Thumbnail
  • გერმანია 1:2 იაპონია | გოლები: 1:0 გიუნდოგანი (33. პენ), 1:1 დოანი (75), 1:2 ასანო (83)
  • მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი სენსაცია დაფიქსირდა

მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი დიდი სენსაცია მოხდა - იაპონიამ გერმანიას მოუგო!

გერმანიის ნაკრებს ბოლო წლებში საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას: ჯერ 2018 წლის მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩა და თავი შეირცხვინა, მერე ვერც ევრო 2020-ზე ითამაშა კარგად, ახლა კი მუნდიალიც ისეთი წაგებით დაიწყო, რომ ჯგუფიდან გასვლის საკითხი ძალიან გაირთულა. ამ ჯგუფში ესპანეთის ნაკრებიცაა. ამდენად, იაპონიასთან უქულოდ დარჩენა, შეიძლება "ბუნდესნაკრებს" ძვირი დაუჯდეს.

ჰანსი ფლიკმა 4-2-3-1 სათამაშო სქემა აირჩია. ტრავმირებული ლერიო სანე სერჟ გნაბრიმ შეცვალა. დაცვის ცენტრში ძირითადში იყო დორტმუნდის 22 წლის მცველი ნიკო შლოტერბეკი, ხოლო გამოკვეთილი ფორვარდის პოზიციაზე კაი ჰავერტცი მოქმედებდა. საყრდენ ზონაში იოზუა კიმიხს ილქაი გიუნდოგანი შეუწყვილდა და თადარიგში დარჩა ლეონ გორეტცკა, რაც მოულოდნელობა იყო.

იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰაჯიმე მორიასუმაც იდენტური სქემა აირჩია და დაცვის ფლანგებზე გამოცდილებას დაეყრდნო - იუტო ნაგატომო მარცხნივ და ჰიროკი საკაი მარჯვნივ. აღსანიშნავია, რომ აზიელთა ძირითადში 5 ისეთი ფეხბურთელი იყო, რომლებიც გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშობენ.

იაპონის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

გერმანიის ნაკრები კლასით იაპონიაზე გაცილებით მაღალი დონის გუნდია და ეს თამაშსაც დაეტყო, რომელშიც დომინანტი იყო, მაგრამ საგოლე მომენტებს ვერ იყენებდა. განსაკუთრებით გამორჩეული ჯამალ მუსიალა გახლდათ, რომელიც მხოლოდ 19 წლისაა, მაგრამ უკვე დიდი კლასის მოთამაშეა. იაპონელთა დაცვაში არაერთხელ დიდი სივრცე გაჩნდა, რითაც "ბუნდესნაკრებმა" 32-ე წუთზე ისარგებლა. დავიდ რაუმმა მეტოქის მარჯვენა ფლანგზე თავისუფალი ზონა აითვისა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ილქაი გიუნდოგანმა გოლად აქცია. პირველ ტაიმში ეს ერთადერთი გოლი გავიდა და გერმანია დამსახურებულად იგებდა.

მეორე ტაიმში იაპონია ოდნავ გააქტიურდა, თუმცა, საქმე კარში დარტყმამდე ვერაფრით მიჰყავდა, რადგან გერმანელთა დაცვაში ანტონიო რიუდიგერი ძალიან მაგრად თამაშობდა. მეორე ნახევრის შუაში გერმანელებს ერთ მომენტში 4-ჯერ მიეცათ საგოლე შანსი, მაგრამ ოთხივე დარტყმა აზიელთა მეკარე სუიჩი გონდამ მოიგერია. 73-ე წუთზე კი იაპონიას რეალური შანსი ჰქონდა: ჯუნია იტოს ურთულესი დარტყმა მანუელ ნოიერმა მოიგერია, დამატებაზე კი დაუცველ კარს ჰიროკი საკაიმ ააცილა. ეს განგაშის ზარი უნდა ყოფილიყო ფლიკის გუნდისთვის, რაც სათანადოდ ვერ გაითვალისწინეს, რადგან სამ წუთში იაპონიის ნაკრებმა ანგარიში მაინც გაათანაბრა. ნოიერმა ამჯერად არადამაჯერებლად იმოქმედა, ბურთი პირდაპირ წინ მოიგერია და რიცუ დოანმა ცარიელ კარში გაიტანა.

რიცუ დოანის გოლი ნოიერის კარში

აშკარა იყო, რომ გერმანიის ნაკრები მოიშალა და სათამაშო მექანიზმი დაირღვა. 9 წუთის მერე კი ბუნდესგუნდმა მეორე გოლიც გაუშვა. შლოტერბეკს ტაკუმა ასანო გაექცა და ბოხუმის ფორვარდმა ნოიერს მახვილი კუთხიდან გაუტანა. დემორალიზებულმა გერმანიამ თამაში ვეღარ გადაარჩინა და მუნდიალი კოშმარული მარცხით დაიწყო.

