Thumbnail

ბოლოდროინდელი ტრადიციით, მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს ჯგუფიდან გასვლაც კი უჭირს - დეშამის გუნდი "ჩემპიონის წყევლას", უდიდესი ალბათობით, დაამსხვრევს. მიუხედავად იმისა, რომ დიდიეს მუნდიალამდე ბევრი ვარსკვლავი დაემტვრა, გუნდში მაინც ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავს, რომელთაგანაც დიდი საფრთხე მოდის. არც ის დაგვავიწყდეს, რომ საფრანგეთმა ავსტრალიასთან თამაში შეატრიალა...

ალ ვაკრაში D ჯგუფის პირველი ტურის მატჩში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი ავსტრალიას დაუპირისპირდა და იოლად დაამარცხა - 4:1.

ადრიენ რაბიოს გოლი პლუს პასი

დიდიე დეშამმა საკმაოდ შემტევი შემადგენლობა დაასახელა, სასტარტოში მოხვდნენ დემბელეც, ჟირუც, მბაპეც და გრიზმანიც. მე-9 წუთზე მეტიუ ლეკიმ, ცოტა არ იყოს, წესების დარღვევით, მარჯვენა ფლანგზე ლუკა ერნანდესი ჩამოიტოვა და კრეიგ გუდვინს ჩაუწოდა, ადელაიდა იუნაიტედის 30 წლის ფორვარდმა ანგარიში გახსნა - 1:0. ლუკამ თამაში ვეღარ გააგრძელა, ის ძმამ, თეო ერნანდესმა შეცვალა. 

10 წუთში დაცვის შეცდომის შემდეგ მიტჩელ დიუკს გოლის გატანის შანსი ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმული ოდნავ აცდა კარს. საფრანგეთმა 27-ე წუთზე გაათანაბრა, თეო ერნანდესის ჩაწოდებულს ადრიენ რაბიო გამოეხმაურა. მალევე რაბიოს პასით ოლივიე ჟირუმ საფრანგეთის ნაკრები წინ გაიყვანა - 2:1. ტაიმის ბოლომდე საფრანგეთს კიდევ უფრო წინ გასვლა შეეძლო (მბაპე), თუმცა ავსტრალიასაც შეეძლო გათანაბრება (ირვაინი). 

68-ე წუთზე საფრანგეთი ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა, დემბელეს ჩაწოდებულს თავი კილიან მბაპემ დაუხვედრა. სამ წუთში მისი პასით თავით ამჯერად ჟირუმ გაიტანა - 4:1. 

შეგახსენებთ, რომ ამ ჯგუფის პირველ მატჩში დანიის და ტუნისის ნაკრებებმა უგოლო ფრე ითამაშეს - 0:0. 26 ნოემბერს საფრანგეთი დანიას ეთამაშება, ხოლო ტუნისი - ავსტრალიას. 

TOP ფეხბურთელი

ოლივიე ჟირუ - ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა, ჯერ ფეხით გაიტანა, მერე - თავით. ასევე ძალიან კარგი იყო ადრიენ რაბიო და კილიან მბაპე. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 წინა სამმა მოქმედმა ჩემპიონმა, მომდევნო მუნდიალი მოგების გარეშე დაიწყო (1 ფრე, 2 მარცხი). საფრანგეთმა ეს "ტრადიცია" შეწყვიტა.

🟠 ბრაიან რობსონმა 1982 წლის მუნდიალზე საფრანგეთს 27-ე წამზე გაუტანა, მას მერე ყველაზე ადრეული გოლი საფრანგეთის კარში სწორედ გუდვინის გოლია (8:23).

🟠 ოლივიე ჟირუ გახდა საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ასაკოვანი მეგოლე მუნდიალზე - 36 წლის და 53 დღის. მან ორი წლით გადაუსწრო ზინედინ ზიდანს.  

🟠 ოლივიე ჟირუმ ნაკრებში 50-ე, მუნდიალებზე კი მეორე გოლი გაიტანა. მან ეს 8-წლიანი პაუზის მერე შეძლო. მატჩში მე-2 გოლით კი ის საფრანგეთის ყველა დროის ბომბარდირებში ტიერი ანრის გაუთანაბრდა (51). 

🟠 კრისტოფ დიუგარის (1998) შემდეგ ადრიენ რაბიო არის პირველი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრებში, რომელსაც მუნდიალის დებიუტში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. 

🟠 1998 წლის მუნდიალის შემდეგ საფრანგეთმა პირველად გაიტანა ორი თავური მუნდიალის მატჩში. 

D ჯგუფი

საფრანგეთი 4:1 ავსტრალია

გოლები: 0:1 გუდვინი (9. ლეკის პასით), 1:1 რაბიო (27. თ. ერნანდესის პასით), 2:1 ჟირუ (32. რაბიოს პასით), 3:1 მბაპე (68. დემბელეს პასით), 4:1 ჟირუ (71. მბაპეს პასით)

საფრანგეთი (4-1-2-3): ლორისი - პავარი (89. კუნდე), კონატე, უპამეკანო, ლუკა ერნანდესი (13. თეო ერნანდესი) - ჩუამენი (77. ფოფანა) - გრიზმანი, რაბიო - დემბელე (77. კომანი), ჟირუ (89. ტურამი), მბაპე 

ავსტრალია (4-1-2-3): რაიანი - ატკინსონი (85. დეგენეკი), სუტარი, როულსი, ბეჰიჩი - მუი - მაკგრი (73. მებილი), ირვაინი (85. ბეკასი) - ლეკი, დიუკი (56. კამინგსი), გუდვინი (74. კუოლი).

კომენტარები

ბოლო ამბები