- ფინიქს სანსი 115:105 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
- კალიფორნიული გუნდის ცენტრი NBA-ს ისტორიაში შევიდა
- სანსი დასავლეთ კონფერენციის ლიდერია
ენტონი დევისმა ფინიქს სანსის წინააღმდეგ ფენომენალური შეხვედრა ჩაატარა. ლეიკერსის ცენტრმა 37 ქულა, 21 მოხსნა, 5 ჩაჭრა, 5 დაფარება და 2 პასი გააკეთა, მაგრამ მისი ბრწყინვალე თამაში გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
კალიფორნიული გუნდი დასავლეთ კონფერენციის ლიდერს, ფინიქს სანსს ესტუმრა, რომელიც კრის პოლის გარეშე თამაშობდა. მატჩის პირველი ტაიმი “ელეის” გამარჯვებით დასრულდა, დევისი და კომპანია დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, მაგრამ მეორე ნახევარში სანსი უკეთესი პროცენტით უტევდა, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. ფინიქსმა რთული და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო.
მასპინძლებიდან ტრადიციულად კარგად დევინ ბუკერმა ითამაშა, რომელმაც 25 ქულას 4 მოხსნა და 5 პასი მიამატა. 25 ქულა ჰქონდა ასევე მიკალ ბრიჯისს, ხოლო დეანდრე ეიტონმა თავი ორმაგი დუბლით გამოიჩინა - 14 ქულა და 15 მოხსნა.
ლეიკერსის რიგებში, დევისის გარდა, ქულებს ლონი უოლკერი (24 ქულა) და რასელ ვესტბრუკი (21 ქულა) აგროვებდნენ. ზედიზედ მეხუთე შეხვერდაში მონაწილეობა არ მიუღია ლებრონ ჯეიმსს, რომელსაც ტრავმა აწუხებს. "მეფე" სავარაუდოდ სან ანტონიოს წინააღმდეგ 26 ნოემბერს დაბრუნდება.
ცალკე უნდა ვთქვათ ენტონი დევისის შესახებ: AD ლეიკერსის ისტორიაში მესამე კალათბურთელია, რომელმაც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში 30+ ქულა და 15+ მოხსნა დააგროვა, იგი ელჯინ ბეილორსა და შაკილ ო’ნილს შეუერთდა, რომლებმაც მსგავსი შედეგი შვიდ შეხვედრაში დააფიქსირეს.
დევისის თამაში გამორჩეული იმითაცაა, რომ იგი NBA-ს ისტორიაში ერთადერთი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ერთ შეხვედრაში 35+ ქულა, 20+ მოხსნა, 5+ ჩაჭრა და 4+ დაფარება შეასრულა. შეგახსენებთ, ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში ჩაჭრებისა და დაფარებების სტატისტიკას 1973 წლიდან ითვლიან.
კალიფორნიელების ბალანსი ამ წაგების შემდეგ 5-11-ზეა, ისინი დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან და მათი პლეი ოფში გასვლის შანსები ძალიან მცირდება, ხოლო სანსი 11-6 ბალანსით ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია...
კომენტარები