E ჯგუფში მეორე ტურის მატჩები 27 ნოემბერს გაიმართება, როდესაც იაპონია კოსტა რიკას შეხვდება, ხოლო მთავარი დაპირისპირება ცხადია, გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის შედგება.

TOP ფეხბურთელი

ჩვენი აზრით ამ წოდებას იაპონიის ნაკრების მეკარე სუიჩი გონდა იმსახურებს, მიუხედავად იმისა, რომ პენალტი მისი მხრიდან თამაშის წესების დარღვევისთვის დაინიშნა. 33 წლის კიპერმა თავისი გუნდი 7-ჯერ გადაარჩინა და განსაკუთრებით საკვანძო იყო მისი 4 ‘სეივი’ გერმანელთა ერთ შეტევაში, როცა ანგარიში ჯერ კიდევ 0:1 იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გონდამ მაშინ იაპონია თამაშში დატოვა და ისტორიულ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 იაპონიის ნაკრების განაცხადში 8 ფეხბურთელი წარმოადგენს გერმანულ კლუბს, ხოლო იაპონური კლუბებიდან შემადგენლობაში სულ 7 ფეხბურთელია.

🟠 ჯამალ მუსიალამ მუნდიალზე პირველ მატჩში 19 წლისა და 270 დღის ასაკში ითამაშა, რითაც 1958 წლის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. მაშინ, კარლ-ჰაინც შნელინგერმა შვედეთის მუნდიალზე 19 წლისა და 72 დღის ასაკში ითამაშა. ზოგადად, მუსიალაზე უფრო ახალგაზრდულ ასაკში გერმანიის ნაკრების მაისურით მუნდიალზე მხოლოდ 4 ფეხბურთელს უთამაშია.

🟠 ილქაი გიუნდოგანმა გერმანიის ნაკრებში მე-7 პენალტი შეასრულა და ყველა ზუსტად.

🟠 იაპონიის ნაკრების ორივე გოლის ავტორი გერმანიაში თამაშობს - რიცუ დოანი ფრაიბურგში და ტაკუმა ასანო ბოხუმში.

🟠 პირველ ტაიმში გერმანიის ნაკრებს 422 ზუსტი პასი ჰქონდა, რაც მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდია (1966 წლის შემდეგ, რაც დეტალური სტატისტიკური ანალიზი დაიწყო).

🟠 გერმანიის ნაკრები ბოლო სამი დიდი ფორუმის (მუნდიალი 2018, ევრო 2020 და მუნდიალი 2022) პირველ ტურში დამარცხდა (მექსიკასთან, საფრანგეთსა და იაპონიასთან).

🟠 გერმანიამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატიდან დაწყებული და ევრო 2020-ის ჩათვლით, დიდ ფორუმებზე ბოლო 8 მატჩში კატასტროფული სტატისტიკა აქვს: 2 მოგება, 1 ფრე და 5 წაგება.

🟠 გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო 21 პენალტიდან 20 გაიტანა. ერთადერთი გამონაკლისი ლუკას პოდოლსკია, რომელმაც 2010 წლის მუნდიალზე სერბეთთან ვერ გამოიყენა პენალტი (სტატისტიკაში შედის თერთმეტმეტრიანების სერიაც).

🟠 მარიო გიოტცემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 3055 დღის შემდეგ პირველად ითამაშა. მანამდე მას მუნდიალზე ბოლო მატჩი 2014 წელს, ფინალში ჰქონდა ჩატარებული, რომელშიც მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა. არცერთ გერმანელ ფეხბურთელს აქამდე ასეთი დიდი დაშორება მსოფლიოს ჩემპიონატის ორ მატჩს შორის არ ჰქონია.

🟠 18 წლისა და 3 დღის ასაკში იუსუფა მუკოკო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც გერმანიის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა და ბოლო 20 წელიწადში ზოგადად, ყველაზე ახალგაზრდა. 2002 წლის 12 ივნისს, ნიგერიელმა ფემი ოპაბუნმიმ ინგლისთან 17 წლისა და 101 დღის ასაკში ითამაშა.

გერმანია 1:2 იაპონია

გოლები: 1:0 გიუნდოგანი (33. პენ), 1:1 დოანი (75), 1:2 ასანო (83)

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი - ზულე, რიუდიგერი, შლოტერბეკი, რაუმი - კიმიხი, გიუნდოგანი (67. გორეტცკა) - გნაბრი (90. მუკოკო), მიულერი (67. ჰოფმანი), მუსიალა (79. გიოტცე) - ჰავერტცი (79. ფიულკრუგი).

იაპონია (4-2-3-1): გონდა - საკაი (75. მინამინო), იტაკურა, იოშიდა, ნაგატომო (57. მიტომა) - ენდო, ტანაკა (72. დოანი) - იტო, კამადა, კუბო (46. ტომისაუ) - მაედა (57. ასანო).

კომენტარები

ბოლო ამბები