Thumbnail

Onrugby: საქართველოს მსოფლიო თასის წინ ოლ ბლექსთან თამაში სურს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ქართული რაგბის ბოლოდროინდელ წარმატებებს იტალიური ვებ-გვერდი Onrugby გამოეხმაურა და რამდენიმე საინტერესო სიახლეზე დაწერა. მათგან ყველაზე საყურადღებო ისაა, რომ იტალიელთა ინფორმაციით, საქართველოს რაგბის კავშირი ახალზელანდიურ ოლ ბლექსთან ტესტ-მატჩის ჩატარებაზე მუშაობს. აი, სტატიაც:

“იტალიასთანა და უელსთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვებების შემდეგ, ქართველები სერიოზულად ფიქრობენ იმაზე, რომ უმაღლეს სარაგბო დონეზე კიდევ უფრო მყარად დამკვიდრდნენ. ნათელია, რომ საქართველოს რაგბის კავშირის მთავარი მიზანი ექვსი ერისკენ მიმავალი გზაზე წარმატების მიღწევაა, თუმცა, მანამდე საუბარი სხვა ნაბიჯებზეცაა.

მაგალითად, გაჩნდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის წინ საქართველოს ნაკრებს ტესტ მატჩის გამართვა ახალ ზელანდიასთან სურს.

2 თვის წინ საქართველოს მსოფლიო რაგბის დელეგაცია სტუმრობდა თავმჯდომარის ბილ ბომონტის ხელმძღვანელობით, იქ კი მას 6 ადამიანისგან შემდგარი საკონსულტაციო საბჭო დახვდა, რომელშიც ლეგენდარული მამუკა გორგოძეს იმყოფებოდა. ამავდროულად, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე ინგლისის რაგბის კავშირის აღმასრულებელ დირექტორ ბილ სვინისთან შეხვედრას გეგმავს, რათა რამდენიმე საინტერესო საკითხი განიხილოს.

“დიახ, მინდა მას შევხვდე და მისი რჩევები მოვისმინო. გვსურს ინგლისურ კლუბებთან მჭიდრო კავშირი გვქონდეს. ამჟამად, მათ პრემიერლიგაში მხოლოდ ერთი მორაგბე გვყავს. ლელო-სარასენსს ინგლისურ სარასენსთან პირდაპირი კონტაქტები ჰქონდა, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებები გამო, ეს კავშირები დაიკარგა. ბილს უნდა ვკითხო, ამ ურთიერთობის აღდგენა თუ შეიძლება”.

რაც შეეხება ექვს ერში მიღებას, ტყემალაძის კომენტარი ასეთია: “ერთი ან ორი ხმაურიანი გამარჯვება ვერაფერს გადაწყვეტს. კიდევ უფრო ბევრი უნდა ვიმუშავოთ, რათა ყველას ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია. თუკი ექვსი ერის კარი გაიღება, მზად ვართ. ვიცი, რომ ისინი თვალს გვადევნებენ, ამდენად, ეკონომიკური კუთხითაც წინ უნდა ვიაროთ, რომ სტაბილურობას მივაღწიოთ”.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ექვს ერში სამხრეთაფრიკელების შესაძლო ჩართვა კარგად ვერ იქნება აღქმული. “თუკი ჩვენს ნაცვლად ისინი მიიწვიეს, ამას რეაქცია აუცილებლად მოჰყვება”.

გარდა ამისა, The Times იუწყება, რომ შესაძლოა გარკვეული სიახლეები ვიხილოთ პირველ ქართულ ფრენჩაიზ შავ ლომთან დაკავშირებით. საუბარია გუნდის ჩელენჯ ქაფში ანაც United Rugby Championship-ში ჩართვაზე”.

ბექა წიკლაურმა 2015 წელს ზელანდიელებს დაუვიწყარი ლელო გაუტანა

შეგახსენებთ, რომ საქართველოს და ახალი ზელანდიის სარაგბო ნაკრებებს ერთადერთხელ - 2015 წლის მსოფლიო თასზე უთამაშიათ და მაშინ ოლ ბლექსმა 43:10 მოიგო. იმ მატჩში ბექა წიკლაურმა დაუვიწყარი ლელო გაიტანა, მატჩის საუკეთესო მორაგბედ კი მამუკა გორგოძე დაასახელეს, რაც უდიდესი აღიარება გახლდათ.

“ბორჯღალოსნებმა” ნოემბრის ტესტები ურუგვაისთან მოგებით (34:18) გახსნეს, ამას თბილისშივე სამოასთან მარცხი (19:20) მოჰყვა, ბოლო მატჩში კი, საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი სენსაცია დააფიქსირა და კარდიფში უელსის უძლიერეს გუნდს 13:12 სძლია. ამ გამარჯვებაზე ევროპულ პრესაში დღემდე ბევრი იწერება.

კომენტარები

ბოლო ამბები