Thumbnail

კრიშტიანო რონალდო მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი აღარ არის და ჯერჯერობით უკლუბოდაა. 37 წლის პორტუგალიელ ვარსკვლავს, რომელიც ამჟამად თავის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კატარის მუნდიალზე გამოსასვლელად ემზადება, სხვადასხვა კლუბებს აქტიურად უკავშირებენ. 

რონალდოს ტრანსფერის თემას რამდენიმე კლუბი ხუმრობითაც გამოეხმაურა. მაგალითად ინგლისის რანგით მეოთხე დივიზიონის კლუბმა ქრიუმ სოციალურ ქსელში ასეთი განცხადება გაავრცელა:

"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ კლუბმა ოფიციალური მოთხოვნა გააკეთა თავისუფალი აგენტის კრიშტიანო რონალდოს ერთი წლით დამატებაზე. თუკი კრიშტიანო მიიღებს წინადადებას, ის ყველაზე მაღალაანაზღაურებადი მოთამაშე გახდება ქრიუში, კვირაში 35 ფუნტით".

რონალდოს თემაზე იხუმრა ინგლისის რანგით მერვე დივიზიონის ეშტონ იუნაიტედმაც, რომელმაც დაწერა:

"სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, ვადასტურებთ, რომ არც გვიცდია და არც შევეცდებით კრიშტიანო რონალდოს დამატებას, მისი მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ. კლუბი მეტ კომენტარს არ გააკეთებს".

CR7-თან დაკავშირებით კიდევ უფრო საინტერესო ხუმრობა მოიფიქრა ლუკა ლოჩოშვილის კრემონეზემ. იტალიურმა კლუბმა სოციალურ ქსელში ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, თითქოსდა, ბომბა-ტრანსფერი დააანონსა. ოღონდ, ამ შემთხვევაში CR კრემონეზეს აღნიშნავს, ციფრი 7 კი ამ გუნდის ქულების რაოდენობაა მიმდინარე სერია A-ში.

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რეიტინგი გავაუმჯობესოთ. ეს არის მიზანი, რომლის მიღწევაც ძალიან გვსურს. წინ, კრემონა!", - წერია კლუბის ტვიტერზე.

კომენტარები

ბოლო ამბები