-2 ბალანსი აქვს და ახლა რაით სტეიტს ხვდება. 

II დივიზიონში ბუკა ფეიქრიშვილის ამერიკის საერთაშორისო კოლეჯმა (AIC) პოსტ უნივერსიტეტთან 58:84 წააგო. ფეიქრიშვილმა სასტარტოში ითამაშა, მან 23 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. AIC-ს 0-4 ბალანსი აქვს, შემდეგი მეტოქე ასუმპშენია. 

ქალთა კოლეჯთა ლიგაში ნატალია ოთხმეზურის აიონამ 65:56 მოუგო SHU-ს, ნატალიამ 13 წუთში ქულა ვერ გააკეთა, სამივე სამქულიანი ააცილა. 

კომენტარები

ბოლო ამბები