Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშებს უჩვეულოდ ბევრი დრო ემატება
  • ეს შემთხვევითობა არ არის, მსაჯებს ასეთი დირექტივა აქვთ
  • შეიძლება, მალე ფეხბურთში რევოლუციური ცვლილება მოხდეს

მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ პირველი ტური არ დამთავრებულა, მაგრამ უკვე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მსაჯების ახალმა დირექტივამ, რომლის მიხედვითაც ისინი მატჩების, როგორც პირველ, ისე მეორე ტაიმებს უჩვეულოდ ბევრ დროს ამატებენ.

ფიფას სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა პიერლუიჯი კოლინამ პირდაპირ თქვა, რომ ეს მათი დირექტივაა, რათა სუფთა სათამაშო დრო მაქსიმალურად ანაზღაურდეს: "გვინდა, თავიდან ავიცილოთ ის ფაქტი, რომ სუფთა სათამაშო დრო 42-43 წუთი გამოდის, ეს მიუღებელია. წარმოიდგინეთ, ტაიმში 2 ან 3 გოლი რომ გავიდეს, მხოლოდ მის აღნიშვნაში 4-5 წუთი იკარგება. ამიტომ, ეს დრო უნდა ანაზღაურდეს და მსაჯებს ვურჩიეთ, რომ ძალიან ზუსტად გამოთვალონ თითოეულ ტაიმზე დასამატებელი დრო", - აღნიშნა იტალიელმა.

როგორც "გაძეტა დელო სპორტი" წერს, ამ ინოვაციას მალე სხვა ტურნირებზეც გადაიღებენ და აკონკრეტებს, რომ იტალიის სერია A-შიც, როდესაც სეზონი განახლდება, მსაჯები ასე იხელმძღვანელებენ.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. ვარაუდობენ, რომ ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ ფეხბურთში წესები გარკვეულწილად შეიცვალოს და ე.წ. სუფთა სათამაშო დრო დამკვიდრდეს. ჯერჯერობით დეტალები უცნობია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ თითოეული ტაიმისთვის 30 წუთი გამოიყოფა და თამაშის ყოველ შეჩერებაზე, ტაიმერი გაჩერდება, რაც იმას გამოიწვევს, რომ სათამაშო დრო აღარ დაიკარგება. თუ ეს მოხდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რევოლუციური ცვლილება იქნება.

ერთიც ვთქვათ: სტატისტიკით გაირკვა, რომ 4 წლის წინ, რუსეთში გამართულ მუნდიალზე მატჩის ხანგრძლივობა საშუალოდ 97 წუთს შეადგენდა, ხოლო სუფთა სათამაშო დრო 55 წუთს. მიმდინარე მუნდიალზე მატჩის ხანგრძლივობა 106 წუთამდე გაიზარდა, მაგრამ არ შეცვლილა სუფთა სათამაშო დრო, რომელიც ისევ 55 წუთია.

კომენტარები

ბოლო ამბები