Thumbnail

როცა ბურთს 80%-ით და მეტით აკონტროლებ და მეტოქე აშკარად სუსტია, კარში კი არა, კარისკენაც ვერ ურტყამს, სხვანაირად შეუძლებელია მოხდეს - კატარის მუნდიალის პირველი "ცალკარა" ესპანეთის ნაკრებმა ძალიან იოლად მოიგო - 7:0. ლუის ენრიკეს გუნდის ტრიუმფული სტარტი, რამდენად მეტყველებს ამ გუნდის სიძლიერეზე მეორე ტურში უფრო გამოჩნდება, თუმცა დასაწყისი შთამბეჭდავია. 

გავიმ ნაკრების რამდენიმე რეკორდი დაამყარა

ლუის ენრიკემ როდრის დაცვის ცენტრში დაააყენა, ასენსიო კი - ცრუ-ცენტრფორვარდად, შუახაზი კი გამოცდილ ბუსკეტსთან ერთად ორ ნიჭიერ ახალგაზრდას, გავის და პედრის მიანდო. დაიწყო თამაში და ცხადი გახდა, რომ "ფურია როხა" მეტოქეს ბურთს საერთოდ არ დაუთმობდა. პირველ ნახევარ საათში უკვე მატჩის ბედიც გადაწყდა - გავის პასის შემდეგ დანი ოლმომ ანგარიში გახსნა, რასაც ასენსიომ მეორე დაუმატა, ბოლოს კი ფერან ტორესმა თეთრმეტმეტრიანი შეასრულა - 3:0. ლუის ენრიკეს გუნდი მხოლოდ ამის შემდეგ მოეშვა, ბურთს ისევ აკონტროლებდა, თუმცა თამაშს ნაკლებად ამწვავებდა.

მეორე ტაიმი დაიწყო და მალევე ფერან ტორესმა დუბლი შეასრულა, რასაც მისი შეცვლა მოჰყვა - ლუის ენრიკე უკვე გერმანიასთან მატჩზე ფიქრობდა. მართალია, ესპანეთმა მუნდიალების რეკორდი (9:0) ვერ გაიმეორა, მაგრამ 7:0-ც ძალიან შთამბეჭდავი შედეგია მეტოქის სისუსტის მიუხედავად.  

"ფურია როხამ" 17-ჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, კარში 7 წავიდა და ყველა გავიდა, კეილორ ნავასს ერთი "სეივიც" არ ჰქონია. თავის მხრივ, კოსტა რიკამ ერთხელაც ვერ დაარტყა მეტოქის კარისკენ. 

E ჯგუფის მე-2 ტურის მატჩები 27 ნოემბერს გაიმართება, პირველ ტურში სენსაციის ავტორი იაპონია კოსტა რიკას შეხვდება, ხოლო ესპანეთი - გერმანიას. 

TOP ფეხბურთელი

ფერან ტორესი - დუბლი შესასრულებლად არასრული საათი დასჭირდა. ასევე აღსანიშნავია თინეიჯერი გავის სუპერთამაში. ასე რომ, ტოპფეხბურთელად ორივე მათგანს ვასახელებთ. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

🟠 I ტაიმში სამი გოლი ესპანეთის ნაკრებმა მუნდიალზე მეორედ გაიტანა, პირველად ეს ბრაზილიასთან შეხვედრაში (1934) მოხდა. 

🟠 დანი ოლმოს გოლი მე-100-ეა ესპანეთის ნაკრებისთვის მუნდიალებზე. "როხა" მხოლოდ მე-6 გუნდია, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია ბრაზილიის (229 გოლი), გერმანიის (227), არგენტინის (138), იტალიის (128) და საფრანგეთის (124) შემდეგ. 

🟠 პაბლო გავი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ესპანეთის ნაკრებში დიდ ტურნირებში ითამაშა და გოლი გაიტანა - 18 წლისა და 110 დღის. 

🟠 1962 წლის შემდეგ პირველად, მუნდიალის მატჩის სასტარტოში გუნდმა ორი თინეიჯერი ათამაშა - გავი და პედრი. 

🟠 დღეს გერმანიამ ესპანეთის ნაკრების რეკორდი (2018) მოხსნა - ყველაზე მეტი ზუსტი პასი პირველ ტაიმში - 422, თუმცა გერმანიის რეკორდმა მხოლოდ სამი საათი გაქაჩა - 537 ზუსტი პასი კოსტა რიკასთან პირველ ტაიმში. 

🟠 ფერან ტორესი მესამე ესპანელი ფეხბურთელია, ვინც მუნდიალის სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა ხოსე ირაგორის (1934) და დავიდ ვილიას (2006) შემდეგ. 

E ჯგუფი

ესპანეთი 7:0 კოსტა რიკა

გოლები: 1:0 ოლმო (11), 2:0 ასენსიო (21. ალბას პასით), 3:0 ფ. ტორესი (31-პენალტი), 4:0 ფ. ტორესი (54), 5:0 გავი (74. მორატას პასით), 6:0 სოლერი (90), 7:0 მორატა (92. ოლმოს პასით)

ესპანეთი (4-1-2-3): სიმონი - ასპილიკუეტა, როდრი, ლაპორტი, ალბა (64. ბალდე) - ბუსკეტსი (64. კოკე) - გავი, პედრი (57. სოლერი) - ფ. ტორესი (57. მორატა), ასენსიო (69. ნ. ვილიამსი), ოლმო

კოსტა რიკა (4-4-2): ნავასი - მარტინესი (46. ვასტონი), დუარტე, კალვო, ოვიედო (82. მატარიტა) - ფულერ სპენსი, ბორხესი (72. აგილერა), ტეხედა, ბენეტე (61. რუისი) - კემპბელი, კონტრერასი (61. ზამორა)

კომენტარები

ბოლო ამბები