Thumbnail

#OneLove სამკლავურების გამო დანია ფიფას ჯგუფურად დატოვებაზე მუშაობს

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • დანიის ფეხბურთის ასოციაცია ფიფას დატოვებას განიხილავს
  • ჩრდილოელები მოლაპარაკებებს სხვა კავშირებთან აწარმოებენ

დანია მზად არის ფიფას ჯგუფური დატოვება იმ ქვეყნების საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად განიხილოს, რომლებიც #OneLove სამკლავურების აკრძალვასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამენ. 

სამკლავურებს აღნიშნული ჰეშთეგით კატარში ადამიანთა უფლებების დარღვევისადმი მიმართული პროტესტის შინაარსი აქვთ და მუნდიალის მატჩებისას მათი ტარება ფიფამ აკრძალა. როგორც დანიის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა იაკუბ იენსენმა განაცხადა, სამკლავურის გაკეთების შემთხვევაში მათი ნაკრების კაპიტანი სიმონ კიაერისთვის უმცირესი სასჯელი ყვითელი ბარათი იქნებოდა.
 
"21 ნოემბერს ინგლისმა ფიფასთან საგანგებო შეხვედრა მოითხოვა და ბრიტანელებს სასტუმროში ეწვივნენ. ფიფას წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამკლავურის გაკეთების გამო კაპიტანი, მინიმუმ, ყვითელ ბარათს მიიღებდა. შეიძლებოდა ის მოედანზე არ შეეშვათ ან ტურნირზე თამაში აეკრძალათ," - აღნიშნა იენსენმა. 

დანიელთა დელეგაციას უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ფიფას მოქმედ პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მომავალ არჩევნებში მხარს არ დაუჭერენ. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიელი ადმინისტრატორი ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაციის მმართველის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატია.

"ფიფაში 211 ქვეყანაა გაწევრიანებული და პრეზიდენტის განცხადებით, მას მხარს 207 წევრი უჭერს. დანია დარჩენილ ოთხს შორის გახლავთ და ასეც დარჩება. ჩვენ ფიფას დატოვებას აქამდეც განვიხილავდით, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები შეგვექნებოდა. თუმცა, ერთი წევრის დატოვებით არაფერი შეიცვლება, საჭიროა მსგავსი ნაბიჯი სხვა ქვეყნის საფეხბურთო კავშირებმაც გადადგან და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ," - განაცხადა დანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა იასპერ მოლერმა. 

დანიის ნაკრებმა კი კატარის მუნდიალზე გამოსვლა ტუნისთან უგოლო მატჩით დაიწყო. ჩრდილოელები მეორე შეხვედრას საფრანგეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ, რომლის დამარცხებაც 2022 წლის ერთა ლიგაზე ორჯერ მოახერხეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები