Thumbnail

გიორგი ბეჟანიშვილის კოლეჯ პარკ სკაიჰოუკსმა NBA-ს G ლიგის მორიგ მატჩში ვესტჩესტერ ნიკსს 110:108 სძლია და ორიოდ დღის წინ განცდილი მარცხისთვის (97:105) რევანში აიღო.

გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა კალათბურთელმაც შეიტანა. მან მოედანზე 22 წუთი გაატარა და 10 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

ბეჟანიშვილმა 5-დან 4 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო (G ლიგაში რიგ შემთხვევებში, პირველი ჯარიმა ორ ქულად ითვლება) ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, პასივში კი 2 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგის მოედანზე ყოფნის პერიოდში სკაიჰოუკსმა მეტოქეზე 13 ქულით მეტი ჩააგდო და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

სათქმელია ისიც, რომ კოლეჯ პარკმა გადამწყვეტი შეტევა ზედ ბოლო წამზე განახორციელა: საფინალო სირენამდე 0.4 წამით ადრე ბრენდომ უილიამსმა რთული სამქულიანი ჩააგდო.

სკაიჰოუკსს 4 მოგება და 3 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ დივიზიონში მე-3 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 ნოემბერს ქეფითალ სიტი გოუ-გოუსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები