Thumbnail
  • ქართველი კალათბურთელი ათენური მატჩისთვის მომჯობინებას ვერ ასწრებს
  • ვირტუს ბოლონიას ბერძნულ კლუბთან დაპირისპირება 23 ნოემბერს ელის

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ისევ ტრავმირებულია და დიდი ალბათობით, ევროლიგაში ვირტუს ბოლონიას მორიგ მატჩს გამოტოვებს.

როგორც Basketnews წერს, იტალიური კლუბის ლაზარეთში სემი ოჯელეიე და შენგელია რჩებიან, თუმცა, ნიგერიელ ფორვარდს უკეთესი შანსი აქვს, რათა ათენის პანათინაიკოსთან მატჩისთვის მომჯობინება მოასწროს.

შეგახსენებთ, რომ თოკო სანაკრებო პაუზის შემდეგ დაშავდა და უკვე გამოტოვა ბოლონიელთა 2 მატჩი: ვალენსიათან ევროლიგაში და ტრენტოსთან – სერია A-ში. როგორც ვირტუსის მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ თქვა, იმის შანსი, რომ თორნიკემ ოთხშაბათის მატჩისთვის მწყობრში ჩადგომა მოასწროს, ძალიან მცირეა.

ვირტუსს ბოლო შეხვედრაში ხსენებული წყვილის გარდა, ეფე ლუნდბერგიც დააკლდა (თავს შეუძლოდ გრძნობდა), სერბი ვეტერანი მილოშ ტეოდისიჩი კი განაცხადში დასვენების მიზნით არ ყოფილა.

ცნობისთვის, ოჯელეიე და ლუნდბერგი ბოლონიელთა საუკეთესო სამეულში არიან სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით, ამასთან, სემი მოხსნების მხრივ მე-2 ადგილზეა. 

ვირტუს ბოლონია ათენში პანათინაიკოსს 23 ნოემბერს ეთამაშება. ამ დროისთვის, ქართველი კალათბურთელის გუნდს 4-4 მოგება-წაგებით ევროლიგაში მე-9 ადგილზეა, ბერძნულმა გრანდმა კი სეზონი ძალიან სუსტად დაიწყო და 2 გამარჯვებით ბოლო მე-18 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები