Thumbnail
  • არგენტინის ნაკრებმა თამაშის სრულფასოვანი კონტროლი ვერ შეძლო
  • ლიონელ სკალონის გუნდს პოზიციური შეტევა არ ეხერხება
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლის გაშვება ძვირად ფასობს

როცა მსოფლიოს ჩემპიონობა გინდა, ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა არის "კონტროლი". ანგარიშის კონტროლი, ბურთის კონტროლი, ტემპის, რიტმის, სიტუაციის და თამაშის მსვლელობის კონტროლი. არგენტინამ გუშინ სწორედ თამაშის კონტროლი ვერ შეძლო.

მსოფლიოს ჩემპიონატებს თავისი სივერაგეც აქვთ. მხოლოდ 7 თამაშია და ყველა მატჩს, ყველა გოლს, ყველა მომენტს ოქროს ფასი აქვს. ერთ გოლს შეუძლია, მთელი ტურნირის მსვლელობა შეცვალოს. ეს არაა ეროვნული ჩემპიონატი, როცა ერთ ცუდ შეხვედრას შეგიძლია ხუთთამაშიანი მოგებების სერია მიაყოლო და არც ჩემპიონთა ლიგა, როცა ჯგუფში ექვსი შეხვედრა გაქვს, პლეიოფში კი დაპირისპირება ორრაუნდიანია და შეცდომის გამოსწორების ალბათობაც - უფრო მეტი.

სწორედ ამიტომ, შეხვედრის მსვლელობის სრული კონტროლი განსაკუთრებულად ძვირფასი უნარია. ლეგენდარული ესპანეთი (2008-2012) წლებში სწორედ იმით გამოირჩეოდა, რომ მატჩის სურათის კონტროლი სრულად შეეძლო.

ბევრი ითქვა და დაიწერა საუდელეთა დაცვის მაღალ ხაზზე, მათ ტაქტიკურ გამართულობაზე და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა მათი სრულიად ფანატიკური ბრძოლისუნარიანობა. ამის მიუხედავად, არგენტინამ ის მატჩი წააგო, რომლის წაგების უფლებაც არ ჰქონდა. ასეთ გუნდთან ყველაზე რთული ანგარიშის გახსნაა ხოლმე. არგენტინამ ანგარიში საკმაოდ სადავო პენალტით მალევე გახსნა. ანუ, ყველაფერი ჰქონდა შეხვედრის მსვლელობის სრული კონტროლისათვის. პირველ ტაიმში ეს გამოდიოდა კიდეც - მომენტებს სკალონის გუნდი ქმნიდა, ხოლო საუდელები თავისი ორგანიზაციის და მონდომების მიუხედავად, იმ მსხვერპლად გამოიყურებოდნენ, რომელთა კარში მეორე გოლი მხოლოდ დროის საკითხი უნდა ყოფილიყო.

'არგენტინის გულშემატკივრისთვის ეს უფრო სახიფათო ნიშანია, ვიდრე ის, რომ "ალბისელესტემ" საუდის არაბეთს სამი და ოთხი გოლი ვერ გაუტანა'

საუდის არაბეთს მუნდიალზე მყოფ გუნდებს შორის შესარჩევში, შანსების გამოყენების საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა - 41 პროცენტი. შედარებისთვის, არგენტინა გოლით თავისი შანსების მხოლოდ 14 პროცენტს ასრულებს. ანუ, სტატისტიკურად, საუდელებს გოლის გატანისთვის სულ მცირე მომენტიც სჭირდებათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში არგენტინამ მატჩზე კონტროლი სულ რამდენიმე წუთით დაკარგა და ეს მონაკვეთი მათ ორ გაშვებულ გოლად და ისტორიულ წაგებად დაუჯდათ. როგორც ზემოთ უკვე გითხარით, მსოფლიოს ჩემპიონატი ვერაგი რამეა, არაფერს გპატიობს.

არგენტინის გულშემატკივრისთვის ეს უფრო სახიფათო ნიშანია, ვიდრე ის, რომ მათმა გუნდმა მეტოქეს სამი და ოთხი გოლი ვერ გაუტანა. მუნდიალზე დიდი ანგარიშით მოგება რთულია ხოლმე - გუნდებს შემტევი თამაში არ აქვთ ისეთ სისწრაფეებზე და დინამიზმზე დალაგებული, რომ თუნდაც სუსტ მეტოქეს დიდი ანგარიშით იოლად მოუგო. 1998 წლის მუნდიალზე იყო ასეთი თამაში - არგენტინა-იაპონია. მაშინ ძალიან მაგარმა არგენტინამ იაპონიას ბატისტუტას ელეგანტური გოლით მოუგო. ორი გოლი რომ არაფრიდან გაეშვა, რა მოხდებოდა?! ალბათ ვერც მოიგებდნენ. ამიტომ არის მუნდიალზე, რომ გოლი თუ უაზროდ გაუშვი, მომენტი და მონაკვეთი ხელიდან გაგექცა, შეიძლება ეს საბედისწერო აღმოჩნდეს.

მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი არგენტინას 2.23 ჰქონდა, ანუ არგენტინის მიერ შექმნილი მომენტების ჯამური ფასი ორი გოლის და ცოტა მეტისთვის უნდა ყოფილიყო საკმარისი, საუდის არაბეთის კი - 0.14. ანუ სტატისტიკურად საუდის არაბეთს ამ თამაშით თითქმის 10 თამაში სჭირდებოდა ორი გოლი რომ გაეტანა. თუმცა, როგორც ზემოთ დავწერე, ამ გუნდს მომენტების გოლებად ქცევის ანომალიურად კარგი მაჩვენებელი აქვს და ფეხბურთში სტატისტიკის გარდა ემოციური მომენტუმიც არსებობს. არგენტინამ მეორე ტაიმის დასაწყისში მეტოქეს სწორედ ასეთი მომენტუმი მისცა. მანაც ამის შემდეგ თავისი თავის იწამა, დამატებითი ენერგია მიიღო და ტრიბუნებიც ფაქტორიც იყო. საუდელები, პრაქტიკულად, სახლში თამაშობდნენ. ზოგადად, გულშემატკივრობამ ორივე გუნდის მხრიდან და მოედანზე თავდაუზაგავმა ბრძოლამ ბევრი ემოციით შეხვედრას ნაღდი საფეხბურთო ატმოსფერო შესძინა.

რისი გაკეთება შეეძლო არგენტინას სხვანაირად? ბურთი უფრო მეტი და უკეთ უნდა დაეჭირა, მეტოქე ერბენინებინა, მისი ენერგია და მონდომება გაწბილებით და უიმედობით შეეცვალა და არავითარ შემთხვევაში არ ჰქონდა ასე იოლად გოლების გაშვების უფლება. მუნდიალზე ეს სუიციდია. იგებს ის, ვინც არ უშვებს. ზოგადად, მომეჩვენა, რომ სკალონის გუნდი ზედმეტად ჩქარობდა და ზედმეტად ვერტიკალურად თამაშობდა. ანუ ჩქარობდა, რომ საუდელთა ზურგს უკან დარჩენილი სივრცეები ერთი კარგი პასით ეპოვნა. ეს სიჩქარე თამაშგარეებად ითარგმნებოდა.

არადა, ამ დროს უფრო ჰორიზონტალურად თამაში, ექსტრაპასი, მეტოქის დაცვის ხაზიდან გამოტყუების უნარი და ლოდინი უფრო მეტად ფასობს. მარტივად რომ ვთქვათ, ესპანურად თამაში.

პირველი გოლიც ასე გავიდა. მოედნის ცენტრში ბურთი იმიტომ დაიკარგა, რომ არგენტინას დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადასვლა უნდოდა, თუმცა მესიმ დაკარგა და სანაცვლოდ თავად სკალონის გუნდმა მიიღო კონტრშეტევა. სახასიათო იყო, რომ არგენტინა მეტოქის კომპაქტურ და გადატვირთულ ცენტრს დაახლოებით ისევე ხშირად უტევდა, როგორც ფლანგებს. სამივე ამ მიმართულებას თანაბარი, დაახლოებით 35-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა.

'მესის როლი გუნდში იდეალურ შემთხვევაში უფრო 2006 წლის ზიდანის მსგავსი უნდა იყოს. მისგან მარადონა 1986-ს ან ბაჯო 1994-ს არც უნდა ველოდოთ'

ზოგადად, სკალონის არგენტინა უფრო ნულზე თამაშით და არგაშვებით ფასობს. მისი მთავარი ძალა სწორედ ეს არის. შეტევაში არგენტინას უფრო კონტრშეტევა ეხერხება, როცა შემტევ სამეულს სივრცე აქვს და მეტოქეს მცირე ძალებით სივრცეში უტევს. სკალონის არც სკამზე ჰყავს მათი ადეკვატური შემცვლელები და, მაგალითად, დიდი მძიმე ფორვარდი საერთოდ არ ჰყავს.

სხვა ფაქტორიცაა: დი მარიას და პარედესს ტრავმების გამო ამ სეზონში თითქმის არ უთამაშიათ და ფორმაში არ არიან. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა. ჯოვანი ლო სელსოს, რომელიც გუნდს ტრავმის გამო აკლია, შესარჩევში, მესის მერე ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ჰქონდა. პაპუ გომესი თუნდაც სტილით მისი ადეკვატური შემცვლელი ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება ლეო მესის: გულუბრყვილობა იქნება იმის მოლოდინი, რომ მესიმ ეს ტურნირი შეიძლება მარტომ მოიგოს. ჯერ ერთი, ასეთი რაღაცები ფეხბურთში თითქმის არ ხდება და მეორეც: ლეო იმ ასაკშია, როცა ეს გამორიცხულია. ბოლო ორი სეზონის მესის ასაკი უკვე ეტყობა. ამიტომ, მისი როლი და ფუნქცია გუნდში იდეალურ შემთხვევაში უფრო 2006 წლის ზიდანის მსგავსი უნდა იყოს, ვიდრე მისგან მარადონა 1986-ს, ბაჯო 1994-ს ან რონალდო 2002-ს ველოდოთ. ეს არ მოხდება.

ფორმაში არმყოფი დი მარია ბევრმა გააკრიტიკა. სკამზე რომ სკალონის ბევრი ოპცია არ აქვს, ესეც ვთქვით. გამორჩეულად ცუდი იყო ლაუტარო მარტინესი. არგენტინას ბევრი სახიფათო პასი და ჩაწოდება ჰქონდა, რომელიც ლაუტარომ დარტყმად და მომენტად ვერცერთხელ ვერ აქცია. მან შეხვედრა მხოლოდ 14 პასით დაასრულა, ანუ თავის პოზიციაზე იყო გაჭედილი, უკან არ ჩამოდიოდა და თამაშში მონაწილეობას ნაკლებად იღებდა.

ზოგადად, ამ ‘ალბისელესტეს’ პირველ ნომრად, პოზიციურ შეტევაში თამაში უჭირს. ამისი არცთუ ისე ბევრი იარაღი აქვს. ამიტომ, თუ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა უნდა, არ უნდა გაუშვას. სკალონიმ 1:0-ის გუნდი ააშენა.

ახლა, სკალონის გუნდს რთული გამოცდა ელის. გუშინ პოლონეთთან გამოჩნდა, რომ მექსიკა ძალიან კარგი გუნდია. პოლონეთს კი დაცვაში დგომა და ბრძოლა ეხერხება. მასიური, ათლეტური და აგრესიული გუნდია. არგენტინას მოსაგებად პირველ ნომრად თამაში მოუწევს. არადა, ეს მათთვის საყვარელი სცენარი ნამდვილად არ არის. ჯგუფიდან გასვლა თუ შეძლო, ეს თამაში მერე უფრო შეიძლება. იქამდე ‘ალბისელესტეს’ ძალიან გაუჭირდება.

თანაც, მექსიკას სამხრეთამერიკული გრანდების საერთოდ არ ეშინია. მომდევნო ტურში არგენტინა-მექსიკა დიდი ომი იქნება - ალბათ ჯგუფების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა და სანახაობა.

კომენტარები

ბოლო ამბები