Thumbnail
  • ახალგაზრდა ქართველი ცენტრი 2022 Hall of Fame Classic-ის ჩემპიონი გახდა
  • სარეკორდო თამაში ჰქონდა ბუკა ფეიქრიშვილს, ავალიანმა 14 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა

ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელთაგან აშშ-ს კოლეჯთა ლიგის (NCAA) ყველაზე რეიტინგულ გუნდში საბა გიგიბერია თამაშობს და ჯერჯერობით, სან ფრანცისკო დონსს ჩინებული შედეგებიც აქვს.

21 წლისა და 2.16 მეტრი სიმაღლის მქონე ქართველი ცენტრის გუნდმა სეზონის სტარტზე ზედიზედ მე-6 გამარჯვება იზეიმა, საბამ კი ისევ სასტარტო ხუთეულში ითამაშა.

სან ფრანცისკოელები ამჯერად კანზასს სტუმრობდნენ და ადგილობრივ ვიჩიტა სტეიტ შოკერსს 67:63 სძლიეს. გიგიბერიამ მოედანზე 12 წუთი გაატარა და 3 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

საბამ ორქულიანი ჩააგდო და ზედ ენდ ვანიც წაამატა, კიდევ 2 ორქულიანი და სამქულიანი კი ააცილა, ამას გარდა, პასივში თითო დაკარგვა და პერსონალური ფოლი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ამ წარმატების წყალობით, სან ფრანცისკომ საგარეო ტურნე წაუგებლად დაასრულა, 2022 Hall of Fame Classic-ის ჩემპიონი გახდა და დაჯილდოვებისას სპეციალური პრიზი ქართველ კალათბურთელსაც ერგო.

დონსს ვესთ ქოუსთის კონფერენციაში მაქსიმალური შედეგი აქვს, მორიგ მატჩს კი 25 ნოემბერს ჩაატარებს დევიდსონ უაილდქეთსთან.

იოლი გამარჯვება იზეიმა ნორს დაკოტა ფაითინგ ჰოუქსმა, რომლის ღირსებასაც ცოტნე ცარციძე იცავს. ქართველი ფორვარდის გუნდმა ვისკონსინ-სტაუტ ბლუ დევილსი 92:61 გაანადგურა, ცარციძემ კი 12 წუთში 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი), 2 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ნორს დაკოტა 25 ნოემბერს იუტა ტექ ტრეილბლეიზერსს ეთამაშება.

ცოტნე ცარციძე ამჯერად 4 ქულას დასჯერდა

ვლადიმერ სალარიძის რივერსაიდ ჰაილენდერსმა რაიტ სტეიტ რეიდერსს 70:65 სძლია, ქართველმა ლეგიონერმა კი მხოლოდ 5 წუთი ითამაშა, თუმცა, უქულოდ არ დარჩენილა. სალარიძემ ორქულიანი ჩააგდო, პასივში კი 1 დაკარგვა და 2 ჯარიმა ჰქონდა. რივერსაიდი 24 ნოემბერს ებილეინ კრისტიან უაილდქეთსს გაეჯიბრება.

NCAA-ს II დივიზიონში ბუკა ფეიქრიშვილის ამერიკის საერთაშორისო კოლეჯმა (AIC) ასუმპშენს 78:76 სძლია, ქართველმა ფორვარდმა კი მისთვის სარეკორდო 34 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 პასი მოაგროვა. ფეიქრიშვილმა 2-ვე ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, დაკარგვა და ფოლი კი არ ჰქონია. AIC-მა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა, შემდეგი მატჩი კი 27 ნოემბერს ქუინსთან ელის.

ბუკა ფეიქრიშვილმა მოედანზე მისთვის სარეკორდო დრო გაატარა

დიდი ანგარიშით წააგო როკჰარსტმა, რომლის რიგებშიც დავით კაკუშაძე და დავით აბულაძე ირიცხებიან. ქართველი ლეგიონერების გუნდი მისური ვესტერნთან 46:82 დამარცხდა, ჩვენებურებს კი თანაბარი დრო – 17-17 წუთი მიეცათ.

კაკუშაძე სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა, უქულოდ დარჩა: ექვსივე სროლა ააცილა და აქტივში მხოლოდ 2 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა. აბულაძემ თითო ორქულიანი და სამქულიანი გამოიყენა დ 5 ქულას 1 მოხსნა და 2 პასი წაამატა. როკჰარსტი 28 ნოემბერს მერივილის უნივერსიტეტს ეთამაშება.

ლუკა ავალიანის სევანი ტაიგერსმა ბრევარდს 87:82 სძლია, ქართველი უკანახაზელი კი ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 33 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ლუკამ 8-დან 6 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, თუმცა, 8 დაკარგვაც ჰქონდა. სევანიმ ზედიზედ მესამედ იმარჯვა, მომდევნო თამაშს კი 27 ნოემბერს ბერეასთან ჩაატარებს.

ქალთა კოლეჯთა ლიგის ელიტაში ნატალია ოთხმეზურის აიონა ბაკნელთან 52:55 დამარცხდა. ნატალიამ 27 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები